reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ზუგდიდში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:43
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ზუგდიდში
ავტორი:
19 მაისი, 2014. 10:52


გომორძგუა, ზუგიდარეფ!

გომორძგუა, ჩქიმ მარგალეფ!

გომორძგუა, სამარგალო!

სამარგალოქ  წოხოლე ოკო ქეწაუნას საქორთუოს!

სამარგალოშა ქუმოფრთი დო საქორთუო ქობძირია - დიდ საქორთუო!  -  „სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე - დიდი საქართველო!" - ეს ილია ჭავჭავაძემ თქვა, როდესაც სამეგრელოს მიწაზე დადგა ფეხი.

ჩემო მეგობრებო!


თქვენ, მეგრელებმა, იცით სამშობლოს ფასი, იცით ერთიანი საქართველოს ფასი, დამოუკიდებლობის, თავისუფლების ფასი, და ამას თქვენ ყოველთვის, ყველა დროში ადასტურებდით!


სამეგრელო ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას და განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.


სამეგრელო განთქმულია ღირსეული შვილებით, სამშობლოსათვის თავგანწირული გმირებით. სამეგრელოდან გამოსული ყველა გამოჩენილი მოღვაწე ისევ და ისევ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს იდეით  სულდგმულობდა.


სულ ახლო წარსულს შეგახსენებთ. საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას შესწირა სიცოცხლე მერაბ კოსტავამ, სამშობლოზე ფიქრსა და ზრუნვაში ტრაგიკულად აღესრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. სწორედ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენი სამშობლო დამოუკიდებელი ქვეყანაა. პატივი მინდა მივაგო მათ ხსოვნას და ქედი მოვიხარო მათი უკვდავი სახელების წინაშე. 


დიახ, ყველაზე მეტი ტკივილი, ყველაზე დიდი გაჭირვება და პრობლემები  სწორედ სამეგრელოს დაატყდა თავს. აქ გაიარა ყველა უსამართლობამ, ყველაზე მეტად სამეგრელო დაიჩაგრა. კარგად ვიცი, რა ტრაგედია გამოიარა სამეგრელომ 90-იან წლებში  -  უამრავი სისასტიკე, უამრავი ძალადობა მოხდა აქ.


 და, როდესაც სამეგრელო ნელ-ნელა იშუშებდა იარებს, 2008 წელს  ახალი უბედურება დაატყდა თავს. თქვენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მეგრელებმა ამ განსაცდელსაც ღირსეულად გაუძელით. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ამ გამძლეობისთვის და სიმტკიცისთვის.  


მაგრამ ზუგდიდელებს ისიც კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდა   ხელისუფლება, რომელმაც მოსახლეობა ბედის ანაბარა დატოვა. მათი უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ ქვეყანა ომში ჩათრეული აღმოჩნდა.


სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, - ნამდვილად აღარ ვაპირებდი მელაპარაკა წინა ხელისუფლების ნამოქმედარზე, დაიღალა ხალხი ამის მოსმენით. მაგრამ ბოლო დროს ისინი ბედავენ და ისეთი რიხით ლაპარაკობენ, ისე უნამუსოდ, თითქოს ვინმეს დაავიწყდა ვისთან გვქონდა საქმე. ხალხმა ყველაზე კარგად იცის, როგორ გვაცხოვრა ნაციონალების ხელისუფლებამ. მათი წყალობით გვჭირდა ამდენი უბედურება, ქუჩაში ხალხის დახვრეტით დაწყებული,  ციხის საშინელი ამბებით დამთავრებული.  მათ ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დაივიწყებს ადამიანების წამებას, საჯაროდ დაპატიმრებას და ამ სცენების ტელეშოუდ ქცევას, პირადი ცხოვრების თვალთვალს, წართმეულ ბიზნესს, ღამ-ღამობით გადაფორმებულ ქონებას, ათასობით უდანაშაულო ადამიანთან საპროცესო გარიგებას და უსახლკაროდ დარჩენილ და გაღატაკებულ ჩვენს მოსახლეობას. ან ხომ არ ჰგონიათ, რომ ვინმე დარჩება დაუსჯელი.


ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მთელი სისასტიკე სწორედ აქ, ზუგდიდში იგრძნობოდა ყველაზე მძაფრად. ყველამ ნახეთ, როგორ აწამებდნენ, აუპატიურებდნენ ბიჭებს, კაცებს! ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ! ეს იყო მთელი ერის შეურაცხყოფა! მაგრამ მათი აღარავის სჯერა, ისინი ვეღარ მოატყუებენ ხალხს! ხალხმა თავად განსაჯოს, დაეჯერება თუ არა ასეთ პოლიტიკურ ძალას.


მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, ყველას აქვს უფლება მოსწონდეს ის, ვინც უნდა და მხარი დაუჭიროს იმას, ვისაც უნდა. მაგრამ მაინც გავიხსენებ, როდესაც დაგებულ გზებზე, შეღებილ ფასადებზე და აშენებულ სასტუმროებზე ლაპარაკობენ, გაიხსენონ რის ფასად მოხდა ეს ყველაფერი.  ადამიანის ხარჯზე! ადამიანის ღირსების ხარჯზე! 


გეკითხებით ხალხო, რამდენჯერ მოგეცათ  ფეშენებელურ სასტუმროებში დასვენების საშუალება? რომელ თქვენგანს ჰქონდა საშუალება იმ კონცერტებზე დასწრების, რომლებშიც სააკაშვილი და მისი ხელისუფლება მილიონებს  იხდიდა?


თვითონ ნაციონალებმა მონათლეს მაშინვე შეცდომად და სისტემის მარცხად ყველა საშინელება, რაც ციხეებში ხდებოდა. დღეს ამბობენ, შეგვეშალა, გამოგვრჩაო! არაფერიც არ შეეშალათ! ეს ყველაფერი თვითონ დაგეგმეს, ეს ყველაფერი მათი დავალებით ხდებოდა! ისინი წლების განმავლობაში სწორედ ამ სისტემას აშენებდნენ, აშენებდნენ შეგნებულად, რადგან მარტო შიშს, დაუნდობლობასა და ძალადობას შეეძლო მათთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების მოტანა და  მათი კეთილდღეობის გადარჩენა.


უსამართლობის ტყვეობაში იყო მთელი სამეგრელო, უსამართლობის ტყვეობაში იყო მთელი საქართველო. ქართველებმა ეს სირცხვილი ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოვირეცხოთ!   


გპირდებით, რომ ყველა დამნაშავე კანონის  მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს. ამიტომ მოვიკრიბოთ კეთილგონიერება და კანონის ძალით ვაგებინოთ პასუხი დამნაშავეებს. დღეს ბევრი გახმაურებული საქმეა, რომლის გამოძიების დასრულებასაც მოუთმენლად ველოდებით ყველა. მაგრამ კარგად უნდა გავიგოთ, რომ სამართლიანობა უნდა დამკვიდრდეს კანონის სრული დაცვით.


ნუ შეგეშინდებათ! ბოროტებას ამ ქვეყანაში გამარჯვება არ უწერია!  ჩვენ ვდგავართ სიკეთის და სიმართლის მხარეს, და ვერავინ ვერ დაგვამარცხებს! საქართველოს ვერავინ დაამარცხებს!

საქართველოს გაუმარჯოს!!!

სამეგრელოს გაუმარჯოს!!!


მეგობრებო,

დღეს საქართველოში დაცულია ადამიანის ყველა უფლება.  სასამართლო დამოუკიდებელია, მედია თავისუფალია, ბიზნესი  ხელშეუხებელია!


დღეს ჩვენს საამაყო ჯარისკაცებსა და პოლიციელებს აქვთ იმის  შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ემსახურონ სახელმწიფოს და არა რომელიმე ხელისუფალს!


დღეს ხალხი თავისუფალია და აღარ აქვთ პოლიტიკური დევნის შიში, დამცირებისა და წამების შიში!  ჩვენ ეს გავაკეთეთ!


ახლა ჩვენ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. ჩვენ თავდაუზოგავად უნდა ვიშრომოთ იმისათვის, რომ საქართველო ჩადგეს ევროპული, მოწინავე ქვეყნების რიგში.


სულ მალე ჩვენ ხელს მოვაწერთ და გავხდებით ევროკავშირის ასოცირებული წევრი. ეს სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს, თქვენ შეძლებთ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება თქვენთვის. ეს იქნება უდიდესი სტიმული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვეძლევა შანსი, დავუბრუნდეთ ევროპულ ცივილიზაციას, გავხდეთ მისი ნაწილი. ჩვენ საერთო ღირებულებები გვაკავშირებს ევროპასთან. მათაც სწორედ ისეთი დამოკიდებულება აქვთ ოჯახის მიმართ, როგორც ჩვენ საქართველოში.


ჩვენთვის ოჯახი ყველაზე წმინდა და პატივსაცემია და ყველაზე მეტად სწორედ ოჯახურ ტრადიციებსა და ღირებულებებს ვუფრთხილდებით. 


მეგობრებო,

აქედან ძალიან ახლოს აფხაზეთია. მთელი ამ წლების განმავლობაში ყველაზე მეტად სწორედ სამეგრელო გრძნობს იმ დიდი ტკივილის სიმძიმეს, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება. მეგრელებსა და აფხაზებს განსაკუთრებული ურთიერთობები გქონდათ ყოველთვის და ამიტომაც, სწორედ აქ, სამეგრელოში მინდა ვთქვა: ჩვენ, ქართველები და აფხაზები ისევ ვილაპარაკებთ საერთო ენაზე! ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი ძმების ნდობას და ღირსეულ თანაცხოვრებას შევძლებთ! ძალით მშვიდობის დამყარება შეუძლებელია. აფხაზი ძმები საქართველოსკენ ისე უნდა შემოვაბრუნოთ, რომ მათ აღარ ჰქონდეთ დარჩენილი არც ერთი კითხვა და საქართველოში თავიანთი უსაფრთხო და სტაბილური მომავალი დაინახონ. ეს მაშინ მოხდება, როცა სამეგრელო აყვავდება, როცა მთელი საქართველო აყვავდება.


პირველ რიგში, ჩვენ დავეყრდნობით იმ განწყობას, რომელიც აფხაზებს განსაკუთრებით სამეგრელოს მიმართ აქვთ შენარჩუნებული. ჩვენ შევძლებთ და ვიპოვით გზას ჩვენი აფხაზი ძმების გულებისკენ! მე მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყებას!


აფხაზეთში დაბრუნებამდე, ჩვენი მიზანია დევნილებს შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები. ჩვენ არც ერთ დევნილს არ დავტოვებთ საკუთარი ჭერის გარეშე. მათთვის აქ, ზუგდიდში, ვაშენებთ 8 საცხოვრებელ კორპუსს და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა  აღარავის ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარ სამშობლოში დევნილის დამღით ცხოვრობს.  


ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. დღეს ყველა ადამიანს ჯანდაცვის ხარჯებს სახელმწიფო უფინანსებს.


იცით, რომ ზუგდიდში ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით აშენდება რეგიონალური მნიშვნელობის ულტრათანამედროვე სამედიცინო ცენტრი. და ეს იმიტომ გადაწყდა, რომ მეგრელებს განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდათ ექიმობის. აქაურია არაერთი ცნობილი და სახელგანთქმული ექიმი და ამ ტრადიციას ხელი უნდა შევუწყოთ.

ჯანდაცვასთან ერთად სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს   განათლებაზე. განათლება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ჩვენ გზას ვუხსნით ყველას და ცოდნის მიღების საშუალებას ვაძლევთ.


ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქართული სოფლის გადარჩენა, აგრარული სექტორის ხელშეწყობა. ჩვენ გლეხებს, ფერმერებს ვაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლონ იაფი კრედიტებით, აგროსესხებით, რაც ხელს შეუწყობს სოფლის განვითარებასა და სიძლიერეს, ვეხმარებით და გვერდით ვუდგევართ მცირემიწიან გლეხებს. 


ახლა რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც  ჩვენ ვახორციელებთ:

დეტალურად ვსწავლობთ ანაკლიის პროექტს. მე აქ, ზუგდიდში ამ ცოტა ხნის წინ უკვე განვაცხადე, რომ ანაკლია უნდა გახდეს მსხვილი საპორტო პუნქტი. სამეგრელოში მასშტაბური პორტის არსებობა ნიშნავს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სამუშაო ადგილების გაჩენას, ოჯახების კეთილდღეობას.


სამეგრელოს წარმტაცმა და განუმეორებელმა ბუნებამ შეუძლებელია გულგრილი დატოვოს ვინმე. ამიტომ უნდა ვიფიქროთ სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო განვითარებაზე. ჩვენ ამაში ხელს შეგიწყობთ, გპირდებით!


სწორედ აქ, სამეგრელოში დღეს მინდა დავაანონსო ის პროგრამა,  რომლის პრეზენტაციაც ხვალ თბილისში გაიმართება. ჩემი ინიციატივით იწყება სახელმწიფო პროგრამა - ,,აწარმოე საქართველოში". ეს გულისხმობს ყველა რეგიონში, შემდეგ ყველა რაიონსა და ბოლოს ყველა სოფელში ტრადიციული ქართული წარმოების აღდგენას და აღორძინებას.  ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ისეთი პროდუქცია, რომლის შემოტანის აუცილებლობაც არ გვაქვს. ეს,  რა თქმა უნდა, გააჩენს სამუშაო ადგილებს და ხალხი დასაქმდება. ჩვენ გვექნება უმაღლესი ხარისხის ქართული პროდუქცია, რომელიც კონკურენციას გაუწევს უცხოურს და ყველასთვის საამაყო იქნება. ეს არის ჩემი ოცნება და ჩვენ ამას შევძლებთ!


ჩვენ დაგპირდით და წელს ზუგდიდს, ამ ისტორიულ ქალაქს, თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მივანიჭეთ. ზუგდიდი დაიბრუნებს თავის ძველ დიდებას! ჩვენ აღვადგენთ ამ ქალაქის მშვენებას - ბოტანიკურ ბაღს და დადიანების სასახლეს, რომელიც ევროპასთან ურთიერთობის საუკუნენახევრიან ისტორიას ითვლის.  


მეგობრებო,

კარს მოგვადგა თვითმმართველობის არჩევნები. ერთი თვეც აღარ დარჩა 15 ივნისამდე.

მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ,,ქართული ოცნებაა" ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარი ნებით ატარებს ქვეყნის მართვის ისეთ რეფორმას, რომელიც ძალაუფლების ხალხისათვის რეალურ გადანაწილებას - ხალხის მმართველობას გულისხმობს.

ჩემო ძვირფასებო,

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალურია თვითმმართველ ორგანოებში დასაქმებული საჯარო მოხელეების საკითხიც.  მოქმედი კანონით, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ყველა საჯარო მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებლად ცხადდებოდა. მინდა დავამშვიდო ყველა საჯარო მოხელე. მე უმრავლესობას მივმართე ამ ინიციატივით და კანონში შევიდა ცვლილება - არჩევნების შემდეგ საჯარო მოხელეებს აღარ დაითხოვენ სამსახურიდან, შტატების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კი, მუნიციპალიტეტები დამოუკიდებლად მიიღებენ. ვიცი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში დღეს დასაქმებული ადამიანებისთვის.


