reportiori.ge - სანამ ზებო გამარჯვების ყიჟინას დასცემს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სანამ ზებო გამარჯვების ყიჟინას დასცემს
ავტორი:
15 მაისი, 2014. 15:48

მიხეილ დარახველიძე

 

 

უბედურებას თითქოს არაფერი მოასწავებდა: მერობისა და გამგებლობის კანდიდატები უხვად არიგებდნენ დაპირებებს;  პრემიერ მინისტრი გულთბილად ემუსაიფებოდა კათალიკოს პატრიარქს; საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროპელ კოლეგებს; სამხედრო მინისტრი - ამერიკელ პარტნიორებს; პატიოსანი  მეძავი ჟანა - სოდომის ცოდვიან გეი ზიზის; ნიკა გვარამია - ნინო შუბლაძეს...

 

ღადარში ქექვა სახიფათოა


მინავლული ცეცხლის გამჩაღებლის როლი გასულ კვირას  ცნობილ ჰუმანისტს, განმანათლებელს, ქართული სამართლისა და ჟურნალისტიკის მოამაგეს,  ნიკა გვარამიას ერგო. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მწუხარესახიანი ანგელოზებით გარშემორტყმულმა ბატონმა ნიკამ გვამცნო ელდისმომგვრელი ინფორმაცია - საქართველოს ხელისუფლება თურმე საიდუმლოდ უსმენს და ვიდეოზე იწერს  პირადად ნიკას და მის პირველ მოადგილეს, ნინოს!


ვინაიდან გამოქვეყნებული ფრაგმენტების მიხედვით რაიმე დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, ჯერჯერობით არ ვიცით, რა საიდუმლოს მალავდა ბატონი ნიკა და მისი „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია". უფრო ზუსტად, არ ვიცით, რატომ უთვალთვალებდა ღარიბაშვილის ხელისუფლება სააკაშვილის ტელევიზიას. როგორც პროკურორი ნიკა გვარამია იტყოდა, გაჩნდა დასაბუთებული ეჭვი, რომ ტელევიზიის შეფ ნიკა გვარამიას სამართლიანობის დამკვიდრება კი არა, სხვადასხვა მძიმე დანაშაულში ბრალდებული და ეჭვმიტანილი  ნაცმოძრაობის „ცნობადი სახეების" წამებულად, „სისტემის მსხვერპლად" წარმოდგენის სურვილი ამოძრავებდა.


მოდი, ვთქვათ გულახდილად - ისინი (გვარამია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, ბოკერია, კეზერაშვილი, კოდუები, ახალაიები, ხაჩიძე-წიკლაურები, ნაცმოძრაობის იდეოლოგები, სხვისთვის წართმეული ქონებით გამდიდრებულები, ხელისუფლების მიერ მოსყიდულ-გადაბირებულები, „ზონდერბრიგადების"  წევრები, რუსთავი 2-ის პროპაგანდისტული მანქანის ჭანჭიკები, პრეზიდენტზე გულწრფელად და ყასიდად შეყვარებული ქალბატონების ჰამქარი, პირადად სააკაშვილი და მისი „სიცილიური ოჯახის"  წევრები...) მართლაც არიან სისტემის მსხვერპლი. იმ სისტემისა, რომელიც შექმნეს პირადად სააკაშვილმა და მისმა „მოიერიშე" ჯგუფმა ადეიშვილი-ბოკერია-რამიშვილის იდეური წინამძღოლობით. სისტემისა, რომელმაც ნაცმოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ქონება და რეპუტაცია შეიწირა.


ვინაიდან ამ სისტემის ერთ-ერთი შემოქმედი გახლდათ თავად ნიკა გვარამია, ვინაიდან ჯერ კიდევ მეტისმეტად ცხოველია ხსოვნა პროკურორ ნიკა გვარამიას ყოვლად ამაზრზენ „კინოდოკუმენტალისტურ მოღვაწეობაზე", მისმა განცხადებამ ქართულ საზოგადოებაზე სავარაუდო „შოკისმომგვრელი ეფექტი" ვერ იქონია. პირიქით, ქილიკისა და ანეკდოტების წყაროდ იქცა. თავშეკავებული ირონია გამოჩნდა ხელისუფლების წარმომადგენელთა  გამოსვლებშიც. თავდაცვის საუკეთესო საშუალება თავდასხმააო და, გვარამია ახალი მრისხანე მუქარით გამოვიდა - ხვალვე ისეთ რამეებს ვიტყვი და გაჩვენებთ, ხელისუფლებას ჯოჯოხეთი მოენატრებაო!


