„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა მზადაა სერიოზულად დაიხარჯოს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს. Guardian-ის ცნობით, „წითელი ეშმაკები“ სერიოზულ ცვლილებებს გეგმავენ. ახალი ფეხბურთელების შესაძენად „მანიუ“ მზადაა 150 მილიონი ფუნტი გაიღოს.
აქვე ნათქვამია, რომ მანჩესტერელთა მთავარ სამიზნეს მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველები არიენ რობენი, ტონი კროოსი, დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი მატს ჰუმელსი და „საუტჰემპტონის“ მცველი ლუკ შოუ წარმოადგენენ. მოლაპარაკებები კლუბებთან და ფეხბურთელებთან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე გაიმართება.
ამასთანავე, „იუნაიტედის“ ახლადგამომცხვარ მენეჯერ ლუი ვან გაალს მიზნად ინგლისის უმაღლესი ტიტულის, პრემიერლიგის მოგება დაეკისრა.
„დღეისათვის ლუი ვან გაალი ერთ-ერთი უძლიერესი მენეჯერია მსოფლიოში. მან ბევრს მიაღწია თავის კარიერაში. გვინდა გვჯეროდეს, რომ მასთან ერთად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ახალ თავს დავწერთ“, - განაცხადა კლუბის ვიცეპრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა.