პლანეტის პირველობას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. მუნდიალზე 32 საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს. „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით სრული ინფორმაცია მოგაწოდოთ თითოეული მათგანის შესახებ.
ჩვენი დღევანდელი სტუმარი C ჯგუფში მოასპარეზე იაპონიის ნაკრებია, რომელიც კოტ დ'ივუარის, საბერძნეთისა და კოლუმბიის ნაკრებებთან ერთად იბრძოლებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად. იაპონელებს ალბერტო ძაკერონი თავკაცობს, რომელმაც იაპონელებს აზიის თასი მოაგებინა.
„სამურაი, ბრძოლის დროა!" - იაპონელთა 2014 წლის სამუნდიალო სლოგანი
იაპონელები მუდამ შეტევაზე ორიენტირებულ თამაშს ანიჭებდნენ უპირატესობას, მაგრამ ძაკერონიმ, რომელიც იტალიურ კლუბებში მრავალი წელი მუშაობდა, იაპონურ ფეხბურთში იტალიური დაცვითი სტილი შეიტანა. დღეს ნაკრები 4-5-1 ტაქტიკით ასპარეზობს და საკუთარი კარის დაცვას დიდ ყურადღებას ანიჭებს.
აზიის ზონაში ყველაზე სტაბილური ნაკრები შესარჩევ ჯუგფში დამაჯერებლად ასპარეზობდა და პირველი ადგილიც მოიპოვა. სამურაებს ბურთების შეფარდებაც საკმაოდ შთამბეჭდავი აქვთ +11.
იაპონელი ერის მკაცრი დისციპლინა საფეხბურთო მოედანზეც ვლინდება. თითოეული ფეხბურთელი მუდამ 100%-ით იხარჯება ეროვნული ნაკრების მაისურით. იაპონელთა ძლიერ მხარედ მთავარი მწვრთნელიც გვესახება. ალბერტო ძაკერონი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.
ჰიდეტოში ნაკატასა და შუნსუკე ნაკამურას შემდეგ, იაპონელთა ნაკრებს ლიდერი აკლია.
იტალიელმა სპეციალისტმა იაპონიის ნაკრების სამუნდიალო 23-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა:
მეკარეები: შუიჩი გონდა („ტოკიო"), ეიჯი კავაშიმა („სტანდარდი"), შუსაკუ ნიშიკავა („ურავა რედსი")
მცველები: მასაჰიკო ინოჰა („ჯუბილო ივატა"), იასუიუკი კონო („გამბა ოსაკა"), მასატო მორიშიგო („ტოკიო"), იუტო ნაგატომო („ინტერი"), გოტოკუ საკაი („შტუტგარტი"), ჰიროკი საკაი („ჰანოვერი"), აცუტო უჩიდა („შალკე"), მაია იოშიდა („საუთჰემპტონი")
ნახევარმცველები: ტოშირო აოიამა („სანფრის ჰიროშიმა"), იასუჰიტო ენდო („გამბა ოსაკა"), მაკოტო ჰასებე („ნიურნბერგი"), კეისუკე ჰონდა („მილანი"), შინჯი კაგავა („მანჩესტერ იუნაიტედი"), იოჩირო კაკიტანი („სერეცო ოსაკა"), ჰიროში კიოტაკე („ნიურნბერგი"), მანაბუ საიტო („იოკოჰამა მარინოსი"), ჰოტარუ იამაგუჩი („სერეცო ოსაკა")
თავდამსხმელები: შინჯი ოკაზაკი („მაინცი"), იოშიტო ოკუბო („კავაზაკი ფრონტალე"), იუია ოსაკო („მიუნხენ 1860")
გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით დაკომპლექტებულ ძირითად შემადგენლობას.
იაპონელთა კარს ლიეჟის „სტანდარდის" დარაჯი კავაშიმა დაიცავს. ცენტრალურ დაცვის ხაზში იოშიდას ხილვა უდაოა, მას კი სავარაუდოდ მორიშიგო გაუწევს პარტნიორობას. დაცვის ფლანგელების მხრივ არჩევანი არც ისე დიდია, თუმცა ორივე მათგანი საკმაოდ მაღალი დონის შემსრულებელია. მარცხენა ფლანგს ნაგატომო გააკონტროლებს, მარჯვნივ კი უჩიდა განთავსდება.
ცენტრს სავარაუდოდ იამაგუჩი და ჰასაბე გააკონტროლებენ. სწორედ მათ ენდობა ხშირად იტალიელი სპეციალისტი. ნახევარდაცვის წინა ხაზზე ჰონდა განთავსდება, რომელსაც მარცხნიდან კაგავა, ხოლო მარჯვნიდან კოიტაკე დაეხმარებიან. იაპონია ერთი ცენტრფორვარდით ასპარეზობს და დიდი ალბათობით ამ ადგილს ოკაზაკი დაიკავებს.
გასაკვირი მხოლოდ ერთია, ძაკერონიმ მუნდიალზე „ვიტესის" ფორვარდი მაიკ ჰავენაარი არ წაიყვანა.
შეგახსენებთ, „სამურაებს" C ჯგუფიდან გასაღწევად საბერძნეთის, კოტ დ'ივუარისა და კოლუმბიის ნაკრებებთან ბრძოლა მოუწევს.
იაპონიის ნაკრების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:
15 ივნისი 05:00 კოტ დ'ივუარი - იაპონია (რესიფე)
20 ივნისი 02:00 იაპონია - საბერძნეთი (ნატალი)
24 ივნისი 00:00 იაპონია - კოლუმბია (კუიაბა)