reportiori.ge - გიგი უგულავა ახალ სკანდალში ეხვევა?! რა დოკუმენტები გაუგზავნეს პროკურატურას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:55
პრეს-დაიჯესტი
გიგი უგულავა ახალ სკანდალში ეხვევა?! რა დოკუმენტები გაუგზავნეს პროკურატურას?
ავტორი:
21 თებერვალი, 2014. 10:58

"კოჯრის ტყის სიზმრებიდან" - "კოჯრის ტყვნ... სიზმრებამდე"...   როგორც ცნობილი ზღაპრის გმირი "ხეჩო" იტყოდა - "თუ არა ვცდები, ჩვენი კნიაზის ვექსილების დოლაბასაც მივაგენით!" 


მაშ ასე, ვინ ეპატრონება კოჯრის ტყეს, ვინ დგას რუსეთში მოღვაწე ექიმისა და ბიზნესმენის თამაზ მჭედლიძის ბიზნესინტერესების უკან, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები იმ ბიზნესპროექტის მიღმა, რომლის განხორციელებასაც თამაზ მჭედლიძე აპირებს, რატომ მფარველობდა გიგი უგულავა მჭედლიძეს, რა დოკუმენტს მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილმა და იკვეთება თუ არა მჭედლიძის ბიზნესში სააკაშვილის მამის ინტერესები? 

 



ვინ არის თამაზ მჭედლიძე? 


სტომატოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, რუსეთში აქვს თავისი სტომატოლოგიური ბიზნესი, არის მილიონერი, ის საქართველოში 2007 წელს ჩამოდის. როგორ იშოვა მილიონები? ამ კითხვას თამაზ მჭედლიძე ქართულ გამოცემასთან ინტერვიუში ასე პასუხობს: "ჩემი მეგობრები, რომლებიც მაშინ მსხვილ ბიზნესში ჩაებნენ, ერთხელ მეუბნებიან: ოდესმე 5 მილიონი დოლარი გინახავს? თუ გინდა, გაჩვენებთო, - და გამიყვანეს ოთახში, სადაც დოლარების 100 000-იანი დასტები ეწყო. გავგიჟდი. მედიცინაში მაშინ სად იყო ამდენი ფული". 


და რა ქნა, ხუთი მილიონის ნახვის შემდეგ, გაგიჟებულმა თამაზ მჭედლიძემ? - აიწყვიტა და მილიონები იშოვა, როგორ? მისი პასუხიც აქვეა: "როცა ჩემი სისტემა "მედი" გაფართოვდა, პეტერბურგის ელიტამაც ჩვენთან დაიწყო სიარული, ჩემთან დადიოდა პეტერბურგის პოლიტიკური ელიტაც - ის ადამიანები, ვინც ახლა რუსეთის სახელმწიფო მმართველობაშია. სტომატოლოგიით დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ პროფილი გავაფართოეთ: ესთეტიკური მედიცინა, პლასტიკური ქირურგია, საოჯახო მედიცინა, ლაზერული კორექცია... სულ - 18 კომპანიიდან წლიური მოგება ათი მილიონი დოლარია, სისტემა გამართულად მუშაობს". 


