reportiori.ge - ნინო ბურჯანაძე: „2007 წელს ქვეყანა სამოქალაქო ომს მე გადავარჩინე“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 05:08
პრეს-დაიჯესტი
ნინო ბურჯანაძე: „2007 წელს ქვეყანა სამოქალაქო ომს მე გადავარჩინე“
ავტორი:
13 მაისი, 2014. 19:09


ნინო ბურჯანაძის თქმით, ბიზნესმენები ოპოზიციური პარტიების ღიად დაფინანსებას ვერ ბედავენ

 

ნინო ბურჯანაძე: როცა ხელისუფლებაში მოდიან, არგუმენტი აღარ სჭირდებათ, არგუმენტების გარეშეც მშვენივრად გეუბნებიან „არას" იმაზე, რასაც ადრე თვითონაც ითხოვდნენ.


„ოცნებას" და „ნაცმოძრაობას" აქვთ სახელმწიფო დაფინანსება, 2 მილიონი შემოწირულობა, მილიარდერის პარტიას ერთ თვეში ორი მილიონი შემოსწირეს, ასეთი რეკორდი არასდროს არ მოხსნილა. ამის გარდა, აქვთ უზარმაზარი „შავი ფული", ადმინისტრაციული რესურსი და ორივეს აქვს თავისი საკუთარი ტელევიზია. გაშუქების კონკრეტულ ფაქტებს მოგიყვებით - „რუსთავი 2"-ზე ჩვენი მერობის კანდიდატისა და მაჟორიტარების წარდგენას აშუქებენ 17-წამიანი სიუჟეტებით და „ნაცმოძრაობის" ყრილობას 27 წუთი ეთმობა, ხოლო „იმედზე" „ოცნების" წარდგენას - 40 წუთი", - უთხრა „მთელ კვირას" „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.


მისივე თქმით, კახა კუკავასთვის პრიორიტეტი 300 000 ლარიანი დაფინანსების მოპოვება გახდა და საერთო ოპოზიციური ერთობა ამიტომ არ შედგა. იგი ქდმ-სთან შეერთების მიზეზებზეც საუბრობს.


პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე იმასაც აცხადებს, რომ 2007 წელს ქვეყანა სამოქალაქო ომს მან გადაარჩინა, თორემ არსებობდა საფრთხე, რომ საქართველოშიც ისეთივე სცენარი ყოფილიყო, როგორიც ახლა უკრაინაშია.


- „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდისგან განსხვავებით, დასაფასებელია ის, რომ არ გვიჭერენ, ქვებს არ გვესვრიან, არ ატერორებენ ადამიანებს იმის გამო, რომ ჩვენს საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართულები. ეს უდავო პოზიტივია, მაგრამ ყველა სხვა კრიტერიუმით საარჩევნო გარემო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.


„ოცნებამ" ის მოთხოვნებიც არ შეასრულა, რასაც ოპოზიციაში ყოფნისას თავად ითხოვდენენ. არ შეცვალა საარჩევნო სიები, რომელიც დღეს უზომოდ გაბერილია. სამი მილიონი ადამიანი არ ცხოვრობს საქართველოში და სიებში სამი მილიონ ორასი ათასი ამომრჩეველი გვყავს, რაც ხელისუფლების მანიპულირების არაჩვეულებრივი რესურსია.


„ოცნებამ" არ გააკეთა ბიომეტრიული პასპორტები, არადა, ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, ჩემი ხარჯით გავაკეთებო. იმის მიუხედავად, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში 10%-იანი ზღვარი გადავლახეთ, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი „დემოკრატიულ მოძრაობას" არ მისცეს, შედეგად საეთერო დროის, დამკვირვებლებისა და კომისიის წევრების გარეშე ვართ.


- რა არგუმენტით გითხრეს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსზე უარი?

 

- არ ვიცი, ჰკითხეთ. ასე ჩათვალეს. როცა ხელისუფლებაში მოდიან, არგუმენტი აღარ სჭირდებათ, არგუმენტების გარეშეც მშვენივრად გეუბნებიან „არას" იმაზე, რასაც ადრე თვითონაც ითხოვდნენ.


მარტივ რაღაცას გეტყვით, საჯარო ინფორმაციაა და შეგიძლიათ ნაოთ „ქართული ოცნების" შემოწირულობები ბოლო ერთი თვის განმავლობაში. გჯერათ, რომ დაქცეულ საქართველოში თვითმმართველობის არჩვენებზე, სადაც შემოწირულობები ყოველთვის ჭირს, 2 მილიონი ლარი შემოსწირა მოსახლეობამ? მილიარდერის პარტიას ერთ თვეში ორი მილიონი შემოსწირეს, ასეთი რეკორდი არასდროს არ მოხსნილა.


იმაზე აღარაფერს ვამბობ, ოფიციალურად რა დაფინანსება აქვთ კოალიციაში შემავალ პარტიებს, რომელიც უკანონოდ გაიზარდეს. ამის გამო ყველა ადგლობრივმა და საერთაშორისო არასამთავრობომ გააკრიტიკა.


„ოცნებას" და „ნაცმოძრაობას" აქვთ სახელმწიფო დაფინანსება, 2 მილიონი შემოწირულობა, უზარმაზარი შავი ფული, აქვთ ადმინისტრაციული რესურსი და ორივეს აქვს თავისი საკუთარი ტელევიზია.


- რომელია მათი ტელევიზია?

 

- მგონი, ამაზე კითხვები არც ჩნდება. გაშუქების კონკრეტულ ფაქტებს მოგიყვებით და თავად განსაზღვრეთ. ჩვენი მერობის კანდიდატისა და მაჟორიტარის წარდგენას აშუქებენ 17-წამიანი სიუჟეტებით, „რუსთავი 2"-ზე „ნაცმოძრაობის" ყრილობას 27 წუთი ეთმობა, ხოლო „იმედზე" „ოცნების" წარდგენას - 40 წუთი. რომელ საარჩევნო გარემოზეა საუბარი, როცა „ოცნება" და „ნაცმოძრაობა" ყველა თოქშოუში ერთმანეთს ედებატება და წამყვანები თუ ძალიან მოინდომებენ, მაშინ ათწუთიანი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს.


- თუმცა თქვენი კოალიციის საარჩევნო პრეზენტაცია ინგა გრიგოლიას „რეაქციაში" შედგა...

 

- ეს კარგია, თუმცა ჩვენ არ გვქონია ექსკლუზივი, იყო „ოცნება" და იქნება „ნაცმოძრაობაც". უბრალოდ, ჩვენ დავიწყეთ. კარგია, რომ ასეთი გამონათებები არსებობს, მაგრამ თქვენც კარგად იცით, რომ ეს ერთჯერადი გამონათებები ვერ გააწონასწორებს იმ უთანასწორობას, რომელიც ყოველდღიურად არის ეთერში.


- დაფინანსების საკითხზეც უნდა გკითხოთ. კახი კახიშვილის განცხადებით, არასაპარლამენტო ოპოზიციას მსხვილი ბიზნესმენები ისევ არ აფინანსებენ...

 

- ყოველ შემთხვევაში, ამის ღიად გაკეთების ყველას ეშინია. საქართველოში ჯერ არ არის ის რეალობა შექმნილი, რომ ბიზნესმენებმა გაბედონ და ოპოზიციური პარტია ღიად დააფინანსონ. ისინი ეძებენ გზებს, ახლობლებისა და მეგობრების დახმარებით გარკვეულ შემოწირულობებს აკეთებენ. შემდეგ ეს შემოწირულობები საჯარო ხდება, მაგრამ თვითონ ბიზნესმენები, როგორც წესი, არ ჩანან.


