17 მაისს, გერმანიის თასის ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს დორტმუნდის „ბორუსია“ და მიუნხენის „ბაიერნი“ დაუპირისპირდნენ. ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის მიუხედავად, მიუნხენელებმა რეაბილიტაცია შესძლეს და მორიგ ტიტულს დაეუფლნენ.
მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა. ფეხბურთელებმა არაერთი სახიფათო მომენტი შემოგვთავაზეს, თუმცა მეტოქის კარის აღება ძირითად დროში ვერ მოხერხდა.
პირველმა დამატებითმა ტაიმმაც უგოლოდ ჩაიარა, 107-ე წუთზე კი, ჟერომ ბოატენგის გადაცემა, არიენ რობენმა გოლად გარდასახა - 0:1.
დორტმუნდელებს დასაკარგი არაფერი დარჩათ და შეტევაზე დიდი ძალებით გადავიდნენ, რამაც უკუშედეგი გამოიღო და 120-ე წუთზე, უკანასკნელი კონტრ-შეტევის დროს, კლაუდიო პიზაროს პასით ტომას მიულერი რომან ვაიდენფელერის პირისპირ დარჩა. გერმანელ ფორვარდს მეკარის მოტყუება არ გასჭირვებია, რის შემდეგაც ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 0:2 დააფიქსირა.