ქართული კინემატოგრაფის შედევრი, ელდარ შენგელაიას უკვდავი ფილმი, „ცისფერი მთები" კანის ფესტივალზე, სექციაში „Cannes Classics 2014" დღეს საგანგებოდ იქნება ნაჩვენები.
„ცისფერი მთების" ორიგინალი ნეგატივიდან ექსკლუზიურად აღდგენილი - ციფრული ვერსია იქნება წარმოდგენილი. რესტავრაცია საგანგებოდ საფესტივალო ჩვენებისთვის ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.
ამ სექციის საპატიო სტუმარი წელს კანში სოფი ლორენია.
კანის ამავე სექციაში ნაჩვენები იქნება ასევე სერგო ფარაჯანოვის "ბროწეულის ფერი." ("SAYAT NOVA").
მოკლემეტრაჟიანი ფილმების მთავარ კონკურსში მონაწილეობს დეა კულუმბეგაშვილის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები".
ათწუთიანი ქართული ფილმი 128 ქვეყნის 3450 მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრიდან შეირჩა და 9 საუკეთესოს შორის მოხვდა. გამარჯვებულს ჟიურის პრეზიდენტი, ირანელი რეჟისორი - აბას კიაროსტამი გამოავლენს. ფილმის ჩვენება გაიმართება 23 მაისს.