საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში შეხვედრები გამართა. მთავარი პროკურორი ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის საერთაშორისო საკითხთა ოფისის წარმომადგენელს მარკუს ბუშს, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის რეგიონალურ და ევრაზიის დირექტორებს ფეი ერანშტამსა და ქეთრინ ნიუკომბს შეხვდა.
არჩილ კბილაშვილი დელეგაციის სხვა წევრებთან, უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ირაკლი ჩიქოვანთან და დავით ონოფრიშვილთან ერთად, კონგრესმენ სტივ შაბოთსაც შეხვედა. შეხვედრებისას საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრეს.
„მე, როგორც მთავარმა პროკურორმა, იმ მნიშვნელოვან ტენდენციებსა და რეფორმებზე ვისუაბრე, რაც ამ სფეროში ხორციელდება. მათი მხრიდან არსებობს თანამშრომლობის დიდი სურვილი "- განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ეს შეხვედრები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამერიკელ პარტნიორებს პირველწყაროდან მიეწოდებათ ინფორმაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.
„ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ბედით არიან დაინტერესებულნი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს ადევნებენ. ჩვენი მიზნაია, ისინი სწორად იყვნენ ინფორმირებულები "-განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა კონგრესმენ სტივ შაბოთთან (Steve Chabot) გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, აშშ-ში საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 16 ივლისს დაიწყო და რამდენიმე დღეს გასტანს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ამერიკის კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში, ასევე ადგილობრივი მედიისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან მართავენ შეხვედრებს .