ქვეყნის მართვაში ჩვენთვის ხალხის მონაწილეობაა მთავარი. თქვენ გარეშე, თითოეული ზუგდიდელის მონაწილეობის გარეშე ზუგდიდის ბედს ვერავინ  გადაწყვეტს! თქვენ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა და უპატრონოთ თქვენს ქალაქს ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად და დაუბრუნოთ ზუგდიდს ძველი ხიბლი. გქონდეთ ჩვენი იმედი!  ჩვენ ყველაფერში გვერდში დაგიდგებით!


მეგრელები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ხართ, განსაკუთრებით კარგად ლიდერობა შეგიძლიათ. ხელისუფლებაში ბევრი გვყავს ამ კუთხის შვილები, რომლებიც უანგაროდ ემსახურებიან ქვეყანას. ახლაც სწორედ სამეგრელოში დაბადებულ კაცს, ჩვენი გუნდის ღირსეულ წვერს გამოვუცხადეთ ნდობა და წარვადგინეთ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე. თბილისის თავკაცობა უაღრესად საპატიო თანამდებობაა და მე ძალიან მიხარია, რომ  საქართველოს ამ შესანიშნავი კუთხიდან არის დავით ნარმანია - ადამიანი, რომელსაც ჩვენ თბილისზე ზრუნვას ვანდობთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ  ის ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს და ამით თქვენც იამაყებთ!


მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი მხარს დაუჭერს ჩვენს პოლიტიკურ ძალას და ჩვენ შევძლებთ ბოლომდე განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენს სამშობლოს პროგრესულ სახელმწიფოთა რიგში ჩააყენებს. ამას სჭირდება მუდმივი შრომა და ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. ამისათვის თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და მე მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა  გვექნება!


კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" სამეგრელოში ძალიან კარგი კანდიდატები, პროფესიონალები შეარჩია. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ისინი კარგი რეპუტაციით სარგებლობენ ხალხში.


ახლა მინდა წარმოგიდგინოთ  ,,ქართული ოცნების" გამგებლების კანდიდატები:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ედიშერ თოლორაია;

აბაშის გამგებელი - მამუკა კვიტაშვილი;

სენაკის გამგებელი - გოჩა დგებუაძე;

მარტვილის გამგებელი - ალექსანდრე გრიგალავა;

ხობის გამგებელი - გოჩა ქაჯაია;

წალენჯიხის გამგებელი - გოგა გულორდავა;

ჩხოროწყუს გამგებელი - დავით გოგუა;

მესტიის გამგებელი - კაპიტონ ჟორჟოლიანი;

ქალაქ ფოთის მერი - ირაკლი კაკულია.


მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი წარმომადგენლები ნამდვილად დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ თვითმმართველობის არჩევნებში.


ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ! მეგრელები კიდევ ერთხელ დაამტკიცებთ, რომ ყველაზე მებრძოლი ხალხი ხართ და არც ამ ბრძოლაში,  არც ამ არჩევნებში დაიხევთ უკან და ხმას მისცემთ ხალხის ხელისუფლებას - ,,ქართულ ოცნებას"! 


მოვუწოდებ ყველას, ხმა მიეცით ,,ქართული ოცნების"  კანდიდატებს!  შემოხაზეთ 41 !

ჩვენ გავიმარჯვებთ  და თქვენთან ერთად ვუპატრონებთ ჩვენს ქვეყანას!

ერთად ვიზრუნოთ ზუგდიდზე, ერთად ვიზრუნოთ სამეგრელოზე, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!

სამეგრელოს გაუმარჯოს!

საქართველოს გაუმარჯოს!!!

ახლა მინდა სიტყვა გადავცე ზუგდიდის მერობის კანდიდატს ბატონ  ირაკლი გოგოხიას.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016