რეჟისორი ქეთი დოლიძე ხელოვნების სამსახურში მამის, რეჟისორ სიკო დოლიძის გავლენით მოხვდა. მისმა მასწავლებელმა, მიხეილ თუმანიშვილმა კი ქალბატონ ქეთის სარეჟისორო ხედვაში დიდი წვლილი შეიტანა. ქეთი დოლიძის გახმაურებულ ნამუშევრად ფილმი „კუკარაჩა“ მიიჩნევა, თუმცა, რეჟისორი მხოლოდ კინონამუშევრებით არ გამოირჩევა. ქალბატონი ქეთი ბოლო წლების აქტიური ოპოზიციონერი გახლავთ. მისი ხმამაღალი განცხადებები მოქმედი თუ ყოფილი ხელისუფლების მიმართ ყურადღებას მუდმივად იქცევს.
ქეთი დოლიძის შვილებიც, მსახიობი თამრი ბზიავა და რეჟისორი თორნიკე ბზიავა ხელოვნების გზას დაადგნენ. დედა მათთვის რჩევებს არ იშურებს, შვილებიც ქეთი დოლიძის აზრს ყოველთვის ითვალისწინებენ.
რეჟისორი „რეპორტიორს“ ესაუბრება:
__ ქალბატონო ქეთი, თქვენი კინოხელოვნებით დაინტერესება ალბათ მამის, რეჟისორ სიკო დოლიძის გავლენას უკავშირდება.
_ რა თქმა უნდა, მამის და ოჯახის გავლენა დიდი იყო. რაც თავი მახსოვს, მხოლოდ კინო და თეატრი მაინტერესებდა. მითუმეტეს მას შემდეგ, რაც მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე გავხდი. შემდეგ ჩემი შემოქმედებითი პოტენციალი კინოსკენ მივმართე და კმაყოფილიც ვიყავი, რადგან ჩემს საქმეს ვაკეთებდი.
მასწავლებლად მყავდა მამა, სიკო დოლიძე და ბატონი მიხეილ თუმანიშვილი. როცა „კუკარაჩა „ გადავიღე, ფილმის ბოლო ვარიანტი, ჯერ კიდევ შავი მასალა მამამ და ნოდარ დუმბაძემ ნახეს. მამა მიუბრუნდა ბატონ მიხეილ თუმანიშვილს და უთხრა, დიდი მადლობა რომ კარგი შვილი გამიზარდეო. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემს გაზრდაში მამასაც დიდი წვლილი მიუძღვის, რადგან დაბადებიდან სულ გადასაღებ მოედანზე ვიყავი, ყველაფერს ვუყურებდი და ვსწავლობდი.
__ მამისგან განსაკუთრებით რა რჩევა-დარიგება გახსოვთ, რომელსაც დღესაც ხშირად იმეორებთ?
_ მერვე კლასში ვიყავი და რეჟისორობა უკვე მაინტერესებდა. ჩემი ძმები ВГИК-ში სწავლობდნენ. არდადეგებზე რომ ჩამოვიდნენ, მამამ იმ ოთახში ჩაგვკეტა, სადაც ტელეფონი არ იყო და გვითხრა: - თქვენ აირჩიეთ ხელოვნების გზა, მაგრამ გახსოვდეთ, საბედნიეროდ საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი პოლიტიკური წყობის ქვეყანაში გაჩნდით, რომ დააშავებთ თუ არ დააშავებთ, შეიძლება მაინც დაგსაჯონ. ეცადეთ, პირადი , შინაგანი ცენზორი არ გყავდეთ. ნურაფერი ნუ გაგაკონტროლებთ შიგნიდან. იყავით თავისუფლები, რადგან მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია ხელოვნებაში რაიმეს შექმნაო. ეს სამუდამოდ დავიმახსოვრე.
