საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- გასაღების ფაქტებზე, ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ახალციხის სექტორის უფროსი ოლეგ ძოწენიძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძოწენიძემ არ აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევა - არაიოდიზირებული მარილის რეალიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება მას სამსახურებრივად ევალებოდა.
დაკავებულმა, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დიდი ოდენობით არაიოდიზირებული მარილი შეიძინა და კანონით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, პროდუქციის ნაწილის რეალიზება განახორციელა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ძოწენიძემ ერთ-ერთი მოქალაქისთვის 5 ტონა არაიოდიზირებული მარილის მიყიდვისას, სასაქონლო ზედნადებში ყალბი მონაცემები შეიტანა და დოკუმენტებში საქონლის რეალურ ღირებულებაზე ნაკლები ოდენობის თანხა დააფიქსირა, რითაც ხელი შეუწყო სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელი გადასახადების შემცირებას.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210 -ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4-დან 7 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.