უკრაინის ამბებმა სრულიად ნათელი გახადა კრემლის განზრახვა ახლო (შეიძლება მოშორებულ) სამეზობლოში ძალის არგუმენტით გაავრცელოს საკუთარი მსოფლმხედველობა და წესრიგი. მცდელობა ხმაურიანი წერტილი დაუსვას დღეს არსებულ მსოფლიო მოწყობას და პოლიტიკური პესიმიზმის დასტურად აქციოს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართალი, არამედ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების უმარტივესი ნორმები. ტრაგიკული ის გახლავთ, რომ ეს „რუსული წესრიგი“ საერთოდ არ გულისხმობს სუვერენიტეტს, არსებულ საზღვრებს, დემოკრატიას და საერთოსდ ნებისმიერი სახის პოლიტიკურ შემწყნარებლობას.
ამ ურთულეს სიტუაციაში ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან და ბრიუსელთან ახლო კავშირი. თუკი ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა წარმატება ჩვენთვის მისაბაძია (ნაკლებად, რომ ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს), ეს წარმატება მხოლოდ ამ კავშირის გზაზე გადის.
ცივილიზებულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრობა საქართველოსთვის კეთილი სურვილი კი არა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საშუალებაა. მთავარია ამ ეტაპზე ყველა რისკი გაანალიზდეს და ზუსტად ვიცოდეთ - რა ფორმა უნდა მიიღოს საქართველო ნატოს და საქართველო ევროკავშირის ინტეგრაციამ? რას ველით? კონკრეტულად რა პერსპექტივა აქვს ჩვენს მცდელობას ვიტვირთოთ სტაბილურობის ზღუდის ფუნქცია ჩვენს მრავალწახნაგოვან და მღელვარე რეგიონში?
ანუ უფრო მარტივად.
საქართველო - ნატო.
ეს ევროატლანტიკური უსაფრთხოების სრულფასოვანი წევრობა უნდა იყოს თუ პარტნიორობა მშვიდობისათვის ან ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამა? ან რაღაც ამგვარი?
ამ კითხვაზე სოლიდური პასუხი არსებითად განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფოს მომავალს. არა მგონია ვინმესათვის სადაო იყოს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის და ქართული სახელმწიფოსათვის პრაგმატულად (არა ემოციურად არამედ პრაგმატულად) სასარგებლო დასავლეთშია და არა არაპროგნოზირებად პოსტ-საბჭოთა სივრცეში.
ერთის ლექსით არჩევანი ნათელია და იმედია ეს ასევე გასაგებია ნატოს წევრი ბევრი სახელმწიფოსთვისაც.
რეალურად რა გვაქვს დღეს ჩვენ ხელთ?
გვაქვს კი მტკიცე მხარდაჭერა ალიანსის წევრობის სამოქმედო გეგმაზე?
სამწუხაროდ, როგორც ჩანს ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფოსათვის ობიექტურ-სუბიექტური პოლიტიკური კომფორტია საქართველომ თავისი მომავალი განსზღვროს მხოლოდ ნატოდან სომბოლური დახმარებით, მუდმივი საუბრით ღია კარზე და უკვე ბანალობად ქცეული მოწოდებით რუსეთთან დიალოგის გაღრმავებისაკენ.
მინდა პირდაპირ ვთქვა. თუ სექტემბერში ნატოს სამიტზე საქართველო არ მიიღებს სამოქმედო გეგმას ე.ი დასავლეთის მუდმივი მდგომარეობაა ვერ გაუძლოს მოსკოვის ზეწოლას.
რუსეთის ფედერაცია ქცევის და ზრდილობის ყველა ნორმას გადასცდა ჩვენი საზღვრების ხელყოფით. მოსკოვის ზეწოლა რომ ყველა შემთხვევაში გაგრძელდება (მივიღებთ თუ არ მივიღებთ სამოქმედო გეგმას) გასაგებია. შეკითხვა ისაა რამდენად შორს წავა? ან არის ჯერ კიდევ რაიმე სახის წითელი ხაზი?
სამწუხარო რეალობაა, რომ ზოგი ჩვენი დასავლელი პარტნიორი როგორც ჩანს კვლავ 90-იანების დასაწყისის კლიშეების ტყვეობაშია და სამხრეთ კავკასიას კრემლსა და დასავლეთს შორის ინტერესთა კონფრონტაციის არენად აღიქვამს და არა პოტენციური პარტნიორობის ადგილად.
გვინდა თუ არ გვინდა ამგვარი თვალსაზრისი არსებობს და უწინარესად რუსული პოლიტიკური ელიტისათვის გადამწყვეტი ფაქტორია.