მჭედლიძის ამოცანა გვეკითხება, რის გაკეთებას აპირებს ის კოჯრის ტყეში? ამოცანას თამაზ მჭედლიძევე პასუხობს: 
"გადავწყვიტე, აქ განვავითარო "ველნეს" ინდუსტრია. რატომ ავირჩიე კოჯორი?! ბუნებრივად კარგი ადგილია, თბილისთან ახლოს. ვმუშაობთ ორ პროექტზე: ერთი - ეს არის გამაჯანსაღებელი პრემიუმ-კლასის კომპლექსი მილიონრებისთვის - სამყაროს ყველაზე შეძლებული ფენისთვის, ექსკლუზიური განათების სისტემით, დახურული ეზოთი, სადაც ეგზოტიკური ცხოველები ისეირნებენ; ეს იქნება ცენტრი, სადაც ერთად მოიყრის თავს საქართველოს ყველა სიკეთე - მაგნიტური ქვიშები ურეკიდან, სამკურნალო წყლები ბორჯომის ხეობიდან, წყაროს წყლები რაჭიდან, ტალახები სხვადასხვა რეგიონიდან აქამდე სპეციალური მანქანებით მოვა. მაგნიტური ქვიშა გაიცრება, გათბება და იმ მდგომარეობამდე მივა, როცა ის ყველაზე უკეთ მოქმედებს; იქნება სპეციალური მოვერცხლილი ხის აბაზანები ქვიშისა და ტალახისთვის; იქნება ყურძნის სპა-ოთახები. ღვინოთერაპია საკმაოდ პოპულარულია მდიდარ ადამიანებში და ჩვენ მისი გამოყენების დიდი რესურსი გვაქვს. ამ კომპლექსში სულ 15 ნომერი გაიხსნება, მაქსიმუმ 30 ადამიანზე და საწყისი ფასი დღე-ღამეში 1 500 დოლარი იქნება. პარალელურად ვმუშაობთ მეორე პროექტზე: კოჯრის ტყე-პარკის ღია სივრცეში განთავსდება მოსასვენებელი ადგილები, სადაც თითო ადამიანს თავისი ინდივიდუალური "ველნეს თერაპევტი" ეყოლება და საკუთარი, ინდივიდუალური პროცედურები ექნება. აქ ყველა ფენის ადამიანები შეძლებენ სხეულის გაჯანსაღებაზე ზრუნვას. ეს იქნება საზოგადოებრივი ზონა ჯანსაღი სამზარეულოთი, საკონცერტო დარბაზით, საგამოფენო სივრცით და სხვა. ადამიანს ხომ არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური გაჯანსაღებაც სჭირდება"... 
ნიჟარაძის ზღაპრები ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალს მახსენებს "ჰოდა, ავფრინდი მთვარეზე... ავფრინდი და მერე ისევ ჩამოვფრინდი"... ისე კი, ამ მილიარდერებს ფსიქოლოგიური გაჯანსაღება ნამდვილად სჭირდებათ, ნიჟარაძეს არ უნდა ესწავლებოდეს, რომ ფიზიკური გაჯანსაღებისთვის მილიარდერები კარლოვივარში და მსოფლიოს სხვა ცნობილ ბალნეოლოგიურ კურორტებზე დადიან, ამ მკვდრადშობილი პროექტისთვის კი  ტყე არ უნდა გაჩეხო და არ უნდა მიითვისო, თუ, რა თქმა უნდა, ამ პროექტის მიღმა სხვა ფარული ზრახვები არ დგას!     


მაშ ასე, რა ხდება ამ სკანდალური საქმის გარშემო და რატომ ედავებიან წავკისელები თამაზ ნიჟარაძეს, რომელიც ერთი შეხედვით მთვარეზე გვამოგზაურებს, "ქრონიკას" წავკისის მოსახლეობის სახელით ამირან ბეჟიაშვილი და ზურაბ ქოროღლიშვილი დაუკავშირდნენ და ამ საქმეზე დოკუმენტები მოგვაწოდეს. 




აი, რას ყვება "ქრონიკასთან" საუბარში ამირან ბეჟიაშვილი: 


- "ნაციონალებმა" ტყის ხელყოფას და გაჩეხას სისტემური ხასიათი მისცეს, საეჭვო და დაუსაბუთებელი იყო 2006 წელს მიღებული გადაწყვეტილება, მილიონნახევრიანი დედაქალაქისთვის ახლომდებარე საკურორტო ზონების შემოერთების შესახებ, მიზანი სულ მალე გახდა ცნობილი. შინდისის, ტაბახმელის, წავკისისა და კოჯრის საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები მასობრივად გაიყიდა უცხოელ ინვესტორებზე და ადგილობრივ იურიდიულ პირებზე, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, დასამარდა ამ რეგიონში მეცხოველეობისა და მემინდვრეობის განვითარების პერსპექტივა. ამავე პერიოდში გამოჩნდა ასპარეზზე საინვესტიციო კომპანია "მედჯგუფ საქართველო", რომლის დამფუძნებელია სანქტ-პეტერბურგში გამდიდრებული თამაზ მჭედლიძე და რომელმაც გამოჩენისთანავე კოჯრის ტყეს დაადგა თვალი, ვინაიდან თავიდანვე "აწუხებდა" დავოსის ტყის იდეა. 



- და რა არის ამ პროექტში ცუდი და კანონსაწინააღმდეგო? 


- თავისთავად, რეგიონში საერთაშორისო მნიშვნელობის გამაჯანსაღებელი კომპლექსის აშენების იდეა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია; განვითარდება სამედიცინო ტურიზმი, და რაც მთავარია, ნაწილობრივ მაინც გადაწყდება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პრობლემა. მაგრამ, როდესაც ვხედავ, რომ ამ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იდეით შენიღბულია კომპანიის მესვეურთა ბოროტი განზრახვა, რომ თბილისის მერიასთან დანაშაულებრივი გარიგების გზით მიითვისონ კოჯრის ტყე და მას უმოწყალოდ ჩეხავენ, როდესაც ხელყოფილია სახელმწიფო და კერძო საკუთრება, როცა კომპანიის ბიზნესინტერესებს ეწირება მოსახლეობის დასვენებისა და გართობის ადგილები, თავს ვალდებულად ვთვლით ვიბრძოლოთ ტყის გადასარჩენად, სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ეს ვანდალიზმი! ამ ვაიინვესტორ თამაზ მჭედლიძესა და მის "ხელისბიჭს" მირიან ამირანაშვილს, თავი რომ თარაშ ემხვარად წარმოუდგენია, ჰყოფნით თავხედობა და პრესის საშუალებით გაღმა გვედავებიან, მათი ბარბაროსული ქმედებებით აღშფოთებულია მთელი ამ რეგიონის მოსახლეობა. მას შემდეგ, რაც "საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ" 2013 წლის 8-15 ივნისს ამ ტყეში ჩატარებული კვლევის შედეგები დადო, პრესის ფურცლებიდან ომი გააჩაღეს, აი, რა წერია დასკვნაში: "სოფელ წავკისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში საკურორტო კომპლექსის მშენებლობისა და კომპლექსთან დამაკავშირებელი გზის გაყვანის მიზნით, დაახლოებით 2,5 ჰექტარ ფართობზე ჩატარდა ტყის პირწმინდა ჭრა. ტყის მასივში გაყვანილი გზა იწყება ტაბახმელა-კოჯრის გზის მონაკვეთის შუა ნაწილში და მიემართება ხსენებული მშენებარე კომპლექსისკენ აღმოსავლეთის მიმართულებით, გზის ორივე მხარეს მდებარეობს გაჩეხილი ტყის ანალოგიური ტყიანი ფართობები. დადგინდა, რომ ყოველი 100 კვ.მ ფართობზე მოჭრილია 8 ქართული მუხა, 10 რცხილა და 1 ინდივიდი იფანი; ხეების გაბატონებული ხნოვანებაა 70-90 წლამდე. 


აღნიშნული კვლევის შედეგების მიხედვით, გამაჯანსაღებელ კომპლექსამდე მისასვლელ გზას შეწირა 4750, ხოლო ტყის კორომის გაჩეხვას - 340 ასწლოვანი უნიკალური ჯიშის ხე, კიდევ უფრო ამაზრზენია ის ფაქტი, რომ დანაშაულის მიჩქმალვის მიზნით აქვე, ტყეში გათხარეს 40-მეტრიანი სარკოფაგი და ჩამარხეს მოჭრილი ხის ფესვები. გადაღებულია, როგორ ეზიდება მოჭრილ ხეებს ტყიდან სატვირთო ავტომანქანების კოლონა. თამაზ მჭედლიძესა და მასთან დანაშაულებრივ შეთანხმებაში შესულ მერიის მესვეურებს თუ მართლა ამოძრავებდათ კეთილშობილური მიზანი, რაღა მაინცდამაინც მიუვალ ადგილას დააპროექტეს ამ კომპლექსის აშენება, სადაც მისასვლელი გზაც კი არ არსებობდა და ამ საქმეს შესწირეს 5000-ზე მეტი ასწლოვანი, უნიკალური ჯიშის ხე? ან რომელმა საპროექტო ორგანიზაციამ დააპროექტა კომპლექსის მშენებლობა ლანდშაფტურ-რეკრეციულ ზონად აღიარებულ ტყეში, რომელიც შემდეგ, ისევ დანაშაულებრივად გამოაცხადეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწად? ან რა უფლებით დააპროექტეს მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც შემდეგ მესაკუთრეებს შანტაჟითა და იძულებით დაათმობინეს, ხოლო ზოგს კი გააცვლევინეს? სახეზეა  თბილისის მერიასა და კომპანიას შორის სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფარული გარიგებები, რომლებიც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რეაგირებას მოითხოვს. 


როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, თბილისის მერიასა და შპს "მედჯგუფ საქართველოს" შორის გარიგების სისრულეში მოყვანა დაიწყო 2011 წლის მარტიდან, იმ მიზნით, რომ "გაეპრავებინათ" გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტით ეს ადგილები, ისევე, როგორც წავკისის თავზე და უძოს მთის კალთებზე, აგრეთვე, კოჯრიდან კიკეთამდე არსებული ტყის მასივი, კოჯრის მისადგომებთან ხელოვნურად გაშენებული მწვანე ზოლი, რომლებიც სრულიად ითვლებოდა ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზოლად და არ ექვემდებარებოდა გაყიდვას, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტომ, ჯადოსნური ჯოხის ერთი დაქნევით გადააქცია არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ანუ გამოუყენებელ, მწირ მიწად და ასე გაატარა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (ფართობი 13028210,0 კვ.მ საკადასტრო კოდი #81.01.04.409), ეს არის კიდევ ერთი მაგალითი განუკითხაობისა და დაუსჯელობის. საინტერესოა, ქონების მართვის სააგენტოს ამ დანაშაულებრივ ქმედებას როგორ მისცა დასტური ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა, ან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ? 


საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არასასოფლო-სამეურნეო მიწის სტატუსით დარეგისტრირდა ტყის ნაკვეთები და მიმდებარე ტერიტორიები, ეს იყო მერიასა და კომპანიას შორის დანაშაულებრივი გარიგებისთვის სამართლებრივი ბაზის შექმნის პირველი ეტაპი. ამით გზა გაეხსნა შპს "მედჯგუფ საქართველოს", დაბრკოლების გარეშე შეესყიდა ქონების მართვის სააგენტოსაგან იმ მიწის ნაკვეთები, რომლებიც მის ინტერესს განეკუთვნებოდა, მათ შორის შუაგულ ტყეში, რაც განხორციელდა კიდეც. 2012 წლის 21 მარტს თბილისის ქონების მართვის სააგენტოსა და შპს "მედჯგუფ საქართველოს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, "თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით ნასყიდობის შესახებ", თბილისის მერიამ და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სულ რაღაც, ერთ თვეში თამაზ მჭედლიძის სასარგებლოდ გადაწყვიტეს იმ ტყის ბედი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ხელშეუხებელი იყო. 


მაშინ, როდესაც კომპლექსი დაპროექტდა და აშენდა, ძირითადად მოსახლეობის კერძო ნაკვეთებზე მერიამ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, კომპანიას ტყის შუაგულში "ჩალის ფასად" მიჰყიდა დამატებით მიწის ნაკვეთი საერთო ფართით - 24,5 ჰექტარი. აი, რისთვის შეუცვალეს პროფილი ტყეს, რაშიც ე.წ. ინვესტორმა გადაიხადა 1 250 000 ლარი, ანუ 1 კვ.მ-ში 5,1 ლარი, მაშინ, როდესაც იმ პერიოდში მერიის ქონების მართვის სააგენტოს საკუთარ საიტზე გამოცხადებული ჰქონდა ამ მიწის ფასი 15 ლარი. გამოდის, რომ კომპანიამ მიწის ნაკვეთები შეისყიდა 4-ჯერ უფრო იაფად და ბიუჯეტისადმი მიყენებულმა ზარალმა შეადგინა 3 650 000 ლარი. 
"ჩალის ფასად" გაყიდული 24,5 ჰექტარი მიწის ფართობის შემდგომი გამოყენების შესახებ, ხელშეკრულებაში არ არის დაკონკრეტებული, რაც სერიოზულ ეჭვებს ბადებს, რომ 22,5 ჰექტარი, ხელშეკრულების მიხედვით, შეიძლება რაიმე ვალდებულებით დაიტვირთოს ან გასხვისდეს მხოლოდ თბილისის მთავრობასთან წინასწარი შეთანხმების შემდეგ, ხოლო დანარჩენი ფართობი კომპანიამ გაყიდოს ან დამოუკიდებლად გამოიყენოს... 

