შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დარიალის ხეობაში ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ცამეტი მოქალაქე გადაარჩინეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. ამ დროისთვის მაშველებმა დარიალჰესის მშენებლობასთან მდებარე გვირაბიდან თურქეთის რესპუბლიკის თორმეტი მოქალაქე და მეწყერის ქვეშ მოყოლილი სატვირთო ავტომანქანიდან ერთი მოქალაქე გამოიყვანეს. ცამეტივე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი მოქალაქე ფეხის მოტეხილობით ყაზბეგის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია მეორე სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ამოსაყვანად. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დარიალის ხეობაში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დანაყოფები სამაშველო ღონისძიებებს აგრძელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.