„უფლებადამცველთა გაერთიანება" ურეკში წყალდიდობით გამოწვეულ ზიანზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს.
მათი განცხადებით, ურეკში სანიაღვრე სისტემის მოუგვარებლობა და სახლების მშენებლობის დროს არქიტექტურის სამსახურთან შეუთანხმებლად სანიაღვრე სისტემების გადაკეტვა წლებია გადაუჭრელ პრობლემად რჩება. ყოველი ძლიერი წვიმა დაბა ურეკის დატბორვას იწვევს, რაც მოსახლეობისა და დამსვენებლების დაზარალებით სრულდება.
„სტიქიით გამოწვეული შედეგების დათვლის შემდეგ, გამოვიდა ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე, ავთანდილ სურგულაძე და აღიარა, რომ წლებია ურეკში სანიაღვრე სისტემები არ გაწმენდილაო. გასაკვირია, თუკი გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაშვილმა, ოზურგეთის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ სურგულაძემ იცოდნენ არხების გაუწმენდაობის შესახებ, მაინცდამაინც დაბის დატბორვის შემდეგ უნდა მიეყვანათ ტექნიკა არხების გასაწმენდად? როგორც 1 ოქტომბრამდე არ ჰყოლია გურიის მხარეს ნორმალური ხელმძღვანელობა, იგივე ტრადიცია დღესაც გრძელდება", - აცხადებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე.
„უფლებადამცველთა გაერთიანება" ურეკში განვითარებული სავალალო შედეგების გამო გურიის გუბერნატორისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რადგან მათი დაუდევარი პოლიტიკის შედეგია ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვა. საბოლოოდ კი დაზარალებული რჩება როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე დამსვენებლები.
ორგანიზაცია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს, რომ პირადად დაინტერესდეს გურიის ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობით.