საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საბურთალოს ქუჩაზე სამი პირი: 1985 წელს დაბადებული ლუკა გ. - ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1981 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1985 წელს დაბადებული ლაშა ს. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, ე. წ. „ნარკოკომის" შესახებ მიღებული შეტყობინების გადამოწმებისას, საბურთალოს ქუჩაზე, ლუკა გ-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში სტუმრად მყოფი გიორგი ს. უგონო მდგომარეობაში დახვდათ. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ „ემერჯენს"-ის კლინიკაში გადაიყვანა. აღნიშნულ ბინაში ასევე იმყოფებოდნენ თავად ლუკა გ. და ლაშა ს, რომლებიც ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტიკული ნივთიერება „ოპიუმი"-ს ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ლუკა გ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას „კოლტ"-ის და „სტეჩკინი"-ს მოდელის უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და 2 ერთჯერადი შპრიცი ამოიღეს, რომლებშიც 0,0321 გრ „ჰეროინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება იყო მოთავსებული.
გამოძიება ლუკა გ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით), ხოლო ლაშა ს-ს და გიორგი ს-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
გამოძიებას აწარმოებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახური.