„რეპორტიორი“ მომღერალს, სატელევიზიო პროექტ "თქვენი შოუს" ერთ-ერთ ყოფილ წამყვანს სალიტა ჩუბინიძეს ესაუბრა. როგორც სალიტამ ინტერვიუს დროს განაცხადა, მის შემოქმედებით ცხოვრებაში პაუზა შვილის, გაბრიელის დაბადებამ და მისმა აღზრდამ გამოიწვია.
_სალიტა, დიდი ხანია ტელე-ეკრანებზე აღარ ჩანხარ!
_ შემოქმედებითი პაუზა არ მაქვს, უბრალოდ მსმენელთა მასშტაბი შემცირდა, რამდენიმე ათასიდან ჩამოვედი ერთ კაცზე. გაბრიელის (შვილის) პირად მომღერლად ვიქეცი. ეს ცოტა ხუმრობით...
ჩემი შემოქმედებითი პაუზა შვილის დაბადებამ გამოიწვია, რომელსაც ძალიან სჭირდება ჩვენი სითბო და ყურადღება. ძიძა არ ავიყვანე, არ მინდა რამე გამომეპაროს. მინდა, ჩემი შვილი დაბადებიდან გრძნობდეს მშობლის სითბოს. დარწმუნებული ვარ, ეს დადებითად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე.
_როდის დაუბრუნდება სალიტა ჩუბინიძე მაყურებელს და მსმენლს?
_ მალე, ძალიან მალე... სიმართლე გითხრათ, აქამდე არც მქონია სურვილი, არც ამბიციები მაწუხებდა და არც შემოქმედებითი კრიზისი. მომწონდა მხოლოდ ის, რასაც სახლში ვაკეთებდი - ოჯახთან, ქმართან და შვილთან ყოფნა. რაც შეეხება შემოქმედებას, ერთ ძალიან კარგ სიმღერაზე ვმუშაობ. უკვე ჩაწერილი მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, ცოტა დახვეწა სჭირდება. ამიტომ გამოქვეყნებას არ ვჩქარობ. თუმცა ესეც მალე იქნება...
_ როგორი დედაა სალიტა, რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში შვილმა?
_ გაბრიელი 7 თვისაა , ძალიან არ მინდოდა ისეთი დედა ვყოფილიყავი, რომელიც თავის შვილს სულ აქებს, მაგრამ არ გამომდის... ძალიან საყვარელია, სულ მხიარული, ბედნიერი... დაბადებიდან დღემდე ჩემთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია, იდეალურად გასაზრდელი ბავშვია. მგონია, რომ კარგი დედა ვარ. სანამ გაჩნდებოდა მეგონა, ძალიან რთული იქნებოდა, თუმცა აბსოლუტურად შემეცვალა წარმოდგენა. მეტიც, მართლა უსაზღვროდ სასიამოვნოა ეს ყველაფერი.
- გაქვთ თუ არა "თქვენი შოუს" შემოქმედებით ჯგუფთან ურთიერთობა? შემოთავაზება ხომ არ გქონია „რუსთავი 2“-დან?
_ მეტნაკლებად მაქვს, რამდენიმესთან აქტიური... სიმართლე გითხრათ, ჩვენი გუნდი ძალიან მენატრება. ეს დრო და მათთან ურთიერთობა უდიდესი ბედნიერება იყო ჩემს ცხოვრებაში.
შემოთავაზება ჯერჯერობით სერიოზული არ ყოფილა, რის გამოც გაბრის დატოვება მიღირს, თუნდაც დროებით. მინდა ვთქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც ძალიან ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც ტელევიზიაში გავიცანი.
_ ზაფხული მოდის და ალბათ დასვენებას უკვე გეგმავთ, სად აპირებ ზაფხულის გატარებას?
_ დასვენებას რამდენიმე ადგილზე ვგეგმავთ. გვინდა წავიდეთ მთაში, აგარაკზე და ზღვაზე. შეიძლება ქვეყნის გარეთაც გავიდეთ. გიოს ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს და როგორც კი შეძლებს გათავისუფლებას მაშინვე წავალთ.
_ "კაზან ტიპის" ფესტივალის საქართველოში ჩატარებამ საზოგადოების ერთ ნაწილში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. შენ როგორ აფასებ ამ ფესტივალს?
_ პირადად ჩემთვის „კაზან ტიპი“ სულაც არ იწვევს ამხელა ემოციას. მესმის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებლად მიაჩნიათ მსგავსი ტიპის ფესტივალების ჩატარება, მაგრამ რა საჭიროა ამხელა აჟიოტაჟი?! ვთვლი, რომ თუ ვინმეს "ცუდი საქმის" კეთება უნდა „კაზან ტიპის“ გარეშეც მშვენივრად მოახერხებს.
ჩემს მშობლებს სახლში რომ ჩავეკეტე, ახლა ბოროტი, შურიანი არაფრის გამკეთებელი და ყოვლად უვარგისი ადამიანი ვიქნებოდი, და იმას, რაც თავის დროზე ამიკრძალეს, გაცილებით უხეშად და ცუდად გავაკეთებდი.
მივცეთ თავისუფლება იმ ადამიანებს, ვისაც მოსწონს და ერთობა მსგავსი ღონისძიებებით. მე სახლში ვიქნები ჩემს ოჯახთან ერთად და ჩემი ბედნიერებით დავტკბები. ვიღაც სხვაგარი ბედნიერებით დატკბება.
სამყარო ვითარდება და მესმის, რომ ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ჩვენთვის, ქართველებისთვის მიუღებელია, მაგრამ მოდი მივცეთ ერთმანეთს საშუალება ვაკეთოთ ის, რაც მოგვწონს და გვიყვარს. უბრალოდ ყველამ ჩვენ-ჩვენი ცხოვრებით ვიცხოვროთ. ჩვენ ჩვენსაზე ვაგოთ პასუხი და სხვას თავი დავანებოთ.
„რეპორტიორი“ წარმატებას უსურვებს სალიტა ჩუბინიძეს როგორც პირად, ასევე შემოქმედებით ცხოვრებაში.