reportiori.ge - ჰოლანდიის სამეფოს არქივში მე-18 საუკუნის საქართველოს ორი რუკა აღმოაჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:01
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ჰოლანდიის სამეფოს არქივში მე-18 საუკუნის საქართველოს ორი რუკა აღმოაჩინეს
ავტორი:
13 მაისი, 2014. 16:40

 

 

 

აღმოჩენილი ორი წერილი მიგვანიშნებს, რომ ჩვენ, ქართველებს, დასავლური ორიენტაცია გვქონდა და დასავლეთისკენ მივისწრაფვოდით მუდმივად. ჩვენი კონტაქტები და ინტერესი, რომელიც გვაქვს, შიშველ ადგილზე არ აღმოცენებულა. ამ სწრაფვას საუკუნოვანი, ძლიერი ფუნდამენტი აქვს, რისი ერთ-ერთი დადასტურებაა ნიკოლას ვიტსენი.

 

ნიდერლანდების სამეფოს არქივში აღმოჩენილ იქნა ორი რუკა და ორი წერილი. აღმოჩენა საქართველოსთანაა დაკავშირებული. წერილები საქართველოს მეფეს არჩილს ეკუთვნის, რომელიც ფრანგულ და ლათინურ ენებზეა შესრულებული. არჩილ მეფის წერილების ადრესატი ჰოლანდიელი ბურგომისტრი ნიკოლას ვიტსენი ყოფილა.


მე-17 საუკუნის მოღვაწე ჰოლანდიელი იმით არის ცნობილი, რომ ის იყო მოგზაური. მოგზაურობის დროს ვიტსენი საფუძვლიანად ეცნობოდა ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიას, ყოფას, კულტურას, ქვეყნის ცხოვრებას. მოგზაური თავის დაკვირვებასა და შთაბეჭდილებას აუცილებლად აქვეყნებდა და უზიარებდა თანამედროვეებს.


ნიკოლას ვიტსენმა, ცნობილია, რომ იმოგზაურა მეფის რუსეთში. მიღებული შთაბეჭდილება ნაშრომის სახით გამოაქვეყნა, სადაც შეეხო საქართველოს ისტორიას, მის ეთნოგრაფიას, კულტურას, ქვეყნის ცხოვრებას.


ნიკოლას ვიტსენი საქართველოს მეფე არჩილ მეორესა და მის ვაჟს, ალექსანდრე ბატონიშვილს შეხვდა. როგორც ვიტსენის წიგნიდან ირკვევა, მან მეფე არ ჩილისგან მიიღო მადლიერების წერილი. მეფის მადლიერება კი, როგორც  წერილიდან ჩანს, უფლისწულს უკავშირდება.


ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ წერილები და რუკა, რომლებიც საქართველოთან არის დაკავშირებული და საქართველოს იმდროინდელ რეალობას ასახავს, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის. ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მასალა ჯერ შესწავლილი არ არის და მეცნიერულ გამოკვლევას საჭიროებს.


ქართული ისტორიოგრაფიისთვის რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს ჰოლანდიაში დაცული რუკა და წერილები, ამას დრო გვიჩვენებს.


ალექსანდრე დაუშვილი, ისტორიკოსი, პროფესორი:

 

