reportiori.ge - პრემიერ-მინისტრის სიტვყით გამოსვლა ჰარვარდის კლუბში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:59
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
პრემიერ-მინისტრის სიტვყით გამოსვლა ჰარვარდის კლუბში
ავტორი:
21 მაისი, 2014. 10:38


ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო!


ძვირფასო ბატონო ვან უდენოვ!


მადლობას მოგახსენებთ ესოდენ თბილი სიტყვებისა და წარდგენისათვის.
ბატონებო და ქალბატონებო,


ჩემთვის საპატიო და სასიხარულოა ასეთი წარჩინებული აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით სასიხარულოა იმ მეტად საინტერესო საუბრის გათვალისწინებით, რომელიც მქონდა პრინც დე მეროდთან, ბატონ ვან უდენოვსა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან ბელგიიდან, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ვიზიტით იმყოფებოდნენ თბილისში. ნება მომეცით, ასევე მადლობა მოვახსენო თქვენს უდიდებულესობასა და თქვენს ოჯახს სტუმართმოყვარეობისა და დღეს მათ ულამაზეს სახლში თბილი მასპინძლობისათვის.
დღეს ყურადღებას სამ ძირითად საკითხზე გავამახვილებ. პირველი ეხება ქვეყნის საშინაო მდგომარეობას, ანუ იმას, თუ რა გააკეთა ჩემმა მთავრობამ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, ასევე გაგაცნობთ ჩვენს სამომავლო გეგმებს. შემდეგ მოგითხროთ, როგორ ემზადება საქართველოს ევროკავშირთან შემდგომი დაახლოებისათვის. და ბოლოს, მოკლედ შევაჯამებ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბევრ გამოწვევას, რომლის წინაშეც დგას საქართველო არასტაბილური საერთაშორისო სიტუაციის პირობებში.


ქვეყნის საშინაო მდგომარეობა


ჩემი აზრით, ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის დემოკრატიული რეფორმების ერთგულება. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღიარებენ ამ რეფორმების წარმატებას.


2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო საკვანძო ეტაპი, რომელიც საყოველთაოდ აღიარეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ვიმედოვნებთ, რომ მსგავს წარმატებას მივაღწევთ 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებშიც.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციაში იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელთა ძალითაც დღეს უზრუნველყოფილია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის უფრო სამართლიანი სისტემა. ჩვენი მიზანია ძლიერი საპარლამენტო დემოკრატიის აშენება და დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებათა შორის ძალაუფლებისა და ვალდებულებების გამიჯვნა და დაბალანსება, ასევე უფლებამოსილების გამოყენება ხალხთან უშუალო კავშირში. ჩვენ გავაძლიერეთ მთავრობის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი და განვახორციელეთ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და მისი განაწილება რეგიონულ და ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანებს შორის.


გარდა ამისა, ჩვენ გავატარეთ რეფორმები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. დაუსჯელობის პრაქტიკის დასრულება და კანონის უზენაესობის პრინციპის გატარება იყო ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 2012 წლის არჩევნების მოლოდინში. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმები და შესაძლებლობებისა და უნარების გაუმჯობესება დღესაც გრძელდება, უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები. დღეს საქართველოში აღარ არსებობს შერჩევითი სამართალი. ამავე დროს, ვერავინ დადგება კანონზე მაღლა. 
ჩვენ ასევე შევთანხმდით ადამიანის უფლებათა ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომლის მიზანიცაა ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურისა და პრაქტიკის, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ეს გეგმა ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების სისტემებს, შრომის ბაზარს, სოციალურ მომსახურებასა და ცენტრალურ და ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებს. პროგრესი შეფასდება და კონკრეტულ თანამდებობის პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა განხორციელებაზე. სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას და ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს ამ მხრივ. წინ ბევრი მუშაობა გველის, მაგრამ გამოვთქვამ იმედს, რომ მალე შევუერთდებით ბელგიას ადამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო რეიტინგების თავში.


ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარდა, საქართველო დგას ეკონომიკური ზრდის ახალი ეპოქის ზღურბლზე. ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ თავისუფალი და ღია ეკონომიკური გარემოს შექმნაში და წამოვიწყეთ რეფორმების ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესისათვის ეკონომიკური შესაძლებლობების შემდგომი ზრდისათვის. გარდა ამისა, ჩვენ გავუმკლავდით კორუფციას. ბიზნესის წარმოების სიმარტივის რეიტინგებში საქართველო მერვე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო 2014 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლით, ჩვენი ეკონომიკის ზრდამ შეადგინა 7.4%. უკვე 2014 წლის მეორე ნახევარში, ჩვენი მოლოდინით, დაიწყება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების ნაწილობრივი განხორციელება, რაც კიდევ უფრო მძლავრ ბიძგს მისცემს ჩვენს ეკონომიკას. ჩვენი მიზანია კერძო სექტორის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა, რა მიზნითაც ურყევად დავიცავთ საკუთრების უფლებას, გავატარებთ ეფექტურ კანონებს კონკურენციის შესახებ და დავაწესებთ კომერციული დავების განხილვის სისტემას, ასევე უზრუნველვყოფთ გამარტივებულ საგადასახადო სისტემას, და განვავითარებთ კაპტალის ბაზარსა სხვა ფინანსურ მექანიზმებს.


ჩვენი წარმატებები ეკონომიკის სფეროში აღიარებული და მოწონებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მსოფლიო ბანკის პროგნოზების თანახმად, 2014 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდა შეადგენს 6.3%-ს. ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, მიაღწია რა გაუმჯობესებას ეკონომიკური თავისუფლების ათი კატეგორიიდან ექვსში, საჯარო ფინანსების მენეჯმენტის, ინვესტირების თავისუფლების, მონეტარული თავისუფლებისა და საკუთრების უფლების დაცვის კატეგორიების ჩათვლით. იმავე რეიტინგის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა ევროპის 43 ქვეყანას შორის.


საქართველოში ინვესტიციების გასააქტიურებლად უკვე შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფონდი. დაგეგმილია სხვა ფონდების შექმნაც. ამ წარმატებული ფონდების რიცხვშია სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი, რომელიც უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის წარმოებაში ჩართულ კომპანიებს, ასევე საქართველოს საპარტნიორო ფონდი, რომელიც მხარს უჭერს ფართომასშტაბიან საინვესტიციო ინიციატივებს. გარდა ამისა, 2013 წლის სექტემბერში დაარსდა სპეციალური საინვესტიციო ფონდი - საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ასრულებს საქართველოში ინვესტიციების მთავარი მამოძრავებელი ძალის როლს.ეს ფონდი აქტიურად ეძებს ინვესტირების შესაძლებლობებს არსებული და ახალი ბიზნესების გასავითარებლად და შესაქმნელად ქვეყნის ეკონომიკის საკვანძო სფეროებში, კერძოდ, ენერგეტიკაში, ტურიზმსა და სასტუმრო ბიზნესში, სოფლის მეურნეობასა და წარმოებაში. 


ამ სექტორთა უმრავლესობა უკიდურესად აქტიურია და სთავაზობს ევროპულ კომპანიებს შესანიშნავ შესაძლებლობებს. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო ორი სექტორი. 


საქართველოს ენერგეტიკის სექტორი იძლევა ინვესტირების ჯერ კიდევ გამოუყენებელ პოტენციალს. ამჟამად ჩვენი ქვეყანა იყენებს თავისი ჰიდრორესურსების მხოლოდ 18%-ს. საქართველოს ენერგეტიკული სისტემა დაკავშირებულია ყველა მეზობელი ქვეყნის შესაბამის სისტემებთან. 2012 წელს ენერგეტიკის სექტორში განხორციელებულმა ინვესტიციებმა შეადგინა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური ოდენობის 19.7%, ხოლო 2013 წლის პირველი ცხრა თვის მაჩვენებელმა იმავე კატეგორიაში შეადგინა უკვე 20%-ზე მეტი.


რაც შეეხება მეორე მძლავრ სექტორს, ტურიზმსა და სასტუმრო ინდუსტრიას, საქართველო ამაყობს ზრდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მსოფლიოში. 2012 წელს საქართველოს ეწვია 4.3 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც 56%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2013 წელს კი ტურისტების რიცხვი 5.4 მილიონამდე გაიზარდა. მოთხოვნა სასტუმრო ოთახებზე ყოველდღიურად იზრდება, უფრო სწრაფად, ვიდრე ამას მიწოდება აკმაყოფილებს. მიუხედავად ისეთი ბრენდების საქმიანობისა, როგორებიცაა „მარიოტი", „შერატონი", „ჰილტონი", „რედისონი" და „ჰოლიდეი ინი", ბაზარზე კვლავაც არის საკმარისი სივრცე ამ მომსახურების სხვა მიმწოდებელთა დასამკვიდრებლად.


გარდა ამისა, საქართველოს უნიკალური ადგილმდებარეობა იძლევა ევროპას, კასპიის ზღვის რეგიონსა და ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადის გამოყენებისა და კაპიტალიზაციის შესაძლებლობას. ჩვენ უზრუნველვყოფთ უმოკლეს გზას შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის. საქართველო კვლავ წარმოადგენს კასპიის ზღვის რეგიონიდან ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების უსაფრთხო გზას. აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ის კიდევ უფრო გაზრდის პროდუქციით ვაჭრობის მასშტაბებს მთელს რეგიონში. ჩვენ მსხვილ ინვესტიციებს ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურაში და ვგეგმავთ ახალი ღრმა წყლის პორტის მშენებლობას. 


ერთი სიტყვით, საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია და მოსალოდნელია შემდგომი წინსვლაც. ევროკავშირისა და საქართველოს კონფერენცია ინვესტიციების თემაზე, რომლის ჩატარებაც დაგეგმილია თბილისში, 13 ივნისს, მიზნად ისახავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ფარგლებში შეთავაზებული შესაძლებლობების განხილვა და ხაზგასმა. იმედი მაქვს, რომ ამ კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთხელ შევხვდები ბევრ თქვენგანს, რათა უფრო დეტალურად განვიხილოთ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს, გაუხსნას გზა რეგიონში საქმიანობის წარმართვით დაინტერესებულ ბელგიურ კომპანიებს.


ურთიერთობები ევროკავშირთან


ნება მომეცით, გადავიდე ევროკავშირთან ურთიერთობებზე. ალბათ, მეტყვით, რომ ევროკავშირი უკვე ბევრჯერ ვახსენე ამ გამოსვლაში. მართლაც, ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან უკვე იმდენად ინტენსიურია, რომ შეუძლებელია საშინაო რეფორმებზე საუბარი ევროკავშირის შესახებ საუბრის გარეშე. ეს ტენდენცია კი სწრაფად მატულობს.
როგორც ალბათ მოგეხსენებათ, ჩემთან ერთად ბელგიაში იმყოფება ჩემი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც ხვალ შეხვდება ევროკომისიის წევრებს. ხვალ შევხვდები პრეზიდენტ ბაროზუს, ხოლო ჩემი კაბინეტის მინისტრები წარმართავენ მოლაპარაკებებს თავის კოლეგებთან ევროკომისიიდან. ამ შეხვედრების დღის წესრიგის უპირველესი პუნქტი იქნება ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების დაგეგმვა. ამ ხელშეკრულებას ჩვენ ხელს მოვაწერთ 27 ივნისს. რადგანაც ვაჭრობა შედის აღმოსავლეთის პარტნიორობის კომპეტენციაში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულება ხელმოწერიდან რამდენიმე კვირაში შევა ძალაში.ამ ხელშეკრულების განსახორციელებლად საქართველოს ხელისუფლება არ დაელოდება ევროპული პარლამენტების მხრიდან რატიფიცირებას. მათი დათვლაც კი შეუძლებელია. თუ არ ვცდები, მხოლოდ ბელგიაში ოთხი პარლამენტია!


ხშირად მეკითხებიან, რას მოველით ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ. მოკლე პასუხი ასეთია: ბევრ მუშაობას. ხელშეკრულების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსათვის. მიუხედავად ამისა, ჩვენი საბოლოო მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს იქნება ხანგრძლივი და რთული პროცესი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ძალას გვმატებს ამ მიზნის მიღწევაში მხარდაჭერის გამოხატვის უამრავი მაგალითი: აპრილში ევროპარლამენტმა განაცხადა, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, აქვს ევროპული პერსპექტივა და შეუძლია კავშირში გაწევრიანების სურვილის გაცხადება. გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს „მისწრაფებებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებასთან დაკავშირებით", ხოლო პრეზიდენტმა ვან რომპეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასოცირების ხელშეკრულება არ არის ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანი. ვიშეგრადის ჯგუფმა ასევე განაცხადა ახლახან, რომ სამეზობლოს ქვეყნებისათვის „ევროინტეგრაციის პერსპექტივის მიწოდება კვლავაც წარმოადგენს სიღრმისეული რეფორმების წახალისების საუკეთესო ფორმას".
წელს შესრულდა ათი წელი მას შემდეგ, რაც 2004 წელს ევროკავშირმა მიიღო ათი ახალი წევრი. ყველა შეფასება, რომელთაც მე გავეცანი, ცხადყოფს ამ ისტორიული მოვლენის წარმატებაზე. ევროკავშირმა მოიპოვა გაფართოებული ბაზარი და გახდა უფრო კონკურენტუნარიანი, განაგრძო კარგად ორგანიზებული საქმიანობა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, წარმატებით განახორციელა სტაბილურობის „ექსპორტი" აღმოსავლეთში.


დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსაც შეუძლია ევროპული პროექტის მიმდინარე წარმატებაში წვლილის შეტანა. საქართველო არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი და მისი ევროინტეგრაცია შეუქცევადია. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რამდენად შორს და რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი ჩვენი წინსვლა? სულ რაღაც ორ დღეში ჩატარდება ევროპარლამენტის არჩევნები. გამოვთქვამ იმედს, რომ ერთ დღეს საქართველოს მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ დიად დემოკრატიულ პრაქტიკაში.


მანამდე კი, ჩემი აზრით, ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა შეასრულებს კატალიზატორის როლს საქართველოში შემდგომი რეფორმების გატარების კუთხით. ჩვენი კანონმდებლობის დიდი ნაწილი უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირის კანონმდებლობას, რათა შესაბამისობაში მოვიდეს ასოცირების ხელშეკრულებასთან. ეს კი ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისაგან ითხოვს ყურადღებისა დ კოორდინირების მაღალ დონეს. მიუხედავად ყველაფრის, ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ, რასაკვირველია, გავუმკლავდებით პირად ინტერესებში მოქმედებას, რადგანაც სწორედ ეს საქართველოს მოსახლეობის მიერ ჩვენთვის მონიჭებული მკაფიო და ურყევი მანდატი. მართლაც, საქართველოს მოქალაქეთა 85% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის გზას. კერძო სექტორში ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, ინტეგრაციას მსოფლიოს ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ჯაჭვში და შექმნის ახალ პერსპექტივებს როგორც საქართველოსათვის, ასევე ჩვენს ქვეყანაში მოღვაწე მეწარმეებს. საქართველოში წარმოებულ პროდუქციასა და მომსახურებას გზა გაეხსნება ევროკავშირის ბაზარზე.


საქართველოს ადგილი ევროპაშია და ვერავითარი ძალა ვერ გვაიძულებს, გადავუხვიოთ ამ გზიდან. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი აცნობიერებს ამ პერსპექტივას. აღმოსავლეთის პარტნიორობის წარმატებული ქვეყნებისათვის ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო პერსპექტივის მიწოდება შეცვლის ჩვენს რეგიონს და უზრუნველყოფს, რომ უკრაინის მსგავსი კრიზისი არ განმეორდეს.

საქართველოს უსაფრთხოება 


ნება მომეცით, შევეხო საქართველოს უსაფრთხოებასა და ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებს. როდესაც რუსეთმა განახორციელა ყირიმის ანექსია, მთავრობა უმრავლესობამ დაგმო ეს მოქმედება, როგორც ცივი ომის შემდგომ ევროპაში დამყარებული წესრიგი უსაფრთხოების კუთხით. ზოგიერთს კი გადაავიწყდა, რომ 2008 წელს რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია. რუსეთის ამჟამინდელ მოქმედებას ცალსახად აქვს გავლენა ჩვენს უსაფრთხოებაზე.
საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ კვლავაც ვცდილობთ უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ურთიერთობების ნორმალიზაციას. ჩვენ დავდეთ ძალის არგამოყენების პირობა დეოკუპაციის გზების მოძიების პროცესში და წარმოვადგენთ კონსტრუქციულ მხარეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, საქართველო ახორციელებს პრაგმატულ თანამშრომლობას რუსეთთან, რომლის შედეგადაც განახლდა ვაჭრობა, შემოღებულია უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეთათვის. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.


ჩენს მოლაპარაკებებში რუსეთთან შეიმჩნევა მოკრძალებული შედეგები, მაგალითად, რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისათვის, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება და წინსვლა მოქალაქეთა შორის და კულტურული კონტაქტების მხრივ. მეორე მხრივ, მიუხედავად ჩემი მთავრობის პროგრესული და მშვიდობიანი მცდელობებისა, მოსკოვი განაგრძობს თავის პროვოკაციულ ქმედებებს, საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე მავთულხლართის ინსტალაციის ჩათვლით. ჩვენ მოველით რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გამძაფრების მცდელობებს, რადგანაც რუსეთი უარს აცხადებს შეუერთდეს საქართველოს მიერ დადებულ პირობას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვარწმუნებთ ევროკავშირს, რომ საქართველო არ შედრკება ამ ზეწოლის ქვეშ.
რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო. ყირიმის უკანონო ანექსირებას მოჰყვა დესტაბილიზაციაზე გამიზნული კამპანია აღმოსვლეთ უკრაინაში. ჩვენ ვთვლით, რომ უკრაინელ ხალხს თავად უნდა ჰქონდეს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება, ხოლო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ყველასთვის სავალდებულოა. საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ კრიზისიდან გამოსვლის მშვიდობიანი გზების მოძიებაზე მიმართულ ძალისხმევას. 


საქართვლო ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის ჩათვლით. კავკასიის რეგიონში ჩვენი მიზანია რეგიონული ინტეგრაციის ხელშეწყობა და საქართველოს ჩამოყალიბება რეგიონული ქსელებისა და ინიციატივების ცენტრად.


საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს კვლავაც წარმოადგენს ჩვენი ურთიერთობები ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი გარანტია. ხოლო რაც შეხება რეგიონის უსაფრთხოების მოკლევადიან და შუალედურ გარანტიებს, უკიდურესად მნიშვნელოვანია ნატოს როლი და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა.


2008 წელს, ნატოს სამიტის ფარგლებში, რომელიც გაიმართა ბუქარესტში, ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება მისი წევრი. ეს პრინციპული პოზიცია აპრილში კიდევ ერთხელ დაადასტურა გენერალურმა მდივანმა, რასმუსენმა. ნატოს მომავალი სამიტი უელსში საქართველოსათვის იქნება საუკეთესო შესაძლებლობა, რათა დაფასდეს ჩვენი ქვეყნის პროგრესი და მისი, როგორც მოკავშირეთა ერთგული და სანდო პარტნიორის, როლი და დაისახოს კონკრეტული ნაბიჯები გაწევრიანებისაკენ.