"ქრონიკასთან" საუბარში წავკისის მკვიდრი ზურაბ ქოროღლიშვილი კიდევ უფრო სკანდალურ განცხადებას აკეთებს: 



- ვინ მფარველობს მერიაში თამაზ მჭედლიძეს? 


- 2007 წელს თამაზ მჭედლიძე ჩამოვიდა საქართველოში და გადაწყვიტა, წავკისის ტერიტორიაზე ბიზნესი გაეკეთებინა. მას ჰყავდა გენერალური დირექტორი ვინმე კახაბერი, რომელმაც რეფორმით მიღებულ მიწის ნაკვეთებს ყიდულობდა, კვადრატულ მეტრში იხდიდა 40-50 დოლარს, მას ათავისუფლებენ სამსახურიდან და საქმეში ჩნდება მირიან ამირანაშვილი. თუ გინდათ გაიგოთ რა წვდომა ჰქონდა მირიან ამირანაშვილს მერიასთან, უნდა შეისწავლოთ მამამისის - ჯემალ ამირანაშვილის საქმიანობა. ზურაბ ჭიაბერაშვილის მერობის დროს, თავად ჭიაბერაშვილი ამირანაშვილს ნიშნავს მთავარ მრჩევლად, ეს პოსტი მას ეკავა წლების განმავლობაში, შემდგომ ხდება ანტიკორუფციული დანაყოფის ხელმძღვანელი, 2008 წლამდე ჯემალ ამირანაშვილი არის წამყვან პოზიციაზე მერიაში, აი, ამ პიროვნების შვილია მირიან ამირანაშვილი და მისი ამ ფირმაში მოსვლასთან ერთად იწყება მერიასა და ამ თამაზ მჭედლიძე ფირმის სიამტკბილობა. 2014 წლის დეკემბერში, როცა მერია გადასცემს 22 ჰექტარს საკუთრებაში, ჩვენ ვეჭვობთ, რომ შემდეგ დაიწყებს ამ მიწების გაყიდვას. ან კიდევ ვისთანაც ვალშია მერიაში, მათ მიჰყიდის, ფიქტობრივად. აბა, 5,60 თეთრად კოჯორში მიწა ვინ მიჰყიდა? 22 ჰექტარი, ეს არის პირველი ნაბიჯი, 13 ათასი ჰექტარი არის ის ტყე, რომლის შემადგენელი ნაწილიც არის ეს 22 ჰექტარი. პირველი საცდელი ნაბიჯი იყო ის, როცა მერიამ  ტყე მიჰყიდა კერძო ინვესტორს, ხოლო 13 ათასი ჰექტარი მომზადებულია შემდეგი გაყიდვისთვის. არასასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა, ეს არის დანაშაული, შეგიძლია სასოფლო-სამეურნეო მიწა გადაიფორმო, მაგრამ ტყეს ვერ გადაიფორმებ, ტყე გაიცემა მხოლოდ იჯარით. ახლა გეტყვით, არასასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებაში რატომ გადაიტანეს, თქვენ შეგიძლიათ საჯარო რეესტრის საიტზე შეხვიდეთ და ნახოთ, ეს ტყე რა კონფიგურაციით არსებობს დღეს. მერიის ქონების მართვის სააგენტომ ეს ტყე ნაკვეთებად დაჭრა, დარწმუნებული ვარ, გათვალისწინებულია გზების შეყვანა და შემდგომი გაყიდვების დაწყება. პირველი საცდელი ნაბიჯი იყო ტყის 22 ჰექტარი, თუ ეს გაიტანეს, იცოდეთ, რომ კოჯრის ტყის სიზმრების მაგივრად, დაგვხვდება გაჩეხილი ტყე, სადაც აშენდება ვილები. ვეჭვობ, რომ უგულავას გარეშე ტყის 22 ჰექტარი გაყიდულიყო. 