__ მამის სწვალების შედეგია, რომ მუდმივად გამოირჩევით ხმამაღალი , ოპოზიციური განცხადებებით და სამოქალაქო აქტივობით?
_ მამა ძალიან დიდი საზოგადო მოღვაწე იყო და დედაც , რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა და ხუთი წლის დამტოვა, მაინც მახსოვს. მსუბუქი მრეწველობის მინისტრის მოადგილე იყო, მაშინ ეს დიდი თანამდებობა გახლდათ. ძალიან ბევრი რამ ეხებოდა და ბევრი სიკეთე აქვს ჩადენილი. ძალიან აქტიური იყო. მან ომის შემდეგ ცენტრალურ კომიტეტს მიმართა და ყველა რელიგიურ კონფესიას, ქართულ, რუსულ თუ სინაგოგის წარმომადგენლებს ჩააცვა, რადგან სამოსელი არ ჰქონდათ. ამის გამო კალისტრატე ცინცაძისგან დალოცვა მიიღო. ესეც დარჩა ჩემს მეხსიერებაში.
__ თუმცა მუდმივად ოპოზიციაში ყოფნა გარკვეულ სირთულეებსაც უკავშირდება. რატომ ირჩევთ ამ პოზიციას ხშირ შემთხვევაში?
_ ყოველთვის ვაძლევდი შანსს ყველა ხელისუფლებას. ასე იყო ზვიადის დროსაც, მაგრამ როცა მისი ხელისუფლება ჭკუიდან გადავიდა, მე ოპოზიციაში გადავედი. მერე მოხდა ის, რაც მოხდა. შემდეგ მთავრობასაც მივეცი შანსი, მაგრამ 1998 წელს გადავედი ოპოზიციაში, ისეთი სტაგნაცია იყო. ეს იმას არ ნიშნავს რომ შევარდნაძის ნაბიჯებს, რაც გადადგა და კარგი გააკეთა, არ ვაფასებ. შემდეგ ახალგაზრდა გუნდს, უფრო კი ჟვანიას ვენდობოდი. მეგონა, სააკაშვილს ჟვანია გააკონტროლებდა, თორემ როგორი ხასიათიც ჰქონდა, ძალიან კარგად ვიცოდი. ჩემი უარყოფითი განწყობა მთავრობის მიმართ ჟვანიას სიკვდილის მერე დაიწყო. 2007 წელს კი შეურიგებელ ოპოზიციაში გადავედი. დღევანდელ მთავრობას ერთ წელიწადში ვერ მოვთხოვ ვერაფერს. მსგავსი დამოკიდებულება არც სხვა ხელისუფლების მიმართ მქონია. 9 წელიწადი რა უბედურებაც დააწიეს საქართველოს, ამის გამოსწორება ადვილი არ არის. მაგრამ თუ რამე არ მომეწონება ახალ ხელისუფლებაში, ხმის ამოღებას ვერავინ დამიშლის. არცერთი ხელისუფლებისგან საჩუქრად არაფერი მიმიღია. ყველაფერს ჩემი შრომით მივაღწიე. ჩემთვის მთავარია სამართლიანობის აღდგენა-ათი წელი ცდლილობდნენ სასამართლოს საშუალებით ჩემთვის ბინის წართმევას. კარგი ადამიანების დამსახურებაა, რომ დღეს ქუჩაში არ ვარ. დღისით, მზისით ფესტივალი „GIFT-იც“ („საჩუქარი“) წამართვეს და იმათაც კი მივუტევე.
__ ფესტივალი დაიბრუნეთ. რა გეგმები გაქვთ?
_ ფესტივალი შარშან დიდი ზარზეიმით ჩატარდა. ჩამოვიტანეთ მხოლოდ ა კლასის ნამუშევრები. წელს ასევე მაღალი დონის ფესტივალი იქნება. უბრალოდ, სანამ კულტურა ამ ქვეყანაში პრიორიტეტი არ გახდება, არაფერი არ გვეშველება. ეს არის ერთადერთი ექსპორტი, რაც შეგვიძლია ქვეყნიდან გავიტანოთ. სხვა ექსპორტი საქართველოს არ აქვს. არადა, იშვიათია პოლიტიკოსი, რომელიც ამაში შეიძლება დაარწმუნო. ივანიშვილის წყალობით გადარჩა თეატრი და ხელოვნება-ამის დავიწყება არ შეიძლება.
ფესტივალი „საჩუქარი“ , როგორც ყოველთვის, ოქტომბრის ბოლო ორ კვირას ჩატარდება.