- ჰოლანდიაში, ამსტერდამის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ჩვენმა თანამემამულე არჩილ ჯავახაძემ, რომელიც ჰოლანდიის მოქალაქეა, მაგრამ აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს სამეცნიერო ცენტრთან, აღმოაჩინა რამდენიმე რუკა, რომლებიც 1723 წლით თარიღდება. ასევე აღმოჩენილ იქნა ქართველი მეფის არჩილ მეორის მიმოწერა (ორი წერილი ლათინურ და ფრანგულ ენაზე) ცნობილ ამსტერდამელ ბურგომისტრს ნიკოლას ვიტსენთან. ნიკოლას ვიტსენი საერთაშორისო არენაზე ცნობილია, როგორც მოგზაური. მან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმოგზაურა რუსეთში. ძალიან კარგად იცნობდა რუსეთის სამეფო ოჯახს, დაახლოებული იყო პეტრე პირველთან და, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ძალიან დაახლოებული იყო არჩილ მეფის ვაჟთან, ალექსანდრე ბატონიშვილთან. როგორც ჩანს, ურთიერთობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ერთ-ერთი წერილი თარიღდება 1686 წლით. წერილი, რომელიც ლათინურ და ფრანგულ ენებზეა, სულ ორი დღის წინ მივიღეთ და დამუშავების პროცესშია. ერთ-ერთ წერილში ნაწყვეტია, სადაც არჩილ მეფე დიდ მადლობას უხდის ვიტსმენს მისი შვილის მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისთვის. ალექსანდრე ბატონიშვილი ჰოლანდიაში იმყოფებოდა. ისინი ძალიან დაახლოვდნენ და სწორედ ალექსანდრე ბატონიშვილის დახმარებით ვიტსენმა შეადგინა, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი უძველესი ჰოლანდიურ-ქართული ლექსიკონი.


- ნიკოლას ვიტსენი ქართველოლოგი იყო?

 

- არა, მოგზაური იყო. ამიტომ დასჭირდა მას ალექსანდრე ბატონიშვილის დახმარება, რომ ლექსიკონი შეედგინა. ჩვენმა ცენტრმა გამოაქვეყნა ნიკოლას ვიტსენის წიგნი, რომლის პრეზენტაციას ჰოლანდიის ელჩი საქართველოში ესწრებოდა. მაშინ აღინიშნა, რომ ვიტსენმა საკმაოდ დიდი მასალა მიუძღვნა საქართველოს. საინტერესო მასალაა დაცული, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი.


- რას ეხება?

 

- საქართველოს იმდროინდელ ყოფას, წეს-ჩვეულებებს, ისტორიას. სხვათა შორის, მასალებია მეფე თეიმურაზზე. რაც შეეხება წერილებს, ის პირადი წერილებია, ჯერ ქართულად თარგმნილი არ არის. იმედია, რომ წერილებში საინტერესო ინფორმაცია იქნება, რომელიც გარკვეულ სიახლეს, ჩვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს.


- რა ღირსებულება შეიძლება ჰქონდეს ამ წერილებს?

 

- ეს წერილები მიგვანიშნებს, რომ ჩვენ, ქართველებს, დასავლური ორიენტაცია გვქონდა და დასავლეთისკენ მივისწრაფოდით მუდმივად. ჩვენი კონტაქტები და ინტერესი, რომელიც გვაქვს, შიშველ ადგილზე არ აღმოცენებულა. ამ სწრაფვას საუკუნოვანი, ძლიერი ფუნდამენტი აქვს, რისი ერთ-ერთი დადასტურებაა ნიკოლას ვიტსენი. ალექსანდრე ბატონიშვილის ბედი, მოგეხსენებათ, ტრაგიკული იყო. ის ჩრდილოეთის ომში ტყვედ ჩავარდა. ეს პერიოდი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი მძიმეა საქართველოს ისტორიაში. მიუხედავად ამისა, ქართველი მეფე-მონარქი საქართველოს მომავალზე ფიქრობს, მომავალი კი მას ევროპასთან, ჰოლანდიასთან კავშირში ესახება. ვიტსენის ნაშრომში ერთ-ერთი თავი ოსებთან ურთიერთობას ეხება. სხვათა შორის, პირველი ჰოლანდიურ-ოსური ლექსიკონიც კი არის შედგენილი. ესეც კი მიანიშნებს საქართველოსა და ოსეთის მჭიდრო თანაარსებობაზე. დღეს რუსი ისტორიკოსები და ოსები ისტორიის ამ მონაკვეთს აყალბებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველმა ისტორიკოსებმა რუსულ ენაზე სპეციალური კრებული გამოვეცით, რომელიც აბათილებს მათ მიერ გაყალბებულ ისტორიას.


