ქართველი მწერალი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი კონსტანტინე გამსახურდია 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა.
მამა სიმონ გამსახურდია, დედა - ელისაბედ თოფურიძე. კონსტანტინე სიმონის ნაბოლარა, მეცხრე შვილი იყო. მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის მის გადია ეკაიას. ანბანი მან სოფლის სამრევლო სკოლაში ისწავლა. მოგვიანებით მამამ შვილები კონსტანტინე და ვანო ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში მიაბარა. კონსტანტინემ სკოლა 1904 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ მამამ ქუთაისში წაიყვანა და ძმასთან ერთად ქუთაისის გიმნაზიაში ჩარიცხა, რის შემდეგაც კონსტანტინე აბაშაში მხოლოდ არდადეგებზე ჩადიოდა ხოლმე.
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი", თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
გამსახურდიამ პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. მისი პირველი ლექსები და კრიტიკული წერილები 1914 წელს დაიბეჭდა. 1922 წლიდან რედაქტორობდა „აკადემიური მწერლობის კავშირის" ჟურნალებს: „ილიონი", „ლომისი", „საქართველოს სამრეკლო". ადრეულ ლირიკასა და ნოველების პირველ კრებულში „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ".
ეროვნული სულისკვეთება გასდევს გამსახურდიას პირველ რომანს, „დიონისოს ღიმილი". მითოსური დიონისეს სახე რომანში კონსტანტინე სავარსამიძის ესთეტიკურ - ზნეობრივი ნიღაბია. „დიონისოს ღიმილი" ექსპრესიონისტული პროზის ნომუშია.
თანამედროვე ეროვნულ ნიადაგს მოწყვეტილი გმირის სახეს და მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას ავითარებს, ოღონდ გაცილებით უფრო ღრმად, თარაშ ემხვარი - ტრილოგიის, „მთვარის მოტაცების" მთავარი გმირი. ეს ნაწარმოები დიდმნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქართულ ლიტერატურაში მაღალმხატვრული პანორამული სოციალური რომანის დამკვიდრების თვალსაზრისით. მთავარ გმირთან დაკავშირებული ძირითადი სიუჟეტური ხაზი არსებითად გვიჩვენებს ძველის მეთოდურ ნგრევას, საზოგადოების სხვადასხვა ფენის ურთიერთობათა რევოლუციურ გარდაქმნის სიმძაფრეს კოლექტივიზაციის პერიოდში; მწვავედ წარმოაჩენს ძველი არისტოკრატიის პრობლემას;
გამსახურდიას სამწერლო დიდება მნიშვნელოვანწილადაა დაკავშირებული ისტორიული რომანის ჟანრთან. რომანი „დიდოსტატის მარჯვენა" გამსახურდიას შემოქმედების მწვერვალია. ავტორისეულ ჩანაფიქრს საფუძვლად უდევს სვეტიცხოვლის მშენებლობის ნახევრად ლეგენდარული ისტორია. ნაწარმოების მხატვრული კონცეფცია ხორციელდება მეფე გიორგი I-სა და სვეტიცხოვლის ხუროთმოძღვრის, კონსტანტინე არსაკიძის მხატვრულ სახეთა გახსნითა და შეპირისპირებით. გიორგი პირველი შინააშლილობის დათრგუნვის გზით მტკიცე პოლიტიკური ერთმმართველობის დამკვიდრების გამოხატულებაა. არსაკიძე შემოქმედებითი პოტენციის, ხელოვნებისა და შრომის დიდ თემას განასახიერებს. სვეტიცხოველი ერის სულიერ-ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების მატერიალიზებული სიმბოლოა.
რომანში „ვაზის ყვავილობა" გამსახურდია კიდევ ერთხელ მიუბრუნდა თანამედროვეობის თემას. მასში ასახა საკოლმეურნეო სოფლის ცხოვრება 30-40-იან წლებში. კერძოდ, ის პერიოდიც, როცა საბჭოთა ხალხმა სამამულო ომი გადაიტანა.
გამსახურდიას ისტორიული ტეტრალოგია „დავით აღმაშენებელი" ფართო ტილოა, რომელიც მხატვრული ასახვის ობიექტად აქცევს არა მარტო XI-XII საუკუნეების აღზევებული საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას, არამედ ახლო აღმოსავლეთში, იმხანად მიმდინარე მძაფრ ისტორიულ, პოლიტიკურ, ეროვნულ, რელიგიურ და სამხედრო ძვრებს. რომანისტი გვიჩვენებს ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში; კავკასიის სხვადასხვა ეროვნების ხალხთა მონაწილეობას სელჩუკთა წინააღმდეგ ქართველთა ბრძოლაში.
გამსახურდიას კალამს ეკუთვნის აგრეთვე პირველი თანამედროვე ისტორიულ-ბიოგრაფიული რომანი ქართულ ენაზე - „გოეტეს ცხოვრების რომანი" (1934). აღსანიშნავია, გამსახურდიას ესეები ქართველ, რუს, სომეხ თუ დასავლეთ ევროპელ კლასიკოსთა ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი", დანტეს „ღვთაებრივი კომედია" (I ნაწილი - „ჯოჯოხეთი" კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია", უოლტ უიტმენის ლექსები და სხვ.
1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი", მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით.
კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის ეზოში. 2008 წლის 5 მარტიდან კონსტანტინე გამსახურდიას პირადი არქივი ინახება საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.