- ვინმესგან განიცდიან ზემოქმედებას?

 

- შეიძლება ეს არის გამოყოლილი შიში, თუმცა, ასეთ განწყობას ხშირად „ოცნების" წარმომადგენლებიც უწყობენ ხელს - „იცით რა, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ მართლა ოპოზიცია მოიგებს". თუმცა, მე ვერ ვიტყვი, რომ შანტაჟსა და წნეხს განიცდიან.


ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან ერთი მილიონიც კი არავის შემოუტანია. „ოცნებას" საწყალს ალბათ ძალიან უჭირს. მე და თქვენც შევწიროთ რამე.


- არჩევნებზე თქვენი მთავარი გზავნილი რა არის? რატომ უნდა დაგიჭიროთ ამომრჩეველმა მხარი?

 

- ქვეყანა უნდა მოწესრიგდეს. არაფერი არ არის მოწესრიგებული, საგარეო პოლიტიკა, სამართლიანობის აღდგენის თემა, ხელფასები, პენსიები... შეიძლება მერიის რომელიმე სამსახურის უფროსს ხელფასი 5000 ლარი ჰქონდეს, როცა პედაგოგის ხელფასი 400 ლარია?!


დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ხელფასები 35 000 და 38 000 ლარია. შეიძლება ეს ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 2/3-ს პურის ფულიც კი არ აქვს?!


სამი ბიულეტენი იქნება არჩევნების დროს, ერთი მერობის კანდიდატის, რაიონის მაჟორიტარის და ერთიც პარტიული. ვისაც ჩემ მიერ ჩამოთვლილი არგუმენტების სჯერა და ჩვენდამი ნდობა აქვს, მინდა ვთხოვო, რომ სამივე ბიულეტენში შემოხაზოს ნომერი 3. რაც მთავარია, არ დარჩნენ ადამიანები სახლში, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში მათ ნაცვლად არჩევანს ისევ სხვა გააკეთებს.


- ხალხს ამ ყველაფრის მოწესრიგებას თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვებით ჰპირდებით?

 

- რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის არა. ძალიან სწორად დასვით კითხვა. ხალხს ყველაფრის მოწესრიგების დროს ხალხს ვეუბნებით, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის ერთი ეტაპი ხელისუფლების შესაცვლელად. თუმცა, ამ არჩევნებით ბევრი პრობლემის მოწესრიგება შეგვიძლია, რომელიც ადგილებზეა, თუმცა გლობალურად ეს პრობლემები ამ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაშიც ვერ მოწესრიგდება.


- თქვენ იყავით ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე. მაშინ რატომ ვერ მოაწესრიგეთ ეს პრობლემები?

 

- ვინ გითხრათ, რომ ვერ მოვაწესრიგე? ძალიან ბევრი რამე მოვაწესრიგე, თუმცა, როდესაც მე პარლამენტის თამჯდომარე ვიყავი, მაშინ ჩემი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ მე არ მყავდა ჩემი გუნდი. რას ნიშნავს, როცა გუნდი არ გყავს - ეს ნათელი გახდა 2012 წლის პირველ ოქტომბერს. არჩევნებამდე ძლევამოსილი სააკაშვილი მეორე დღესვე იქცა ადამიანად, რომელიც ვერაფერზე ზეგავლენას ვეღარ ახდენდა. ეს იმიტომ, რომ მან პარლამენტში თავისი გუნდი, თავისი დასაყრდენი დაკარგა.


ორჯერ ვიყავი ტურჩინოვის ადგილზე. ისეთი ნაბიჯები რომ გადამედგა, როგორ უტვინოდაც უკრაინის ხელისუფლება მოიქცა, როგორ ფიქრობთ, საქართველოში როგორ განვითარდებოდა მოვლენები?


- იგივე სცენარს მივიღებდით, რაც უკრაინაში მოხდა?

 

- დიდი ალბათობით, 2003 წელსაც და განსაკუთრებით 2007 წელს საზოგადოება სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა.


- ამბობთ, რომ 2007 წელს ქვეყანა ომს თქვენ გადაარჩინეთ...

 

- დიახ, ამას მე ვამბობ. ვინც ამ მოვლენების ანალიზს აკეთებენ, ის ადამიანები დღეს ამას კიდევ უფრო ხმამაღლა ამბობენ. რისთვისაც მაკრიტიკებდნენ, ზუსტად იმით გადავარჩინე - არ გადავდექი. მე რომ ასე არ მოვქცეულიყავი, რუსთაველზე ათობით გვამები იქნებოდა დაყრილი.


სანამ მე ვიყავი ხელისუფლებაში, ომი არ ყოფილა. წამოვედი 8 ივნისს და 8 აგვისტოს ომი დაიწყო.


ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში „ნაცმოძრაობა" ძალიან ბევრ დაპირებას ასრულებდა. მაგრამ როცა დავიგახე, რომ დემოკრატიის და ადამიანის უფლებების რღვევა დაიწყო, თანაც ისე, რომ ამან შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მაშინ მე ხელისუფლება დავტოვე. სანამ ხელისუფლებაში ვიყავი, ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო ჩემსა და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლა.


- ვინ გებრძოდათ?

 

- მებრძოდა როგორც სააკაშვილი თავისი გუნდით, ისე ჟვანია. როგორც კი გამოჩნდა, რომ ბურჯანაჯეს აქვს შანსი, დამოუკიდებელ პოლტიკურ ფიგურად ჩამოყალიბდეს, მაშინვე დაიწყო ბრძოლა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი დოკუმენტი, რომელიც შეუტანეს ჟვანიას, სადაც ეწერა რომ ბურჯანაძეს დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბების შანსი აქვს, ამიტომ მისი ოჯახის დისკრედიტაცია უნდა დავიწყოთო. ჩემი მაშინდელი შეცდომა იყო, რომ ამას ყურადღება არ მივაქციე.


- დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას დავუბრუნდეთ. ვერ მოხდა სრული ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, რაშიც კახა კუკავა თქვენ გადანაშაულებთ...

 

- მე არავისთვის მითქვამს, მოდით ჩემს პარტიაში გაერთიანდით-მეთქი. მე ვუთხარი, რომ შეგვექმნა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ძალა. კოალიციის დაქსაქსულობის შემთხვევაში რამდენი პროცენტიც უნდა აგვეღო, მომდევნო არჩევნებზე არ გვეყოლებოდა არც კომისიის წევრი, არც დაფინანსება, არც დამკვირვებლები და არც უფასო საეთერო დრო.


მე მათ შევთავაზე, რომ თუ თქვენ არ გინდათ ჩემს პარტიაში მოსვლა, მაშინ მე მ ოვალ თქვენთან და გადავდგი ამისთვის ნაბიჯები. მაგრამ, როდესაც პარტიას და მის ლიდერს აინტერესებს, რომ 300 000 ლარი მიიღოს ბიუჯეტიდან და მერე საპარლამენტო არჩევნებისთვის ივაჭროს ხელისუფლებასთან, იმ პარტიის ინტერესი ჩემს ხედვას არ ემთხვევა. დასკვნები თავად გამოიტანეთ.


- რატომ გადაწყდა ქდმ-სთან გაერთიანება? ჩვენ გვახსოვს თქვენი და ქდმ-ს ურთიერთკრიტიკა...

 

- ზოგიერთი პოლიტიკური პარტიისგან, მაგალითად, „რესპუბლიკელებისგან"  განსხვავებით, რომელთა ქმედებებიც ხშირად უზრდელობაში გადადის, ქდმ-ს და ჩვენ შორის მწვავე კრიტიკა იყო, მაგრამ კორექტული. პოლიტიკა დაახლოებით ისეა, როცა სპორტსმენებმა მოედანზე შეიძლება ლამის ერთმანეთი სცემონ, მაგრამ მერე ხელი ჩამოართვან და ერთ გუნდში ითამაშონ. სხვათა შორის, ქდმ-სთან მოლაპარაკება კუკავამ დაიწყო და შემდეგ პროცესში მეც ჩავერთე.


