დორტმუნდის „ბორუსიასთან" გასამართი გერმანიის თასის ფინალური მატჩის წინ, ფრანკ რიბერი მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლას უჩივის.
ფრანკი უკმაყოფილოა იმით, რომ ზოგჯერ სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს.
„ზოგჯერ თამაშობ, ზოგჯერ სკამზე ზიხარ, ზოგჯერ კი უბრალოდ სახლში რჩები. მე ამას არ ვარ შეჩვეული. პირადად მე თამაში მჭირდება. შემიძლია 5-6 მატჩი გადაბმულად ვითამაშო. შესაძლოა ზოგჯერ დასვენება საჭიროა, მაგრამ არა ასე ხშირად", - განაცხადა რიბერიმ.
ფეხბურთელის საჩივარს უკვე გამოეხმაურა კლუბის სპორტული დირექტორი მატიას ზამერი.
„სათასო ფინალური მატჩის წინ არაა დრო პირადი კითხვების განსახილველად", - განაცხადა მან.
ბუნდესლიგის 2013/2014 წლების სეზონში ფრანკმა მხოლოდ 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ამის მიზეზი არა მხოლოდ როტაცია, არამედ ფრანგის ტრავმებიც გახლდათ.