საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, „ჩელოს სეზონი“ რუსთაველის თეატრში გაიხსნება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და ნიკოლოზ რაჭველი.
ფესტივალს ლეგენდარული ჩელისტი ნატალია გუტმანი გახსნის, საგანგებოდ მისთვის ალფრედ შნიდკეს მიერ შექმნილი თხზულებით Concerto Grosso № 2. გუტმანის პარტნიორი მისი ვაჟი - მევიოლინე სვიატოსლავ მოროზი იქნება, კონცერტს დირიჟორი დიმიტრი ლისი წარუძღვება.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ასევე შეასრულებს პეტრე ჩაიკოვსკის IV სიმფონიას.
ყოველ შაბათს, ფესტივალის ფარგლებში, ქართველი მსმენელისთვის მსოფლიოს საუკეთესო ჩელისტები ჰაიდნის, შუმანის, დვორჟაკის, ელგარის, ჩაიკოვსკის, შნიდკეს, შოსტაკოვიჩისა და ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ჩელოს სეზონი“ ივნისის ბოლომდე იქნება.