__ ცნობილია რომ ედინბურგის ფესტივალზე სპექტაკლის წაღებას აპირებთ. გვესაუბრეთ ამის შესახებ.
_ რეჟისორი გაი მასტერსონი ორუელის „ცხოველების ფერმის“ დასადგმელად მოვიწვიეთ. იმისთვის რომ კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარში „ცხოველების ფერმა“ ყოფილიყო, უცხოელი რეჟისორის მოწვევა ნამდვილად არ დამჭირდებოდა, ქართველსაც დავაკავებდი. ეს საჭირო გახდა, იმიტომ, რომ მაკინტოშის კომპანიას ორუელის ოჯახთან ხუთი წლით აქვს შეთანხმება დადებული, რომ „ცხოველების ფერმის“ დადგმის უფლება მაკინტოშის გარდა არავის აქვს. ჩვენ მოვიპოვეთ უფლება, რომ „ცხოველების ფერმა“ დადგას ბრიტანელმა და მათმა საყვარელმა რეჟისორმა გაი მასტერსონმა, იმისთვის, რომ შემდეგ სპექტაკლი ედინბურგის ფესტივალზე წავიდეს. ძალიან დიდი პროექტია, რომელშიც კულტურის სამინისტრო ჩავრთე. ახლა უცბად აღმოჩნდა, რომ სპექტაკლის დასადგმელი ფული არის, მაგრამ წასასვლელი არა. ეს არ შეიძლება! სამმაგად ტყუვდებიან-ორუელის ოჯახი, რომლებმაც მთლიანად მოგვცეს საავტორო უფლება, გაი მასტერსონი და დარბაზი, რომელიც ერთი თვის მანძილზე გაცდება და ამას არავინ გვაპატიებს. ჩვენ უკვე ვზივართ პროგრამაში და ბილეთების გაყიდვა დაიწყო. მსოფლიოში უკვე ყველგან, სიტყვიერი თანხმობა იმის საწინდარია, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს. დიდი კომპანიებიც კი ხანდახან ტელეფონით ელაპარაკებიან და საქმეებს ასე წყვეტენ. ამიტომ არ შეიძლება იმის თქმა, რომ თანხმობა ოფიციალურად არ მოუციათ. შესაბამისად, ვცდილობთ კულტურის სამინისტრო დავარწმუნოთ.
__ შვილებიც თქვენს გზას გაყვნენ, ხელოვნება აირჩიეს პროფესიად. ვაჟი რეჟისორია, ქალიშვილი კი -მსახიობი. რთული არ არის ერთ ოჯახში ხელოვანების ცხოვრება?
_ თამრიკო ჩვენს თეატრშია და კარგი მსახიობია. მისმა მონოსპექტაკლმა ინგლისურ ენაზე, ედინბურგში ოთხი ვარსკვლავი აიღო, რაც დიდი წარმატებაა.
თორნიკე მეხუთე ფილმს აკეთებს. მან ახლა მოიგო კონკურსი, რომელიც ჩვენმა კინოცენტრმა გამოაცხადა, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სცენართან დაკავშირებით. თორნიკემ უკვე გადაიღო მომავალი ფილმის დასასრული. მას ნაწილობრივ კინოცენტრი დააფინანსებს. კანის ფესტივალზე კი მისმა ფრანგმა მეგობარმა მიიწვია.
მე არ ვერევი მათ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის მხოლოდ დედა კი არა, პედაგოგიც ვარ, როცა საქმე მათ ნამუშევრებს ეხება. მაქვს უნარი მათ მიმართ სრულიად ობიექტური ვიყო. აზრს ყოველთვის მეკითხებიან. უფრო ხშირად ერთნაირი გემოვნება გვაქვს.
რეჟისორი კვლავ განაგრძობს სამოქალაქო აქტიურობას. იმედს ვიტოვებთ, რომ ქალბატონი ქეთი დოლიძე დასახულს მიზანს, ორუელის „ცხოველების ფერმის“ ქართულ სცენაზე დადგმას და მის ედინბურგის ფესტივალზე წაღებას მოახერხებს. როგორც თავად ამბობს, ქართული კულტურა ხომ ყველაზე საინტერესო ექსპორტია მსოფლიოსთვის...