- თქვენ ვის ინტერესებს წარმოადგენთ? მეორე მხარე აცხადებს, რომ დეპუტატ ფეიქრიშვილს უნდა ამ ტყის ხელში ჩაგდება... 


- მე ხალხის ინტერესებს წარმოვადგენ და ახლა არ დამიწყია ბრძოლა, იძახიან, რომ ფეიქრიშვილს კოჯრის ტყე თავისთვის უნდაო. თემურ ფეიქრიშვილი მთელი მსოფლიოს მმართველი რომ გახდეს, ამ ტყეს ვერავინ შეეხება, მაშინ სოფელი უნდა გაწყვიტოს. სააკაშვილმა ბოროტება ჩაიდინა და 2012 წელს მიიღო გადაწყვეტილება  და დაეთანხმა, რომ ამ ტერიტორიაზე გაკეთდეს საერთაშორისო გამაჯანსაღებელი ცენტრი, ფაქტობრივად, ეს არის ბალნეოლოგიური, გამაჯანსაღებელ კომპლექსი და ჰქვია "ბიოლი", საბუთებში კი არის "მედჯგუფ საქართველო", ეს კაცი საოცრებას ჰპირდება ხალხს, მილიარდერების კურორტი უნდა გავაკეთოო, სამი მილიონ 600 000 როგორ ეყოფა იმ პროექტის განხორციელებას, რის ჩადებასაც ეგ აპირებს? რაც უკვე ააშენა, ეგ არის სამი სახლის ფასი, კომპლექსს რომ შეხედავთ, ის საცხოვრებელ სახლს უფრო ჰგავს, ვიდრე გამაჯანსაღებელ ბალნეოლოგიურ ცენტრს. 



- თქვენი ინფორმაციით, იკვეთება თუ არა მიხეილ სააკაშვილის მამის ინტერესები? თბილისის ბალნეოლოგიურის უკან ცნობილია, რომ ნიკოლოზ სააკაშვილი დგას... 


- არც ამას გამოვრიცხავ, მინდა გითხრათ, რომ იქ აშენებულია 4 ვილა და ამბობენ, რომ ერთი მიხეილ სააკაშვილისაა, მეორე - გიგი უგულავასი, მე ამის დამტკიცება ჯერ არ შემიძლია, ერთი რამ ფაქტია, რომ ის გამაჯანსაღებელ სანატორიუმს არ ჰგავს, საცხოვრებელი სახლების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. ვიმეორებ, ამ საქმეში ჩემი ეჭვით, ჩართულია თავად გიგი უგულავა, თუკი ინვესტორი იქნებოდა კეთილსინდისიერი, ის ადგილობრივ მოსახლეობას ხელჩართულ ომს კი არ გამოუცხადებდა, არამედ მიმართავდა იმ ადამიანებს, ვისგანაც იყიდა ეს ტერიტორია. მივიდოდა მერიასთან და ეტყობა, - შენ მე ეს ტერიტორია მომეცი, როგორც უნაკლო, ახლა მიბრძანდი ხალხთან და გაარკვიე, მაგრამ აქედანაც ჩანს, რომ ბიზნესმენ თამაზ მჭედლიძის უკან დგას მერია და მათი ზურგში დგომით გვიტევს ხალხს. "მედჯგუფმა" ორი საჩივარი შეიტანა წავკისის მოსახლეობის წინააღმდეგ, პროცესი წააგო. 