გვარამიას პროკურატურიდან შეახსენეს, რომ  ამგვარი მასალების თვითნებური გასაჯაროება, ვისი მოპოვებულიც უნდა იყოს, სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯებაო და „ხვალ" ბატონი ნიკა დაკითხვაზე დაიბარეს.


ვნახოთ, რა იქნება ზეგ. იმედია, გვარამიას ეყოფა ჭკუა და ნაცმოძრაობას საკუთარი ნებით საფლავში არ ჩაჰყვება. თორემ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნაციონალური მოძრაობის კუბოს დასაჭედად დიდი ლურსმნით ხელში რახანია მზადაა ჟურნალისტი ირმა ინაშვილი.


წესით, თითიდან გამოწოვილი ავანტურიდან ერთი კვირის შემდეგ რუსთავი 2-ის შეფიც და მისი შეფებიც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ საბედისწერო შეცდომა მოუვიდათ: საიდუმლო ჩაწერა-მიყურადების მინავლული თემის წამოწევა, გამოძიებისა და დამნაშავეთა კანონის მთელი სიმკაცრით დასჯის მოთხოვნა აშკარად ვერ თავსდება მათ ინტერესებში. ამიტომ ალბათ არ შევცდები თუ ვიწინასწარმეტყველებ, რომ ხელისუფლება ამჯერად ბეჯითად და სიამოვნებით შეასრულებს  ოპოზიციის მოთხოვნას. შემიძლია ვიწინასწარმეტყველო შედეგიც - დროა ნიკამ  ზურას (ადეიშვილს) საიმედო თავშესაფარი თხოვოს  (ამისთვის, მაგალითად, მოძმე ჩეხეთის რომელიმე საპატიმრო ურიგო სულაც არ იქნებოდა).


ეს ის შემთხვევაა, როცა ნაცრის გაქექვას, შესაძლოა, მრისხანე ხანძრის აგიზგიზება და  ტრაგიკული შედეგები მოჰყვეს არამარტო ნაცარქექიებისთვის.

 

სევდიანი ზეიმი

 

ცხრა მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი  ვიზეიმეთ. ამჯერად ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა ქარაგმები „სხვის ომზე", ფაშისტ გენერალ მაღლაკელიძის გმირობასა და დამსახურებაზე, ამაო მსხვერპლშეწირვაზე, რუსულ ავანტურაზე და სტალინის დაუნდობლობაზე... მართალია, თითქმის მთელ საქართველოში გაფანტულ დიდი სამამულო ომის (მეორე მსოფლიო ომის) მემორიალებთან თითო-ოროლა ცოცხლად დარჩენილი მონაწილე მივიდა, მაგრამ მათი ღირსება არავის შეულახავს. პირიქით, მათი მისამართით ბევრი კეთილი სიტყვა ითქვა. ხელისუფლების მხრიდან იყო დაპირება ვეტერანებისა და მარჩენალ დაკარგულთა ერთჯერად დახმარებაზე. მართალია, ბევრისთვის და პირადად ჩემთვისაც მთლად ნათელი არ არის, რატომ არ ეხება ეს დაპირება ყველა ომის ვეტერანს. იმედია, უახლოეს მომავალში ესეც გაირკვევა. თუ არ ვცდები, დღეისათვის საქართველოში სულ 75 ათასამდე ვეტერანია (დიდი სამამულოსიც და ყველა შემდგომი ომისაც) და მათი ამაგის მცირედით მაინც დაფასება, გნებავთ, გულის მოგება, არ უნდა იყოს დაკავშირებული გადაულახავ პრობლემებთან.


არა მგონია, ქართველ ფულიან ქველმოქმედებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს გული აუჩუყდეთ, მაგრამ მაინც მათ და ქვეყნის გასაგონად ვიყვირებ: - წადით, ერთ-შაბათ კვირას როგორმე მოიცალეთ და წადით „მშრალი ხიდის" ბაზრობაზე! ნახეთ, როგორ ყიდიან  ღვთისა და კაცისგან უსამართლოდ დავიწყებული  ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები ოდესღაც თავიანთი ოფლის, სისხლისა და სიცოცხლის ფასად დამსახურებულ ნალოლიავებ რელიკვიებს!..


