არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განმარტა მიზეზი, თუ რატომ ვერ მოხვდა არგენტინის სამუნდიალო განაცხადში „იუვენტუსის" ფორვარდი კარლოს ტევესი.
გუშინ ნაკრების თავკაცმა ალეხანდრო საბელიამ დაასახელა შემადგენლობა, რომელიც 2014 წლის მუნდიალზე გაემგზავრება. „იუვენტუსის" მაისურით სერია A-ში (19 გოლით) გამართული კარგი სეზონის მიუხედავად, ამ სიაში ვერ მოხვდა კარლოს ტევესი.
„ეს გადაწყვეტილება ნაკრების ინტერესების გათვალისწინებით მივიღეთ. გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომელიც შემადგენლობაში ერთი და იმავე პოზიციის პრეტენდენტია. მათ შორის ძლიერი კონკურენციაა, მაგრამ ამას ყველა ვალდებულებად არ აღიქვამს. აქედან იწყება პრობლემები. ჩვენ უკვე გვქონდა ასეთი პრობლემა წარსულში, ამიტომაც ზოგიერთი ფეხბურთელი ნაკრებში არ გამოვიძახეთ", - განაცხადა გრონდონამ.