ხალხნო, ამიხსენით, ასეთი რამ გაგონილა, რომ სახნავ-სათესი მიწა რეკრიაციულ ზონაში შეიტანეს და ტყე - არა?!. და კიდევ, ამ ტყეში არის თამარ მეფის წყარო, რომელიც ჩაგვიკეტეს და იქ ვეღარ შევდივართ. ამ წყლით სარგებლობდა სოფელი, პარალელურად, იქ არის წყლის ავზი, საიდანაც სოფლის მოსახლეობა მარაგდებოდა და ესეც შემოღობილი აქვთ. იცით, რამხელა შეურაცხყოფა მოგვაყენა ამ თამაზ მჭედლიძემ? "დედოფლისწყაროს" სათავის თავზე ჩადგა საკანალიზაციო ჭა, რომ იცოდეთ ჩვენთან კანალიზაცია არ არსებობს, გათხარა დიდი ორმო, სადაც ჩადგა ჰოლანდიური მოწყობილობა, მას როცა ვკითხეთ, - აქედან წყალი რომ გადმოვა, რომელსაც ექნება ტექნიკური წყლის სახე, მერე ეს წყალი სად უნდა წავიდეს? მჭედლიძემ გვიპასუხა, - განა მე ისეთ აპარატურას მოვიტანდი აქ? ისეთი აპარატურა ჩავდგი, რომ წყალი დასალევად გამოგადგებათო. გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ ცხოველები, ეს როგორ ვაპატიოთ, კანალიზაციის წყალი დალიეთო. ჩვენ ვერ მოვაღწიეთ, რომ შევაჩეროთ ტყის გაჩეხა, პროკურატურაში გაგზავნილი გვაქვს მასალები, ქალბატონ ეკა ბესელიასთანაც გვაქვს დოკუმენტები მიტანილი, მან "ტვ-3"-ის ეთერში თქვა, - ეს საქმე, ფაქტობრივად, გამოძიებულია და პროკურატურას ამის გაფორმება უჭირსო?!. პროკურატურა კიდევ იცით, როგორ იქცევა? ჩვენი საჩივარი ეგზავნება ტაბახმელის პოლიციას, ტაბახმელის პოლიციამ კი წინასწარი მოკვლევა უნდა ჩაატაროს, რაც აკრძალულია, წინასწარი მოკვლევის პრაქტიკა აღარ არსებობს, პოლიცია ვერაფერს ვერ აკეთებს, როგორ უნდა შეისწავლოს ხელშეკრულების ნამდვილობა პოლიციამ, როცა ეს არის პროკურატურის პრეროგატივა, სისხლის სამართლის დანაშაულს პირდაპირ ვუთითებთ, გადაღებული გვაქვს მანქანა, როგორ ამოდის "ბიოლიდან" ახალი მოჭრილი ხეებით. მოკლედ, იქ მშენებარე ბალნეოლოგიურ კურორტზე ჩადებულია 3 მილიონ 600 ათასი და აპირებენ კიდევ 30 მილიონის ჩადებას, ვთქვათ, 30 მილიონი ჩაიდო, კითხვას ვსვამ, რა შემოსავალი უნდა მისცეს ბალნეოლოგიურმა კლინიკამ. იცით, რა იმალება ამ კლინიკის მიღმა? ეს კლინიკა აშენდება, ინვესტიცია ჩაიდება, ეს არის წამგებიანი ბიზნესი, მაგრამ ამის უკან დგას 22 ჰექტარი მიწა, რომელიც იყიდა უკვე, ჩალის ფასად, კვადრატულში ყველაზე ნაკლები უნდა გადაეხადა 200 დოლარი, რაშიც გადაიხადა 5,60 ლარი, ამის გარდა 86 ჰექტარი აქვს შემოღობილი, რაც პერსპექტივაში მისია. იცით, რატომ ჰგონია, რომ მისია? ეს "ნაციონალებს" ეგონათ, რომ კიდევ 40 წელი იქნებოდნენ სათავეში. აქედან გამომდინარე, ის 86 ჰექტარი პერსპექტივაში მისია, დანარჩენი 22 ჰექტარი ნაკვეთი რომ დაყოს 600 კვადრატულად და ჩადგას ვილები ასეთ შემთხვევაში ამ ტერიტორიაზე განთავსდება 380 ვილა. რომ გაყიდოს თითო 50 ათას დოლარად, მოგება რჩება ნახევარი მილიარდი დოლარი. აი, ეს არის მისი რეალური ბიზნესინტერესი და ჩანაფიქრი, დანარჩენი არის შირმა, ბალნეოლოგიურ კლინიკაზე როგორ შეიძლება უარი თქვას ქვეყანამ, ეს არის ლამაზად შეფუთული პიარკამპანია, რომლის უკანაც, როგორც გითხარით, დგას ნახევარმილიარდიანი ბიზნესმოგება! 



(გაზეთი "კვირის ქრონიკა", ნინო სამხარაძე)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016