- რა შეგიძლიათ თქვათ რუკებზე?

 

- ამ რუკებზე აშკარად ჩანს, რომ სოხუმი, ბიჭვინთა, შავიზვისპირეთის მთელი ტერიტორია, სამიტროპოლიტო, მონასტრები, მათ შორის ბედიის მონასტერი დაფიქსირებულია, როგორც ფრანგულ, ისე ჰოლანდიურ ენებზე. ჩვენი სურვილია, ეს მასალები რაც შეიძლება სწრაფად შემოვიდეს სამეცნიერო განხილვებში. წინასწარი მონაცემებით, როგორც რუკები, ისე წერილები საინტერესო შენაძენია და ის გაამდიდრებს ქართულ ისტორიოგრაფიას.


დავით მუსხელიშვილი, ისტორიკოსი, აკადემიკოსი:


- მე რუკები არ შემისწავლია, მხოლოდ გაკვრით მაქვს ნანახი, მაგრამ პირველადი დათვალიერებით ჩანს, რომ საინტერესო რუკებია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რა ღირებულება შეიძლება მას ჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს მისი ძირფესვიანად შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი. რასაკვირველია, იმთავითვე გარკვეული ღირებულების, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ რამდენად რეალურად არის ასახული სიტუაცია, ამას სერიოზული ანალიზი სჭირდება.


- რამდენად წარმოაჩენს საქართველოს ევროპასთან ურთიერთობას?

 

- რა თქმა უნდა, წარმოაჩენს. ერთი შეხედვით, ჩანს, რომ უჩვეულო რუკებია. საქართველოს იმ საუკუნეების რუკები არსებობს, რომლებიც ცნობილია, მე ვგულისხმობ ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით გაკეთებულ ფრანგულ რუკებს. ეს რუკები ცნობილია, მაგრამ ჰოლანდიაში აღმოჩენილი რუკები სრულიად განსხვავებულია, განსხვავებული მოხაზულბისა და განსხვავებული დატვირთვისაა. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთ რუკაზე შავი ზღვის სანაპიროა გამოსახული, დატანილია მაშინდელი ქალაქები.


- რამდენადაც ვიცი, ამ რუკაზე აფხაზეთი, სოხუმია დატანილი...

 

- დიახ, შავიზღვისპირეთია დატანილი. შესასწავლი მასალაა. თავისთავად რომ მნიშვნელოვანია, ამაზე ეჭვი არ არის. ყველა ძველი რუკა, მით უ№ფრო ევროპული, ძალიან საინტერესოა ჩვენთვის, თუნდაც იმ თვალსაზრისით, თუ რა თვალით უყურებდნენ ევროპელები საქართველოს. პირველი შთაბეჭდილებით, ვახუშტისეული რუკები არ უნდა იყოს. გასარკვევია, ვისი გაკეთებულია, ვის მიერ არის შედგენილი.


- საქართველოს რა საზღვრებია ამ რუკებზე დაფიქსირებული?

 

- მთლიანი საქართველოს რუკა კი არ არის, რუკის ფრაგმენტებია, მაგალითად, შავი ზღვის სანაპიროა ასახული. შეიძლება, მე მხოლოდ ერთი რუკის შედეგებზე ვსაუბრობ. ყოველ შემთხვევაში, საზღვრები აშკარად არ ჩანს, შავი ზღვის სანაპიროს დასახლებული პუნქტებია ასახული . აფხაზეთის, სამეგრელოსი და გურიის ტერიტორიაა დაფიქსირებული.


- დასავლეთი საქართველოა ასახული...

 

- დიახ, რაც მე ვნახე, იქ სწორედ დასავლეთი საქართველოა დაფიქსირებული. შეიძლება, აღმოსავლეთიც არის, ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან მასალა შესასწავლია.


- ჰოლანდიელის მიერ შეიძლება იყოს შედგენილი თუ ქართველის?

 

- სწორედ ეს არის გასარკვევი. მაგალითად, ფრანგული რუკები ვახუშტის მიხედვით არის შედგენილი, რომელიც ფრანგმა კარტოგრაფმა დე ლილმა შეადგინა.


- საუბარია წერილებზეც...

 

- დიახ, ჰოლანდიაში ასევე აღმოჩენილია არჩილ მეფის წერილებიც. ამ დეტალებზე საუბარი ჯერ ძალიან რთულია, რადგან მასალა შესასწავლია, მაგრამ თავისთავად ძალიან საინტერესო მასალაა და, რასაკვირველია, ღირებულია. არჩილ მეფის წერილები ლათინურ და ფრანგულ ენებზეა. ერთ-ერთი წერილი ქართულად ითარგმნა და გამოიცა კიდეც. უნდა ითქვას, რომ ეს მთელი მასალა, წერილებიც და რუკებიც, შესასწავლლია სათანადოდ. ვიტსენის წიგნში ჰოლანდიურ-ქართული ლექსიკონია შეტანილი. ეს ლექსიკონი მსოფლიოში ქართული ენის ერთ-ერთ უძველეს ლექსიკონად შეიძლება ჩაითვალოს. წიგნში ასევე მოტანილია ჰოლანდიურ-ოსური ლექსიკონი, რაც ოსების ისტორიულად საქართველოსთან მჭიდრო ასოციაციაზე მიუთითებს. ეს ჭეშმარიტება მე-17 საუკუნეში ჰოლანდიაშიც კი იცოდნენ. წიგნში აღწერილია ავტორის ურთიერთობა საქართველოს სამეფო ოჯახთან, რაც მნიშვნელოვანია და ღირებულია, სრულად არის მოტანილი არჩილ მეფის პირადი წერილის ხელნაწერი. წიგნში ასევე ავტორის, ვიტსენის უდიდესი პატივისცემაა გამოხატული ქართველებისა და საქართველოს ისტორიისადმი. წიგნი გამოქვეყნებულია ჰოლანდიურ და ქართულ ენებზე. ნიკოლას ვიტსენმა შეკრიბა ისტორიული და ტოპოგრაფიული მასალა.


გიორგი ჭეიშვილი,  ისტორიკოსი:

 

- ის ორი რუკა გამოქვეყნებული აქვს ცნობილ ინგლისელ მკვლევარ ალენს, რომელიც ინტენსიურად იკვლევდა საქართველოს ისტორიას, მის პრობლემატიკას. გასული საუკუნის 50-იან წლებში, უფრო ზუსტად კი 1953 წელს გამოაქვეყნა ორი რუკის ფრაგმენტი, რომელიც დაცული იყო პეტერბურგსა და პარიზში. საუბარია 1737 წლის იმერეთის რუკაზე, რომელიც შედგენილია ტიმოთე გაბაშვილის მიერ. მან რუკები გაგზავნა მოსკოვსა და პეტერბურგში, რათა რუსეთის საიმპერატორო კარს აქტიურად გაეწია დახმარება საქართველოსთვის, მისი სამეფო-სამთავროებისთვის, რომლებიც იმყოფებოდნენ, ერთი მხრივ - ოსმალეთის, მეორე მხრივ სპარსეთის აგრესიის ქვეშ. რუსეთის საიმპერატორო კარზე ამ რუკამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. ამავე დროს რუსეთში მოღვაწეობდა ცნობილი ფრანგი კარტოგრაფი დე ლილი, რომელიც ასევე დაინტერესდა ამ რუკებით. ამ რუკის ერთ-ერთი ასლი მან პარიზში გაიტანა. ალენის ამ სტატიის გამომზეურება და საქართველოში ჩამოტანა კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქართული კარტოგრაფიის შესწავლა, რომლის კვალიც დასაძებნია როგორც რუსეთის, ისე ევროპის არქივებში.


ნათია ხურცილავა

გაზეთი „ახალი თაობა"

13 მაისი, 2014 წ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016