იაპონიაში ნაცუ ბაშო 2014 გრძელდება. გუშინდელი დღე ჩვენი ბიჭებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა - ორივე მათგანმა გამარჯვება მოიპოვა. ეს გამარჯვება ორთავესთვის რიგით მე-3 იყო, თუმცა გაგამარუს ამ 3 მოგების წინ 2 მარცხი აქვს განცდილი, ტოჩინოშინს კი - არცერთი.
ტოჩიმ გუშინ 22 წლის ახალბედა იაპონელს, კავაბატას სძლია, რომელიც მხოლოდ მე-2 ბაშოს ატარებს პროფესიულ სუმოში და მაკუშიტა დივიზიონში მე-8 ნომრადაა განთესილი. ქართველს მეტოქის დაძლევა არ გასჭირვებია. ტოჩიმ ზედმეტი პრობლემების გარეშე გაიყვანა კავაბატა დოჰიოდან იორიკირით. აღსანიშნავია, რომ ბაშოზე სამივე ბრძოლა ტოჩინოშინმა იორიკირით მოიგო. დღეს ბაშოს მე-6 ტურში ტოჩინოშინი დაისვენებს.
ასევე იორიკირით სძლია ჩინელ მე-15 მაეგაშირა სოკოკურაის გაგამარუმ. არც მას გასჭირვებია მეტოქის დაძლევა. დღეს ქართველი გოლიათი მონღოლ მე-16 მაეგაშირა არავაშის დაუპირისპირდება. 5 ტურში მონღოლს 2 მოგება და 3 მარცხი აქვს განცდილი. გაგამარუ დღეს პირველად შეერკინება მას თავისი კარიერის მანძილზე.
რაც შეეხება მე-5 ტურის სხვა ბრძოლებს, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად ყველა ფავორიტმა მოიპოვა გამარჯვება, თუმცა მარცხი იგემა იმ ოთხივე მაეგაშირამ, რომლებიც აქამდე დაუმარცხებლად იყვნენ მოსულნი. იოკოძუნა ჰაკუჰო, რომელიც ერთადერთი დაუმარცხებელი სეკიტორია ტოკიოში, მე-5 ტურის შემდეგ ერთპიროვნულად ჩაუდგა ბაშოს სატურნირო ცხრილს სათავეში.
გთავაზობთ ნაცუ ბაშო 2014-ის მე-5 ტურის სრულ ვიდეო-მიმოხილვას: