გასულ კვირას, ყაზბეგის რაიონში, დარიალის ხეობაში დევდორაკის ხეობიდან ჩამოწოლილ მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა. ოფიციალური ინფორმაციით, მეწყერმა ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 7 პიროვნება დაკარგულად ითვლება. განადგურდა საქართველოს სამხედრო გზის მონაკვეთი...
ხელისუფლება, აბსოლუტურად გამორიცხავს მეწყერსა და ხეობაში მშენებარე ჰესების ურთიერთკავშირს, რაც საზოგადოების გარკვეულო ნაწილში იმთავითვე ეჭვს ბადებს - „ხუდონ ჰესის“ მშენებლობის საკითხის გამწვავების თავიდან ასარიდებლად ხომ არ ხდება ამ თემის ბუნებრივი კატასტროფის ალიბით ჩაფარცხვაო...“
ახლო წარსულში, გარემოსდამცველების გარკვეული ნაწილი აღნიშნავდა, რომ „დარიალი-ჰესისა“ და „ლარსი-ჰესის“ მშენებლობის ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები კანონდარღვევით იყო მომზადებული. მათივე თქმით, ჰესების დაპროექტებისას არ გაითვალისწინეს საფრთხეები, რომლებიც მოელოდა ენერგეტიკულ ობიექტებსა და იქ დასაქმებულ ადამიანებს უარყოფითი გეოლოგიური პროცესების განვითარებისას.
ვის მიერ გაიცა „დარიალი-ჰესისა“ და „ლარსი-ჰესის“ მშენებლობის ნებართვები კანონდარღვევით, რის გამო უნდა აგოს კანონის წინაშე პასუხი გარემოს დაცვის ექსმინისტრმა გოგა ხაჩიძემ და რატომ „უფრთხილდება“ ამჟამინდელი ხელისუფლება დარიალის ხეობაში განვითარებული მოვლენების თემას?
„რეპორტიორი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილს ესაუბრა:
- „ყაზბეგის დაცული ტერიტორიების“ გარემოს შეფასების დოკუმენტი, გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, საკმაოდ საინტერესოდ მომზადდა.
დაცული ტერიტორიების ნუსხიდან ამორიცხვის გარეშე გაიცა ნებართვა. ამ დოკუმენტს ხელს არ აწერს იმდროინდელი გარემოს დაცვის მინისტრი, ბატონი გოგა ხაჩიძე. როგორც ჩანს, მას შეეშინდა პასუხისგებლობის და თავის ერთ-ერთ მოადგილეს მოაწერინა ხელი.
როგორც წესი, ჯერ სიიდან უნდა ამორიცხულიყო ტერიტორია და შემდეგ გაცემულიყო ნებართვა. ანუ - საქართველოს პარლამნეტში უნდა შემოსულიყო შესაბამისი კანონი, „ყაზბეგის დაცულ ტერიტორიების შესახებ“, მისი პარამეტრები შეცვლილიყო, ამორიცხულიყო ამ კანონიდან აღნიშნული ტერიტორია და შემდეგ დაწყებულიყო მშენებლობა. პირიქით მოხდა, ჯერ ამოირიცხა ძალიან დიდი ნაკვეთები მშენებლობისთვის, 2010-11 წელს მიეცა მშენებლობის უფლება ინვესტორს, რამდენიმე თვის შემდეგ კი საქართველოს პარლამენტში შემოვიდა „კანონი ყაზბეგის დაცული ტერიტორიების“ შესახებ, სადაც შეიცვალა დაცული ტერიტორიების პარამეტრები და შესაბამისობაში მოვიდა იმ პარამეტრებთან, რაც საჭირო იყო ჰესის მშენებლობისთვის. ამით კანონი უხეშად დაირღვა.
-ბატონო გია, ვის ეკისრება პასუხისგებლობა ასეთ შემთხვევაში?
-მიუხედავად იმისა, რომ ამ დოკუმენტს ხაჩიძის მოადგილე აწერს ხელს, არამხოლოდ ის არის ამ თემაზე პასუხიმგებელი, არამედ სამინისტრო და პირველ რიგში - მინისტრი. როგორც წესი, მინისტრის ნებართვის გარეშე ასეთ დოკუმენტს ხელი არ ეწერება.
რაც არ უნდა ეცადოს გოგა ხაჩიძე პასუხისგებლობის თავიდან აცილებას, მან უნდა აგოს პასუხი, რადგან მისი მინისტრობის დროს მოაწერა ხელი მოადგილემ აღნიშნულ დოკუმენტს.
-თითქმის ორი წელი გავიდა ხელისუფლების შეცვლიდან. თუ ექს-მინისტრი ხაჩიძე კანონდამრღვევია, რატომ არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები „დამნაშავე მინისტრის“ დასასჯელად?
-რამდენადაც ვიცი, „მწვანე ალტერნატივამ“ და გარემოს დაცვის სამინისტრომ აღნიშნული მასალები, 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადააგზავნა და ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევაც დაიწყო. რა სტადიაზეა ახლა საქმე არ ვიცი, თუმცა, ვფიქრობ, საქმე არ არის დასრულებული და ძიება მიმდინარეობს.
-ბატონო გია, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ, ჰესების მშენებლობისთვის დაცული ტერიტორიების შესაბამისი ნუსხიდან ამოღება იმ ფონზე, როცა გარემოს დამცველების დიდი ნაწილი ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება?
-ნუ ვიქნებით ასეთი კატეგორიულები! ჩვენ, ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა დაცული ტერიტორიების ფარგლები შეიცვალა. მარტო ჩვენი ხელისუფების პირობებში, ორი ასეთი ცვლილება მოხდა - ერთი ლაგოდეხში და მეორე ჯავახეთში. პირველ შემთხვევაში ამას საზოგადოება მოითხოვდა, ხოლო მეორე შემთხვევაში ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა შენდება და როცა ჩვენი მხრიდან მშენებლები მოადგნენ დაცული ტერიტორიების სიაში შესულ ნაკვეთს, სადაც მთა იყო გასაჭრელი - ამ მოტივით ამოირიცხა აღნიშნული ტერიტორია ნუსხიდან, რის ნაცვლადაც სხვა, უფრო დიდი ნაკვეთი მოგვცეს. მომავალშიც არ არის მსგავსი რამ გამორიცხული. არ არის დაცული ტერიტორია ჩაკეტილი სივრცე, რომელსაც კედელი უნდა შემოვარტყათ!
-როდესაც დარიალის ხეობაში ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, ხელისუფლებამ, სანამ გარემოსდამცველები დასკვნას დადებდნენ, იმთავითვე გამორიცხა, რომ შესაძლოა მომხდარი, ხეობაში მშენებარე ჰესებთან კავშირში ყოფილიყო. ხომ არ უკავშირდება ხელისუფლების აღნიშნული პოზიცია „ხუდონ ჰესის“ თემას? საუბარია, რომ „ხუდონ ჰესის“ მშენებლობის საკითხის გამწვავების თავიდან ასარიდებლად ხომ არ ხდება ამ თემის ბუნებრივი კატასტროფის ალიბით ჩაფარცხვაო...“
-ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ჩემი ეს განცხადება ეწყინება, მაგრამ ამგვარი შეფასება პრიმიტიულია! იმ ტერიტორიიდან, სადაც ზვავის ჩამოწოლა მოხდა, „ლარსი ჰესი“ დაშორებულია ათობით კილომეტრით. რანაირად გამოიწვევდა ეს ჰესი აღნიშნულ პროცესს? არ არის ეს ისეთი ჰესი, სადაც აფეთქებები, ან ქანების გადაადგილება იქნება საჭირო. საუბარია მსოფლიო მასშტაბის კატასტროფაზე, ხალხი კი ჰესებზე საუბრობს. ცუდია, თუ ვინმე ვერ მიხვდა რას ვამბობ. გლობალური დათბობის პროცესი დაწყებულია მსოფლიოში შეუქცევადად, კლიმატური ცვლილებები სახეზეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, ეს უკვე დამტკიცებულია, რაც კატარსტოფულ მოვლენებს გამოიწვევს მთელს მსოფლიოში. არ გამოვრიცხავ ჩვენ კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეგვქმნას.
P.S. დარიალის ხეობაში ჰესის აშენება საბჭოთა პროექტი იყო. სწორედ ამ პროექტისაგან დარიალის ხეობის დასაცავად, აკადემიკოს ნიკო კეცხოველის ინიციატივით შეიქმნა ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი, რამაც კომუნისტური მთავრობის ხელყოფისაგან იხსნა ხეობა.
დარიალის ხეობაში განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენამ, ნათლად გვაჩვენა, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება მოიტანოს არასრულყოფილად ჩატარებულმა გარემოზე ზემოქმედების შეფასებამ და ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებმა.
გარემო პირობების უგულვებელყოფით, მხოლოდ მაქსიმალურ ეკონომიკურ სარგებელზე გათვლილი პროექტები საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ბუნებრივ და სოციალურ გარემოს აყენებენ ზიანს, არამედ სერიოზული ეკონომიკური ზიანის მომტანიცაა.