ბრაზილიაში გასამართ 2014 წლის მუნდიალისთვის მთელი მსოფლიო ემზადება. პლანეტის პირველობაზე ერთმანეთს 32 საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება. „რეპორტიორი" წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.
დღევანდელი ჩვენი სტუმარი C ჯგუფში განთესილი საბერძნეთის ნაკრებია, რომელსაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად კოლუმბიის, კოტ დ'ივუარისა და იაპონიის ნაკრებებთან თამაში მოუწევს. ბერძნებს ფერნანდო სანტუში წვრთნის, რომელმაც 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე ყველასათვის მოულოდნელად, გუნდი მეოთხედფინალურ ეტაპზე გაიყვანა.
საბერძნეთი შესარჩევ ჯგუფში თანაბარ მეტოქეებთან მოხვდა. იგი ბოსნიასთან მხარდამხარ პირველი ადგილისთვის იბრძოდა. გუნდებმა თანაბარი რაოდენობის ქულები დააგროვეს, მაგრამ ბოსნიამ ბრაზილიის საგზური პირდაპირ მოიპოვა, ბერძნებს კი პლეი ოფის თამაში მოუწიათ, სადაც რუმინელთა ბარიერის გადალახვა არ გასჭირვებიათ.
საბერძნეთის ნაკრები მუდამ დაცვით ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ამგვარი პრაგმატული ფეხბურთით მათ სენსაციურ მოგებას 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე უკვე მიაღწიეს. შესარჩევ ეტაპზე „მეკობრეთა გემმა" მხოლოდ 4 გოლი გაუშვა საკუთარ კარში, რაც კიდევ უფრო მეტად დემონსტრირებს მათ კარგად თამაშს დაცვით პოზიციებზე. ამასთანავე, ყველა ფეხბურთელი გამოცდილია.
უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნები ტრადიციულად მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ვერ ასპარეზობენ. შესარჩევ ეტაპზე საკუთარ კარში მხოლოდ 4 გაშვებული გოლის მიუხედავად, მეტოქის კარის აღებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან (10 მატჩში 12 გოლი).
ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა გაახმაურა:
მეკარეები: ალექსანდროს ცორვასი („აპოლონი"), მიხალის, ორესტის კარნეზისი („გრანადა", ესპანეთი), პანაიოტის გლიკოსი („პაოკი"), სტეფანოს კაპინო („პანათინაიკოსი").
მცველები: აბრაამ პაპადოპულოსი, ხოსე ჰოლებასი, იანის მანიატისი, კოსტას მანოლასი (ყველა „ოლიმპიაკოსი"), სოკრატის პაპასტატოპულოსი („დორტმუნდი", გერმანია), გიორგიოს ცაველასი („პაოკი"), ლუკაშ ვინტრა („ლევანტე", ესპანეთი), ვასილის ტოროსიდისი („რომა", იტალია), ნიკოს კარაბელასი („ლევანტე", ესპანეთი), ვანგელის მორასი („ვერონა", იტალია).
ნახევარმცველები: ალექსანდროს ციოლისი („ქაისერისფორი", თურქეთი), ანდრეას სამარისი („ოლიმპიაკოსი"), კოსტას კაცურანისი („პაოკი"), გეორგიოს კარაგუნისი („ფულემი", ინგლისი), პანაიოტის ტახციდისი („ტორინო", იტალია), იანის ფეტფაციდისი („ჯენოა", იტალია), კოსტას ფორტუნისი („კაიზერსლაუტერნი", გერმანია), ლაზაროს კრისტოდოლოპულუსი, პანაიოტის კონე („ბოლონია", იტალია), ნიკოს კარელისი („პანათინაიკოსი").
თავდამსხმელები: დიმიტრის პაპადოპულოსი ("ატრომიტოსი"), დიმიტრის სალპინგიდისი (პაოკ), გეორგიოს სამარასი ("სელტიკი", შოტლანდია), კოსტას მიტროღლუ ("ფულემი", ინგლისი), ფანის გეკასი ("ქონიასფორი", თურქეთი), სტეფანოს ატანასიადისი („პაოკი").
ვინაიდან სანტუშს ჯერ არ დაუსახელებია საბოლოო 23-კაციანი განაცხადი, გთავაზობთ ჩვენი წარმოდგენით შემდგარ ძირითად შემადგენლობას:
ბერძენთა კარს სავარაუდოდ კარნეზისი დაიცავს. ცენტრალურ დაცვას „ოლიმპიაკოსის" დუეტი მანოლასი და პაპადოპულოსი გააკონტროლებენ. მარჯვენა ზოლს ტოროსიდისი გააკონტროლებს, მარცხნივ კი ჰოლებასი განთავსდება.
საბერძნეთს 2 საყრდენით თამაში ჩვევია. მოედანზე სავარაუდოდ კაცურანისსა და ტახციდისს ვიხილავთ. მათ წინ კი ბერძენთა ლეგენდა კარაგუნისი განთავსდება.
ბერძნები დაცვით ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას, ამიტომაც კონტრ-შეტევების განსახორციელებლად სისწრაზე გამოადგებათ. ამ მხრივ ფლანგებზე ლურჯ-თეთრებს სამარასისა და სალპინგიდისის ოსტატობა დაეხმარებათ.
ცენტრალურ ფორვარდად ბერძნების ვარსკვლავი მიტროღლუ მოიაზრება.
შეგახსენებთ, ბერძნები C ჯგუფში კოლუმბიის, კოტ დ'ივუარისა და იაპონიის ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებენ.
საბერძნეთის ნაკრების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:
14 ივნისი 20:00 კოლუმბია - საბერძნეთი (ბელუ ორიზონტე)
20 ივნისი 02:00 იაპონია - საბერძნეთი (ნატალი)
24 ივნისი 00:00 საბერძნეთი - კოტ დ'ივუარი (ფორტალეზა)