reportiori.ge - რომან ჩხენკელი: „ბიზნესს ვეღარავინ დაჩაგრავს!“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:56
ინტერვიუ
რომან ჩხენკელი: „ბიზნესს ვეღარავინ დაჩაგრავს!“
ავტორი:
13 მაისი, 2014. 21:26


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მალე სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის ცნება აღდგება - პრემიერის დავალებით, ეკონომიკური საბჭო შესაბამის კანონპროექტზე უკვე მუშაობს და დეტალურად მსჯელობს, რომელ ობიექტებს მიენიჭება სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების სტატუსი - ასეთი შეიძლება იყოს მაგისტრალური მილსადენები, საზღვაო პორტები და ასე შემდეგ. რატომ დადგა დღის წესრიგში განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის სტატუსის აღდგენა? როგორ აპირებს ხელისუფლება ფოთის პორტსა და „საქართველოს ფოსტასთან" დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას? რა არის ეკონომიკური ზრდის რეალური მიზეზი და როგორ ემზადება ქვეყანა ტურისტული სეზონისთვის? - „ვერსიას" პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში, რომან ჩხენკელი ესაუბრება.


- ბატონო რომან, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ცნების აღდგენით რა შეიცვლება?

- სახელმწიფომ, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს, რომელი ობიექტი მოექცევა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რაც შეეხება ზოგადად ცნებას ანუ სახელწოდებას, რამდენიმე ვარიანტი არსებობს. „სახელმწიფო ქონებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ" 1997 წლის საქართველოს კანონით, პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია, საავტომობილო გზები, განსაკუთრებული მნიშვნელობის ასაფრენ-დასაფრენი ზოლები. 2007 წელს, ამ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ნუსხას საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2003-2004 წლებში, საქართველოს კანონმდებლობით, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ნუსხის ცნებას, „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე, ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი განსაზღვრავდა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გარკვეული ქონების მართვა, მათ შორის საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნავსადგურები, აეროპორტები და აეროდრომები სახელმწიფოს განსაკუთრებულ გამგებლობას განეკუთვნება. ვფიქრობთ, საკანონმდებლო ბაზა იმგვარად შევიმუშაოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქონების განკარგვისას სახელმწიფოს ინტერესი მაქსიმალურად დაცული იყოს, იმავდროულად, საკუთრების კონსტიტუციურად აღიარებული უფლება არ უნდა შეილახოს.


ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების ცნება ნებისმიერ შემთხვევაში შემოვა, მთავარი არსი სახელწოდებაში კი არა, მის შინაარსშია. სახელმწიფოს სურივილი აქვს განსაზღვროს, რომელ ობიექტებს მიანიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობის სტატუსი და მეორე - რა ქმედებები გაატაროს ამისთვის. ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა კონცეფცია და სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება არსებობს და შესაბამისად, განხილვაც საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. კანონპროექტზე კი, რომელმაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების სტატუსი უნდა განსაზღვროს, შალვა თადუმაძე მუშაობს, რომელთან ერთად, ჩვენც ინტენსიურად ვართ ჩართულნი ამ პროცესი და საკმაოდ ნაყოფიერადაც მივიწევთ წინ. როდესაც კანონპროექტზე მუშაობას დავასრულებთ, შედეგებს საზოგადოებას გავაცნობთ. როგორც უკვე გითხარით, ეს საკითხი დიდი განხილვის საგანი გახდა, ამიტომ გვინდა, შეჯერებული ვერსია მივიღოთ და საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილებაც გავიზიაროთ. მხოლოდ ამის შემდეგ მომზადდება კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი, რასაც უკვე პარლამენტში წარვადგენთ.


- ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ცნება იმიტომ გაუქმდა, ეს ობიექტები გაეყიდათ. ასე გაიყიდა ფოთისა და ბათუმის პორტები... მას შემდეგ,რაც კანონი ძალაში შევა, უკვე გაყიდულ ობიექტებს სტატუსი როგორ დაუბრუნდება, კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში როგორ მოექცევა?


- კანონს უკუქმედების ძალა არ აქვს, შესაბამისად, ეს კანონი მოქმედ მესაკუთრეებს შეზღუდვებს ნამდვილად ვერ დაუწესებს, თუმცა მას შემდეგ, რაც კანონი ძალაში შევა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ქონების სტატუსი მიენიჭება კომპანიების კუთვნილ ობიექტებს, ეს ობიექტები ვეღარ გაიყიდება. სავარაუდოდ, მოკლე დროში არა, მაგრამ უახლოეს პერიოდში, კანონპროექტი მომზადდება და მისი განხილვაც დაიწყება.

- ბატონო რომან, ფოთის პორტში საგანგაშო ვითარებაა, პორტის მმართველმა კომპანია „აი პი ემ ტერმინალსმა", 1 მაისიდან აამოქმედა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ყველა ტვირთი მხოლოდ მის კუთვნილ ტერმინალში უნდა განბაჟდეს, რასაც 40-მდე კომპანიის უკმაყოფილება მოჰყვა...


- ასე არ არის... „აი პი ემ ტერმინალსს" ამ რეგულაციის ამოქმედება უნდოდა, მაგარმ ჩემი ინფორმაციით, მისი სამართლებრივად განხორციელების საშუალება დღეს ნამდვილად არ აქვს. როგორც ვიცი, ეს კომპანია სამართლებრივ ჩარჩოებში ცდილობს ნებართვის აღებას, რომლითაც შეძლებს, ტვირთები საკუთარ ტერმინალში განაბაჟოს.


- 40-მდე კომპანიის წარმომადგენლებმა ოფიციალურად მიმართეს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკურ საბჭოს, ისინი ამბობენ, რომ ამ რეგულაციის შედეგად იმპორტი გაძვირდება, მაგრამ საუბარია ფინანსთა მინისტრის ძველ ბრძანებაზე, რომლითაც ფოთის პორტის მაშინდელ მფლობელს, არაბულ „რაკიას" უფლება მიანიჭეს, მხოლოდ მის კუთვნილ ტერმინალში განებაჟებინა ტვირთები. ახლა კი ნოდარ ხადურის ბრძანებაა საჭირო ძველი რეგულაციის გასაუქმებლად. თქვენ თუ ხართ ამ პრობლემის საქმის კურსში ან როგორ აპირებთ მის გადაჭრას?


- ეკონომიკური საბჭოს ფორმატში რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ, როგორც ფოთში განთავსებული საბაჟო საწყობების მფლობელებთან, ასევე „აი პი ემ ტერმინალსის" ხელმძღვანელობასთან. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია მივიღეთ, მაგრამ პრობლემის მოგვარებაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურადაა ჩართული, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი იქ იმყოფებოდა ერთ-ერთ კრიტიკულ მომენტში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ საკითხზე საკმაოდ კოორდინირებულად ვმუშაობთ. რაც შეეხება ზოგადად ამ თემას, გარწმუნებთ, ბიზნესი არ დაზარალდება, ყველა და ყველაფერი, როგორც ინვესტორი, ასევე საპორტო საქმიანობის თანმდევი ბიზნესი, კანონის ჩარჩოებში მოექცევა.


- დაახლოებით ანალოგიური პრობლემაა „საქართველოს ფოსტისა" და ექსპრესგადამზიდავი კომპანიების შემთხვევაშიც. „ფოსტის შესახებ კანონით" „საქართველოს ფოსტა" ბაზრის მონოპოლისტი ხდება, ექსპრესგადამზიდავი კომპანიების წარმოდგენლები კი ამბობენ, რომ ეს კანონი ევროკავშირის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება და გადაწყვეტილებას ვერც ერთი უწყება ვერ იღებს...


- ამ საკითხზეც საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ და მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ კაონი „საფოსტო კავშირის შესახებ", ჯერჯერობით, მხოლოდ პროექტია, რომელიც პარლამენტშიც არ შესულა ანუ საკანონმდებლო ორგანოში განხილვის საგანი არ გამხდარა და მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროში შემუშავებულ დაუსრულებელ პროექტზე ვსაუბრობთ. აჟიოტაჟიც ამის გამო ატყდა. მინდა, ამ ბიზნესში ჩართული ყველა კომპანიის წარმომადგენელი დავამშვიდო და თქვენი საშუალებით ვუთხრა, რომ ამ კანონს მხოლოდ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შევიმუშავებთ, რომლის საბოლოო ვერსია ყველა კომპანიასთან შეჯერდება და ამას „საქართველოს ფოსტის" წარმომადგენლებიც ეთანხმებიან.


- შეგვიძლია, თამამად განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო „საქართველოს ფოსტისგან" ბაზრის მონოპოლისტს არ შექმნის?


- ყველა ოპერატორი, რომელიც ამ ბიზნესშია ჩართული, ინფორმირებული იქნება, რათა არ ჰქონდეს განცდა, რომ ვიღაც დაჩაგრავს ან ბიზნესს წაართმევს, ეს გამორიცხულია, პირიქით, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამ პროექტს დეტალურად განვიხილავთ და, თუ რომელიმე დეტალი გაუგებარი იქნება, აუცილებლად გამოსწორდება.


- მართალია, მცირე დრო გავიდა, რაც „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო" ამოქმედდა, მაგრამ თქვენი ინფორმაციით, რადმენად ეფექტურად იმუშავებს?


- მცირე დაზუსტებას შევიტან კითხვაში, რამეთუ მოქმედი კანონმდებლობით, საუბარია „კონკურენციის სააგენტოზე", რომელსაც ცვლილებამდე „კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო" ერქვა.


რაც შეეხება კონკრეტულად კითხვას, ამ თემაზე საუბარი გამიჭირდება, ვინაიდან სააგენტო მართლაც ცოტა ხნის წინ, 15 აპრილს შეიქმნა და ამ ეტაპზე, მისი დაკომპლექტებაც კი არ დასრულებულა. გარდა ამისა, კანონმდებლობით განსაზღვრულია ვადა, თუ რა პერიოდში უნდა დასრულდეს სააგენტოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება, თუ არ ვცდები, ეს ვადა 1 ოქტომბრამდეა. კონკურენციის სააგენტო პირდაპირ პრემიერ-მინისტრი დაქვემდებარებაშია და მხოლოდ მის წინაშეა ანგარიშვალდებული. შესაბამისად, აღნიშნულ სააგენტოს მოქმედი კანონმდებლობით, ყველა სხვა საჯაროს სამართლის იურიდიული პირისგან განსხვავებით, დამოუკიდებლობის საკმაოდ მაღალი, ლეგიტიმური ხარისხი აქვს.


- ნამდვილად არ მესმის და იქნებ განმიმარტოთ, რამდენად შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სააგენტო დამოუკიდებელი იყოს?


- მარტივად აგიხსნით - ამ სააგენტოს მოქმედებები არ ვრცელდება იმ სფეროებზე, რომლებსაც მარეგულირებელი კომისიები არეგულირებენ, მაგალითად ენერგეტიკულ საკითხებში სააგენტო ვერ ჩაერევა. მარეგულირებელი კომისიები კონსტიტუციური ორგანოებია, რომელთა წევრებს კონსტიტუციის მუხლების იმხედვით ირჩევენ და კანონით ის სფეროებიც განსაზღვრული აქვთ, რომლებსაც არეგულირებენ. „კონკურენციის სააგენტო" კი „კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით შექმნილი უწყება, რომელიც ყველა იმ დანარჩენ სფეროს ფარავს, რასაც მარეგულირებელი კომისიები არ მოიცავს. შესაბამისად, რადგან სააგენტო არ არის შექმნილი ისე, როგორც მარეგულირებელი კომისია, მისი სამართლებრივი სივრცე ყველაზე მაღალი ხარსხითაა განსაზღვრული და პრემიერის დაქვემდებარებაშია, ამდენად ამ სააგენტოს სამართლებრივი დამოუკიდებლობის გარანტი მთავრობის ხელმძღვანელი ანუ პრემიერ-მინისტრია, რომელიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

- ციფრების მიხედვით, საქართველოში ეკონომიკის ზრდა შეინიშნება, მაგრამ ეს ტენდენცია საქართველოს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე ჯერ კიდევ არ ასახულა, როგორ ფიქრობთ, რატომ?

- ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით და აგიხსნით, რატომ - ეკონომიკის ზრდასა და ზოგადად, მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზეც სწორედ ციფრები მეტყველებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტს რომ გადახედოთ და შეადაროთ, რა ხარჯები იყო ადრე სოციალურ სფეროზე და ახლა რა არის, განსხვავებას აშკარად იგრძნობთ. სოციალური ხარჯვისთვის ადრე 1 500 000 000 ლარი იყო გამოყოფილი, ახლა 2 800 000 000 ლარია ანუ ზრდა 1 300 000 000 ლარია, რაც უზარმაზარი თანხაა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ბიუჯეტის მესამედი მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე დახარჯოს, რაც უკვე ზარმაზარი ზრდაა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებში მოქმედებს, საქართველოშიც ამოქმედდა, ჩვენი ქვეყანაც ერთ-ერთია მათ შორის, სადაც სახელმწიფო თითეოულ მოქალაქეს აზღვევს და მათი ჯანმრთელობის გარანტია. პრაქტიკულად, ადამიანი არ არის საქართველოში, რომელსაც ოპერაცია სჭირდება, თანხა არ აქვს და მას სახელმწიფო გვერდში არ უდგას.

- თქვენი აზრით, ეკონომიკური ზრდა რა განაპირობა, ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები შემოვიდა?

- მარტივ მაგალითს გეტყვით: ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის „საქართველოს ბანკის" აქციები, 2013 წლიდან გაორმაგდა. როდესაც უცხოელმა ინვესტორემა დაინახეს, რომ საქართველოში ხელისუფლება კანონიერად, არჩევნების გზით შეიცვალა, როდესაც დარწმუნდნენ, რომ საქართველო ევროპული არჩევანის გზაზე დგას, სადაც ადგილობრივი კანონმდებლობა ჰარმონიაშია ევროპულ კანონმდებლობასთან, ამ ფაქტორების გამო გაორმაგდა „საქართველოს ბანკის" აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც ხელისუფლება ნამდვილად ვერ ჩაერეოდა. რამდენადაც ეკონომიკური ზრდის დამაიმედებელი ციფრები გვაქვს, იმდენად ბიუჯეტში, თანხების მობილიზების კუთხითაც კარგი შედეგი გვაქვს, რადგან გეგმა გადაჭარბებით სრულდება. რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტრომ, მხოლოდ ერთ თვეში, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, 60 000 000 ლარზე მეტი გასცა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე ყველა მოქალაქე არ დაკმაყოფილდება, რომელთა წლიური შემოსავალი 6 000 ლარს არ აღემატება.


- ბიუჯეტში შემოსავლების მობილიზების ზრდა რას ნიშნავს, ბიზნესმა შვებით ამოისუნთქა და სახელისუფლებო წნეხისგან გათავისუფლდა?


- აბსოლუტურად გეთანხმებით, რადგან პირველი კვარტლის - იანვრის, თებერვლისა და მარტის მონაცემები რომ განვიხილოთ, დღგ-ს ბრუნვის ზრდა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რაც მხოლოდ კერძო ბიზნესის აქტივობამ გამოიწვია. პირველი კვარტლის მონაცემები ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნე, რომ ამ პერიოდში, თუნდაც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საბიუჯეტო თანხები არ იხარჯებოდა, ანუ ეს მხოლოდ ბიზნესაქტივობის შედეგია. რაც შეეხება ინვესტიციებს, ახლაც საკმაოდ საინტერესო საინვესტიციო პროექტებს ვიხილავთ, ამ ხრივ სიახლეებიც იქნება, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც. საკმაოდ ბევრი სამშენებლო მოედანი გაიხსნება საქართველოს მასშტაბით და ამას თითოეული მოქალაქე ნახავს...


- თქვენი აზრით, რა არის ყველზე პრობლემური საკითხი ბიზნესსა და ზოგადად, ეკონომიკაში, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს?


