საქართველოს მთავრობამ შეერთებული შტატების მოქალაქის, ძალადობაში ბრალდებული, ჩარლზ არტურ ფლეტჩერის ექსტრადირება მოახდინა.
„გამოძიების ფედერალური ბიურო აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მნიშვნელოვან წვლილს გაქცეული ბრალდებულის საქმის გამოძიების, მისი დაპატიმრებისა და ექსტრადიციის საქმეში. აღნიშნულ უწყებებთან ძლიერი და ხანგრძლივი თანამშრომლობის წყალობით, ბატონ ფლეტჩერს სერიოზული ბრალდებები წარედგინება", - განცხადება გამოძიების ფედერალური ბიუროს სიეტლის განყოფილების სპეციალურმა აგენტმა ლორა მ. ლაფლინმა გააკეთა.
აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დაკავებულის წინააღმდეგ საქმე 2012 წელს, ვაშინგტონის შტატში აღიძრა.
ჩარლზ არტურ ფლეტჩერი გამოძიების ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგენლობის, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებისა და ინტერპოლის თანამშრომლობის შედეგად, 2012 წლის 13 ნოემბერს საპყრობილეში მოათავსეს, სადაც იგი საექსტრადიციო პროცედურების დასრულებამდე იმყოფებოდა. დაკავებულს აშშ-ში ამერიკის სამართალდამცველი უწყებების წარმომადგენლები გაჰყვნენ.