როგორ მოგეხსენებათ, საქართველო არის ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების ოპერაციებში ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. წლის ბოლოს ნატოს ჯარების გაყვანის შემდეგაც კი ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ ავღანეთში და გამოცდილების გაზიარების გზით მონაწილეობა მივიღოთ ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში. გარდა ამისა, საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მოიცავს ჩვენს აქტიურ მონაწილეობას ბირთვული იარაღის გავრცელებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და სამშვიდობო მისიებში.


შავი ზღვის რეგიონის გეოსტრატეგიული დინამიკა მუდმივად იცვლება. შესაბამისად, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ევროკავშირსა და აშშ-ს, კვლავაც საკვანძო როლი შეასრულონ რეგიონში სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაში. მათი მხარდაჭერა და მონაწილეობა პროცესებში შედეგს მოიტანს და გაავრცელებს არაორაზროვან გზავნილს, რომ დემოკრატია, ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა და ევროატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაცია წარმატებული შეიძლება იყოს ჩვენს რეგიონში.


დასკვნა


ბატონებო და ქალბატონებო,


უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველო საგრძნობლად მომწიფდა და ჩამოყალიბდა, როგორც ახალგაზრდა და უაღრესად აქტიური დემოკრატია. ჩვენი ქვეყანა იქცა სტაბილურობისა და კეთილდღეობის ნამდვილ ლიდერად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ის უპირობო მხარდაჭერას ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში, რომელთა მიზანიცაა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური თავისუფლების განმტკიცება.


ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან დაახლოებასთან დაკავშირებით განუყოფელია დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაგრძელებასთან დაკავშირებული მისწრაფებებისაგან. ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გააქტიურება არის ევროპული ქვეყნების ოჯახში ჩვენი დაბრუნების გზა, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს საზიარო ისტორია, კულტურა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ღირებულებები.


ჩვენ მზად ვართ, გავხდეთ ევროპელი მეზობლები, და არა მხოლოდ ევროპის მეზობლები. ჩვენ წამოვიწყეთ და განვახორციელეთ საკვანძო პოლიტიკური, საკონსტიტუციო, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმები, რომელთა მიზანიცაა დემოკრატიისა კანონის უზენაესობის განმტკიცება, მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ხელშეწყობა, ასევე ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა. 


ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება დასავლეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით სცდება ჩვენი ადგილობრივი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების ფარგლებს. ჩვენ ასევე გვაქვს გადაწყვეტილი უსაფრთხოების სფეროს საკვანძო საკითხებში აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან.


საქართველოს წარმატებული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია სარგებელს მოუტანს არა მხოლოდ ჩემს ქვეყანას, არამედ მთელს რეგიონში უზრუნველყოფს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. უფრო მეტიც, საქართველოს, როგორც სტრატეგიულად ხელსაყრელი ადგილმდებარეობის მქონე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ცენტრის, ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში გრძელვადიან პოლიტიკურ და ეკონომიკურ უპირატესობას მოუტანს ჩვენს ყველა პარტნიორს. 

ძვირფასო მეგობრებო, 


იმედი მაქვს, რომ შევძელი შესაბამისად აღმეწერა საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ლანდშაფტი და როლი, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ და შევასრულებთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტერესების დაცვის კუთხით. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, ეს აღწერა მხოლოდ შესავალია. ნეტავ, შემეძლოს თქვენი გაოცება საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობით, მისი ხალხის სითბოთი, მისი ბუნების აღუწერელი მშვენიერებით. თუმცა, დღეს ამით შემოვიფარგლები. ნაცვლად ამისა, მოგიწოდებთ, ეწვიოთ ჩემს ქვეყანას, რათა თავად იხილოთ მისი სიმდიდრე და გახდეთ ახალი ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბების მოწმენი. 


გმადლობთ ყურადღებისათვის.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016