გასულ კვირაში წმინდა გიორგის ხსენების დღეც ავღნიშნეთ. მადლობა ღმერთს და ქართველი კაცის გონიერებას, რომ ვერც ექვსი მაისი - წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღე და ვერც 23 ნოემბერი - მისი სიკვდილით დასჯის დღე ვერ გადაფარა უახლესი ეპოქის რიტუალურმა გამარჯვებებმა: 2004 წლის 6 მაისს აჭარის ასლან აბაშიძისგან „გათავისუფლებამ" და 2003 წლის 23 ნოემბერს საქართველოს შევარდნაძისგან „გათავისუფლებამ".


გასულ კვირაში კიდევ ერთი ძალიან ხმაურიანი ზეიმი თბილისის სპორტის სასახლეშიც გაიმართა - ნაციონალურმა მოძრაობამ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყება გვამცნო. რასაკვირველია, ხელისუფლებაში დაბრუნებითაც დაგვაიმედა.


ზეიმს ვერ დავარქმევ, მაგრამ გასულ კვირაში კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი შევიტყვეთ, თანაც, ვინმე ინფორმატორის ან სანდო პირისგან კი არა, უშუალოდ პირველწყაროსგან - „პატრიოტთა ალიანსმა" თბილისის მერობის კანდიდატად ნაციონალების ერთ-ერთი მესაფლავე, კომპრომატების დედოფალი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი დაასახელა. მისი ხუთი დაპირებაც მოვისმინეთ.

 

დიდი ინკვიზიტორის გახსენება

გასულ კვირაში  კვლავ ძალიან პოპულარული იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის თემა. ახალი არაფერი თქმულა და, ბუნებრივია, ვერც ითქმებოდა. კვლავ აქტიურობდნენ სასულიერო პირები. კვლავ მიდიოდა მსჯელობა ეკლესიიდან განკვეთისა თუ შეჩვენების ავკარგიანობაზე. კვლავ მორცხვად თავს იმართლებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და კანონის მიღების მომხრეები...


მსოფლიო ისტორია გვასწავლის, რომ ეკლესიის სახელმწიფოს საქმეებში ჩარევა არის უმოკლესი გზა ინკვიზიციისაკენ. საუბარია, მეცამეტე საუკუნის მიწურულს ესპანეთში  შექმნილ რელიგიურ სასამართლო სისტემაზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნემდე, კერძოდ, 1834 წლამდე შიშის ზარს სცემდა მთელს ცივილიზებულ სამყაროს. ვიმეორებ - ეს იყო საზოგადოების ერესისგან გათავისუფლების, ქვეყნის დამოუკიდებლობის უკეთილშობილესი მიზნით შექმნილი სისტემა. ერთადერთ მაგალითს შეგახსენებთ - მხოლოდ „დიდი ინკვიზიტორის",  თომას დე ტორკვემადას განაჩენით კოცონზე დაწვეს 8800 ადამიანი!  დასჯილთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალი იყო!..


გალილეო გალილეი გახსოვთ? ბენედიქტე სპინოზა? ჯორდანო ბრუნო?..


რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც უხილავ ძალებს ძალიან უნდათ საქართველოში დაძაბული პოლიტიკური ვითარების შენარჩუნება და ამისთვის ერთობ წარმატებით იყენებენ სულიერების  უფაქიზეს და უმტკივნეულეს თემას. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ძალების გადმოგდებულ ანკესზე ასე იოლად ეგება ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურთა ერთი სოლიდური ჯგუფი. ძალიან მრცხვენია, ძალიან მერიდება, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო - ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან. მას არა აქვს სახელმწიფოს საქმეებში ჩარევის კონსტიტუციური უფლება. ეს არ ნიშნავს, რომ მას არა აქვს ქადაგების, აზრის გამოთქმის, პოლიტიკოსებისთვის რჩევის მიცემის  ან არჩევნებში მონაწილეობის უფლება.


ეკლესიისა და საერო ხელისუფლების ნაყოფიერი თანამშრომლობის ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ გასულ კვირაში მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს პატრიაქსა და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს შორის მიღწეული შეთანხმება საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიულ ოქროს საბადოსთან დაკავშირებით. აქვე გავბედავ და ჩვენი ახალგაზრდა პრემიერის საყურადღებოდ ვიტყვი, რომ თავმდაბლობა და გონივრული უკან დახევაც მხოლოდ ალამაზებს ადამიანს და სულაც არ არის სისუსტის ნიშანი.

 

ეს ნავარო რა ყოფილა!..

 

სწორედ იმ ნავაროზე მოგახსენებთ, რომლის NDI-ის სოციოლოგიურ გამოკითხვებს არავინ ენდობა და უკლებლივ ყველა დროისა და ყველა დონის საარჩევნო კამპანიისას მის გამოკვლევებს ყველა მაინც გულისფანცქალით ელის. ამჯერადაც ასე მოხდა - ნავაროს კანტორამ გვამცნო, რომ ქართველ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე პოპულარული თავდაცვის მინისტრი ალასანიაა! არა პრემიერი ღარიბაშვილი, არა პრეზიდენტი მარგველაშვილი, არა მერობის კანდიდატი ნარმანია ან ბელადი ნათელაშვილი, არამედ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია!


თითქოს დიდი არაფერი მომხდარა, მაგრამ ეს ფაქტი ნაცმოძრაობის იდეოლოგიამ ასე „თარგმნა": ალასანიას ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსად დასახელება კოალიცია „ქართული ოცნების" შიგნით განხეთქილებაზე მიუთითებს და უახლოეს მომავალში ხავერდოვან სახელმწიფო გადატრიალებას უნდა ველოდოთო!


თავი დავანებოთ ანდაზას მელიების სიზმრებსა და მოლანდებებზე და ისა ვთქვათ, რატომ უნდა იყოს ალასანია, მაგალითად, ღარიბაშვილზე უფრო პოპულარული.


ღარიბაშვილი ახალგაზრდაა, პერსპექტიულია, პრემიერ მინისტრია, ბიძინა ივანიშვილის რჩეულია, მაგრამ ყველაფერი ეს არ არის საკმარისი პოპულარობისთვის. ეს ახალგაზრდა, პერსპექტიული, ნიჭიერი კაცი პრემიერ მინისტრი არის მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ისურვა  ბიძინა ივანიშვილმა. ანუ ღარიბაშვილის ავტორიტეტს და, შესაბამისად, პოპულარობას განსაზღვრავს არა მისი დამსახურება ერისა და სამშობლოს წინაშე, არა მისი კომპეტენცია და პიროვნული თვისებები, არამედ მხოლოდ თანამდებობა.


რაც მთავარია, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს უჭირავს ძალიან მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, ძალიან არაპოპულარული თანამდებობა. თავი დავანებოთ იმას, რომ მისი ყოველი მოქმედება, ყოველი გადაწყვეტილება, ყოველი სიტყვა განსაკუთრებული ყურადღებისა და განხილვის საგანია, რაც ხელს სულაც არ უწყობს მისი პოპულარობის ზრდას. მთავარი ის არის, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა, მთლიანად ხელისუფლება, მრავალი ობიექტური მიზეზის გამო, განწირულია წარუმატებლობისათვის. ასეთი მთავრობის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, რეიტინგული ვერ იქნება. მე თუ მკითხავთ, ჩემს 32 წლის უნიჭიერეს ვაჟიშვილს საქართველოს პრემიერ მინისტრობისთვის ვერ გავწირავდი.


რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, მან თავისი პოლიტიკური ბიოგრაფია თვითონვე შექმნა - არც მამა, არც სიმამრი, არც ვინმე ყოვლისშემძლე  მფარველი! თანაც, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ქვეყნის თავდაცვის მინისტრია და ბევრი რამ მისი მოღვაწეობიდან გასაიდუმლოებულია. ეს გარემოებაც  მის პერსონას იდუმალებას ანიჭებს და... რეიტინგსაც მატებს.


ამიტომ მგონია, რომ  ხელისუფლებაში არსებული დაპირისპირების ინდიკატორად ნავაროს რეიტინგები ვერ გამოდგება.


ვინაიდან სიტყვა ალასანიაზე ჩამოვარდა, ბარემ ვიტყვი, რომ იგი გასულ კვირაში ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ სტატებში იმყოფებოდა.  დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა ამერიკის თავდაცვის უწყებისადმი მის შეთავაზებას საქართველოში თავდაცვის ამერიკული სისტემების განლაგების თაობაზე. ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის თაობაზე უახლოეს დღეებში ალბათ მეტი გვეცოდინება. იმედია, ჩვენი თანამოქალაქეები სრული სიმართლის გაგებას არ მოითხოვენ.


...ზებო კი ორმოში ზის და ელის სასწაულს, რომ მერე მოძმეებსაც ახაროს.  იცის, ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ მაინც ზის და ჯიუტად ელის - ასე დაავალა  მისმა მბრძანებელმა.


ვინ იფიქრებდა, რომ სეთური ნიკა გვარამიას ზებოს როლისთვის გაიმეტებდა...



 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016