ქდმ იმითაც იყო მიმზიდველი, რომ მათ ჰქონდათ უფასო საეთერო დრო, რომელსაც კოალიცია აქტიურად ვიყენებთ. ქდმ-ს შემთხვევაში ისიც არის დასაფასებელი, რომ მათ დაინახეს პარტიის შეცდომები, პარტიის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და პოლიტიკა საერთოდ დატოვა.


- „ენ-დი-აის" კვლევებს ისევ არ ენდობით?

 

- მე ისევ ჩემს პოზიციაზე ვრჩები. ამ კვლევებში ერთი საჩვენო ნიუანსი იყო, რომ ვინც უნდა დაასახელოს ბურჯანაძემ, მას ექნება 9%. თუ დავიჯერებთ, ამას კიდევ ლორთქიფანიძის პროცენტები დაემატება, რაც მეორე ტურს ნიშნავს. მაგრამ მე არ დავემსგავსები იმ ადამიანებს, რომ რაც ჩემთვის სასარგებლოა, მხოლოდ იმას დავეთანხმო. ასე რომ, კვლევებზე კვლავ უცვლელ პოზიციაზე ვრჩები.


- ალასანიას ლიდერობაზე რას ფიქრობთ?

 

- მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ლიდერი არ არის. რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით მან ისეთი განცხადება გააკეთა, რომ ეს როგორც მინიმუმ მავნებლურია. ასეთი ქმედებისთვის ნორმალურ ქვეყანაში თავდაცვის მინისტრს მოხსნიდნენ. ეს სისტემები და შეიარაღების საკითხებია მთავარი პრობლემები, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირებას იწვევს. ალასანიამ ამ განცხადებით ქვეყანა საფრთხის წინაშე დააყენა.


- ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაში რა იწვევს თქვენს პროტესტს?

 

- დისკრიმინაციის აკრძალვა კი არ იწვევს ჩემს პროტესტს, ეს ჩემ მიერ მიღებულ კანონებშიც ყველა ნიშნით იკრძალება. თემის შეგნებულად წინ წამოწევაში დავინახე პროპაგანდა. კანონის მიღების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა.


აქ საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა, საბავშვო ბაღებში ან სკოლებში მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ თავიანთ სექსუალურ ორიენტაციას. როცა ის სკოლაში ბავშვს აუხსნის, რომ არაფერი არ არის არანორმალური იმაში, რომ ის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, ეს არის ჩემი კრიტიკის საგანი.


- ამის საფრთხეს ხედავთ, რომ მასწავლებელი ამ საკითხებზე დაიწყებს ბავშვებთან საუბარს და არა გაკვეთილის ახსნას?

 

- როცა საუბარია ღია პროპაგანდაზე, როცა ამის პროპაგანდა აკრძალული არ არის, მაშინ ეს საფრთხეები არსებობს.


- თქვენ რომ ხელისუფლებაში იყოთ, მაშინაც ასეთ განცხადებას გააკეთებდით? ხომ არ არის ეს პოპულისტური განცხადება?

 

- რა განცხადებებსაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ვაკეთებდი, იგივე განცხადებებს ვაკეთებ ახლაც. მე როცა ხელისუფლებაში ვიყავი, მაშინ სააკაშვილსა და ბოკერიას გეი აღლუმების ჩატარების დიდი სურვილი ჰქონდათ, მაგრამ სანამ მე ვიყავი ხელისუფლებაში, ეს არ მომხდარა.


იაგო ნაცვლიშვილი

გაზეთი „რეზონანსი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016