- ჩემი აზრით, ბიზნესსაც და მოქალაქეებსაც სტაბილურობის გარანტია სჭირდება. ამისკენ საკმაოდ ინტენსიურად ვვითარდებით, სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ და დარწმუნებული ვარ, ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ საგადასახადო კანონმდებლობაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, კონკრეტული ცვლილებები და ახალი რეგულაციები არ იქნება, თუმცა, თუ ასეთი ცვლილება მაინც საჭირო გახდება, მხოლოდ დეტალური მსჯელობის შემდეგ უნდა შევიდეს ძალაში, ბიზნესმა კი დიდი ხნით ადრე უნდა იცოდეს ამის შესახებ, რათა წინასწარ მოემზადოს. დეტალურად რომ ვიმსჯელოთ, გადასახადებთან დაკავშრებით, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საუკეთესო ჯამური მაჩვენებელი გვაქვს, თუმცა მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ინვესტიციების რაოდენობის განმსაზღვრელი ფაქტორი მხოლოდ გადასახადების სიმცირე არ არის, ამას სჭირდება მთავრობის პოზიცია, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და მიმზიდველი საგადასახადო გარემო. როდესაც ეს ყველაფერი კმობინირებულად, მწყობრად მუშაობს, სადაც ბიზნესსაც და ქვეყნის მოქალაქეებსაც სტაბილურობისა თუ უსაფრთხოების განცდა აქვს, ცხადია, ინვესტიციებიც მატულობს და ეკონომიკაც იზრდება. ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმზე მოდის, ტურისტის მოზიდვის მთავარი პირობაა კონკრეტული კურორტები შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და უსაფრთხოებით. ჯამში, ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერესა და მის განვითარებაზე აისახება.


- უკრაინის კრიზისის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალური იქნება წლევანდელი ტურისტული სეზონი საქართველოში, როგორ ემზადება სახელმწიფო ამისთვის?


- ეკონომიკის საბჭოს ბოლო სხდომა ტურისტული სეზონისთვის მზადების საკითხს დავუთმეთ, სადაც ყველა დეტალი განვიხილეთ. ვიმსჯელეთ, რამდენად მზადაა სახელმწიფო ტურისტული სეზონისთვის და რა ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილება. გაერო-ს შესაბამისმა ორგანიზაციამ, ტურისტების ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, რეგიონში პირველ ადგილზე დაგვასახელა. დასაქმების კუთხით, ეკონომიკაში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას მაღალი მაჩვენებელი აქვს, რადგან, რაც მეტი სასტუმრო აშენდება, მით მეტი ადამიანი დასაქმდება. საბოლოოდ, ეს პროცესი სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და ინდუსტრიის განვითარებაზეც მოქმედებს. დღევანდელი მონაცემებით, თბილისში 10 000-მდე საწოლის დეფიციტია, სწორედ ესაა ინვესტორებისთვის თავისუფალი ნიშა, სადაც ამ ინდუსტრიის განვითარება შეუძლიათ. თბილისის სასტუმროები, დიდი ქალაქების სასტუმროების დატვირთვას თითქმის უტოლდება, რადგან საქართველოში ტურისტების შემოდინების პროცესი მზარდია, საწოლების რაოდენობა კი დეფიციტური, ანალოგიური ვითარებაა აჭარაშიც ანუ დღევანდელი მონაცემებით, უკვე არსებული ინფრასტრუქტურა ტურისტების მოზღვავებას ვეღარ უძლებს, ამიტომ ძალიან ბევრი სასტუმროს მშენებლობა და ამ მიმართულებით, სერვისის განვითარება გვჭირდება, რათა მეტი დამსვენებელი მივიღოთ. თუმცა ეს პროცესი მხოლოდ ზაფხულზე ორიენტირებული არ უნდა იყოს, ჩვენ ისეთი კურორტებიც გვაქვს, სადაც ტურისტების მიღება წელიწადის ოთხივე დროს შეგვიძლია. ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, რათა აჭარის მაღალმთიან რეგიონში ზამთრის კურორტი განვითარდეს. საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა წელს, ბაკურიანსა და გუდაურში თოვლის სიმცირე იყო, აჭარის მაღალმთიან რეგიონში კი თოვლის საფარი 2 მეტრამდე აღწევდა. წყალტუბოს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას კარგი პერსპექტივა აქვს, მეტიც - საქართველოში სამკურნალო წყლების ტურისტული ინდუსტრიაც უნდა განვითარდეს, რაც წელიწადის ოთხივე დროს დაიტვირთება.

 

 

მაია მიშელაძე

გაზეთი „ვერსია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016