საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს იტალიის საგარეო უწყებიდან მიღებული წერილის შინაარსი გააცნო. წერილის თანახმად, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს აცხადებს, რომ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელიც აწესრიგებს ადგილობრივი ორგანოების საერთაშორისო საქმიანობას, 2014 წლის მაისში ხელმოწერილი შეთანხმებები ნამდვილად არ მიიჩნევა და საგარეომ მათი გაბათილება/გაუქმება უკვე მოითხოვა.
„ბოლოს ხანს გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თითქოსდა სოხუმის, ბიჭვინთისა და ახალი ათონის მმართველების მიერ იტალიის რამდენიმე ქალაქთან დაძმობილების ხელშეკრულება გაფორმდა. მათ ქალაქებს მხოლოდ პირობითად დავარქმევდი, ეს არის მცირე დაბის ტიპის დასახლებები. ჩვენ მიუხედავად ამისა, მივიღეთ ყველა ზომა, როგორც იტალიის საელჩოსთან საქართველოში, ასევე, ჩვენი საელჩო იტალიაში, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქტიურ კონკულტაციებს აწარმოებდა. მათგან მიღებულია პასუხი და მე მინდა ამის ციტირება მოვახდინო - ასეთი ინიციატივები არ ასახავს იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას აფხაზეთის საკითხზე, რაც უცვლელია, უფრო მეტიც იტალიის კანონმდებლობით, რაც აწესრიგებს ადგილობრივი ორგანოების საერთაშორისო საქმიანობას, 2014 წლის მაისში ხემოწერილი შეთანხმებები არ მიიჩნევა ნამდვილად და საგარეომ მათი გაბათილება, გაუქმება უკვე მოითხოვა“, - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, ყველა ასეთი შემთხვევა მხოლოდ პროპაგანდისტულ მიზნებს ემსახურება და სასურველის რეალურად წარმოჩენის მცდელობაა.