„ნოუ კამპზე“, გუშინ, „ლა ლიგის“ ჩემპიონის ვინაობა გაირკვა. ბევრი ფიქრობდა, რომ კატალონიელები ღმერთისგან ბოძებულ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, ბოლოს და ბოლოს ამ სეზონში ერთხელ მაინც მოუგებდნენ „ატლეტიკოს“ და ჩაფლავებულ სეზონს ღირსეულად ჩაამთავრებდნენ. თავისი ანგარიშები ჰქონდა „ბარსას“ მწვრთნელ ტატა მარტინოსაც – წააგებდა და თანამდებობას ტოვებდა, მოგების შემთხვევაში... მაინც მოუწევდა გუნდიდან წასვლა, ოღონდ უკვე თავაწეულს. განსხვავებული მოტივაცია ჰქონდათ დედაქალაქელებს – დიეგო სიმეონესთვის ეს ტიტულის მოგების პირველი შანსი იყო „ატლეტიკოსთვის“ მეათე ჩემპიონობა, ხოლო ამ ფორმაციის გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის წნეხის მოხსნის საუკეთესო საშუალება, რადგან ორი დიდი ფინალიდან ერთის მოგება უკვე არნახული წარმატებაა.
შეხვედა ორმხრივი იერიშებით დაიწყო, მართალია ბურთი უფრო „ბარსას“ ჰქონდა, მაგრამ მადრიდელები ჩვეულად დინჯად გათამაშების საშუალებას არ აძლევდნენ და მთელ მოედანზე პრესინგით, ხშირად იღებდნენ კონტრშეტევის საშუალებას. ასე ხდებოდა მეოცე წუთამდე, როდესაც დიეგო სიმეონეს თავზე „შავი ღრუბელი“ ჩამოწვა:ორი შემტევი ფეხბურთელი დიეგო კოსტა და არდა თურანი შესაცვლელი გაუხდა, მაგრამ გამოირკვა, რომ ის ღრუბელი შავი სულაც არ ყოფილა და ორივე მოთამაშეს ღირსეული შემცვლელები ჰყავდა. „ატლეტიკოს“ თამაშის შემხედვარეს, 70-იანი წლების ლეგენდარული ჰოლანდიელი სპეციალისტის რინუს მიხელსის „აიაქსი“ და ჰოლანდიის ნაკრები გამახსენდა, რომლებიც ტოტალური ფეხბურთის ფუძემდებლებად ითვლებიან. ზუსტად ასე თამაშობდნენ დიეგო სიმეონეს შეგირდები: იბრძოდნენ მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, თვით უიმედოდ დაკარგული ბურთისთვისაც, იბრძოდნენ გავეშებით, ხისტად, მაგრამ არა უხეშად. ზუსტად ასრულებდნენ მწვრთნელის მითითებებს, გაშვებული გოლის შემდეგაც კი არ შეუცვლიათ სცენარი, თითქოს ეს ჩამორჩენაც წინასწარ იყო გათვლილი. არ ვიცი რამდენი ელენთა თუ ღვიძლი აქვთ გაბის, ტიაგოსა და კოკეს, მაგრამ 90-ე წუთზეც ისეთივე ენერგიით მოძრაობდნენ, როგორც თამაშის დასაწყისში. ძნელია ამ გუნდისთვის მოგება, ძალიან გაუჭირდება „რეალსაც“, თუ ანჩელოტიმ რამე განსაკუთრებული არ მოიფიქრა. ტატა მარტინომ ვერ შეძლო, ვერც მესი-ნეიმარმა, ვერც ჩავი-ინიესტამ და არც მიკვირს, რადგან არცერთი მათგანი, დიდად არც შემიმჩნევია მთელი თამაშის მანძილზე. მოკლედ, ესპანეთს უდავოდ ღირსეული ჩემპიონი ჰყავს და არ გამიკვირდება ერთ კვირაში ამ ბიჭებმა და მათმა „არანაკლებ ბიჭმა“ მწვრთნელმა ჰაერში კიდევ ერთი თასი ასწიონ.