თუ გავითვალისწინებთ რომ, საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) ოკუპირებულია კრემლის მიერ, ყველაზე აღვირახსნილი ფანტაზიითაც ქართველები ვერ შევეგუებით სამხრეთ კავკასიური წესრიგის კრემლისეულ სტრატეგიას. ანუ ამიერკავკასიის თანამეგობრობას რუსეთის ხელმძღვანელობით. ჩიხური სიტუაციაა - თბილისი ცდილობს პრაგმატული და მეგობრული ურთიერთობები დაამყაროს მოსკოვთან. კრემლი საუბრობს ახალ ევრაზიულ კავშირზე, სადაც არანაირი თანამედროვე და ნორმალური იდეისათვის ან ღირებულებისათვის საერთოდ არ არის ადგილი. პარალელურად საქართველოს მოქალაქეთა აბსულუტური უმრავლესობა თავს ევროპელად მიიჩნევს. ქართულმა სახელმწიფომ (არა რომელიმე მთავრობამ ან პოლიტიკურმა ძალამ, არამედ მოქალაქეებმა) არჩია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ევრაზიის ხელოვნურ და ნაძალადევ წევრობას. ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოება სამართლიანად და პრაგმატულად აღიქმება საქართველოს სახელმწიფოს არსებობის უფლებად და ხელახალი სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების ნამდვილ საშუალებად. ამ ფონზე დასავლეთში ბევრი მიიჩნევს რომ, საქართველო უნდა დარჩეს მხოლოდ პარტნიორად, სარგებლობდეს ნატოს მხარდაჭერით და ღია კარის იმედით, მაგრამ არ იყოს ალიანსის წევრი. ევროპელ პლოიტიკოსთა ნაწილი (აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც და საპარლამენტოშიც) შეშფოთებულია ვინძლო საქართველოს ალიანსში მიწვევით ურთიერთობები არ დაეძაბოთ მოსკოვთან.
სექტემბერში სამოქმედო გეგმაზე თუნდაც პოლიტიკურად ლამაზი უარი მწვანე შუქია კრემლისთვის საქართველოსა და მოლდოვაზე საბოლოო შეტევისათვის. თუმცა არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საფუძველიც, რის გამოც ბოლომდე უნდა ვეცადოთ დასავლეთში ინტეგრაციას. მოძველებული და მცდარია თვალსაზრისი, რომ სამხრეთ კავკასია ნულოვანი არეალია. პირიქით. გავცდეთ კლიშეებს, ვიფიქროთ ძნელად საფიქრი და ვნახავთ, რომ არსებობს ყველასათვის თანაბრად სასარგებლო პოლიტიკური კომფორტის შანსი - რუსეთს და დასავლეთს შეეუძლიათ ითანამშრომლონ სწორედ აქ და სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა ყველასათვის მომგებიანი იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოების და ეკონომიკური წინსვლის თვალსაზრისით.
ამ ლოგიკით, სტაბილური სამხრეთ კავკასია დასავლეთისთვის და აღმოსავლეთისთვისაც საერთო სტრატეგიულ ჭრილში თავსდება. ეს ერთადერთი დერეფანია, რაც ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეს ჩინეთთან, ცენტრალურ აზიასთან, ავღანეთთან, ირანთან აკავშირებს. ამავე დროს თავად რუსეთის შიგნითაც ევროპულ და შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებს აკავშირებს ერთმანეთთან. ამიტომაც დიახაც არსებობს საერთო სტრატეგიული ინტერესები, რაც მხარეებმა შეიძლება გაიზიარონ. ახლო მომავალში ევროატლანტიკური თანამეგობრობა და რუსეთიც იქნება ჩართული რელიგიური რადიკალიზმის და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ უმნიშვნელოვანეს კონტექსტში პროგნოზირებადი და ხელმისაწვდომი სამხრეთ კავკასია (საწერთოდ კავკასია) პრიორიტეტია. თანაც, საქართველომ მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ილუზიებით არ იკვებება და არ სურს უფასო მგზავრობა ნორმალური მომავლისაკენ. უძლიერესი არგუმენტია, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ნატოს არაწევრი სახელმწიფო რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში და იგივეს გააკეთებს სულ მალე ცენტრალურ აფრიკაშიც...
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრემიერთან ირაკლი ღარიბაშვილთან ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრისას ქება არ დაიშურა - “2008 წლის ბუქარესტის სამმიტზე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი თუ თქვენ დააკმაყოფილებდით აუცილებელ მოთხოვნებს და ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ძალაშია“.
საქართველოს მოქალაქეებს აქვთ იმედი და მოლოდინი, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი სიტყვას არ გატეხს...
თედო ჯაფარიძე