განათლების სამინისტრომ 2013-2020 წლების პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის განხილვა სასტუმრო „თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს, კონფერენციის თემა პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა. კონფერენციას განათლების სფეროში მოქმედი ის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც ახალი სტრატეგიის დანერგვაში მონაწილეობენ.
„კარგი სტანდარტები და პროგრამები მზადდება,რომელსაც მალე შევთავაზებთ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო კოლეჯებს." - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
აღინიშნა, რომ პროფესიული განათლება, დაინტერესებული პირებისათვის, მიმზიდველი უნდა გახდეს და რეალურ საგანმანათლებლო ალტერნატივას უნდა წარმოადგენდეს.
კონფერენციაზე პროფესიული განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის გეგმაც წარადგინეს. საქართველოში მოქმედ 12 000 ბიზნეს კომპანიას კითხვარები გადაეგზავნა, რომელსაც მხოლოდ 200 კომპანიამ უპასუხა. გამოკითხვამ პროფესიული განათლების მართვის სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის ძალიან დაბალი დონე გამოავლინა.
პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში შემუშავდა.