17 მაისს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ ადგილობრივი „დინამო“ რუსთავის „მეტალურგს“ უმაღლესი ლიგის 2013/2014 წლების სეზონის დასკვნით მატჩში დაუპირისპირდნენ.
სატურნირო თვალსაზრისით ეს შეხვედრა არაფერს წყვეტდა და უბრალო ფორმალობას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ გუნდებმა გახსნილი თამაში შემოგვთავაზეს. სტუმართა გუნდის მოთამაშეებმა რამდენჯერმე დაარტყეს შორი მანძილიდან, თუმცა გიორგი ლორია მოწოდების სიმაღლეზე იდგა და კარი მშრალად შეინახა.
დინამოელთა რიგებში თავი ჩისკომ გამოიჩინა, რომელმაც თავის ანგარიშს დუბლი მიათვალა. ესპანელმა ლეგიონერმა პირველი გოლი თავით, მე-19 წუთზე კვირკველიას პასის წყალობით გაიტანა. 58-ე წუთზე კი, ოთარ მარცვალაძის გადაცემა „ჩიჩიმ“ კარგად გააჩერა და ზუსტი დარტყმით გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.
შეხვედრის ტაბლოზე 2:0 დაფიქსირდა, დასასრულს კი თბილისელებს ოქროს მედლები და თასი გადაეცათ. თბილისის „დინამო“ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ლანჩხუთის „ჩიხურას“ დაუპირისპირდება. დინამოელებს კარგი შანსი აქვთ წელსაც დუბლი შეასრულონ.
აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ, „დინამოს“ დუბლებმა უკანასკნელ მატჩში ცხინვალის „სპარტაკი“ 2:1 დაამარცხეს და ჩემპიონობა იზეიმეს.