დღეს, შუადღის შემდეგ, დაახლოებით 15:00 საათისთვის ამერიკიდან ჩამობრძანებულ ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატს სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანებენ. ხვალ - 22 მაისს, დილიდან - წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში (ვორონცოვზე), შუადღიდან დღის ბოლომდე კი - სამების საკათედრო ტაძარში. საპატრიარქოს ინფორმაციით, 23 მაისს, გამთენიისას, 03:00 საათზე, ღვთისმშობლის ხატი და ჩამოსული სტუმრები საქართველოს დატოვებენ.
2006 წლის ოქტომბერში, ჰავაის კუნძულებზე მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახში ვარდის საოცარი სურნელება იგრძნეს. ოჯახის უფროსს, ნექტარიოს იანქსონს, თავიდან ეგონა, რომ ოჯახის რომელიმე წევრის მოტანილი რაიმე ნივთი გამოსცემდა ამ სურნელს,მაგრამ ეს მოსაზრება ყველამ უარყო. მაშინ დაიწყეს ძებნა, მიყვნენ სურნელებას და წიგნის თაროზე, სულ მაღლა, აღმოაჩინეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ფოტოასლი, რომელსაც იქაურობა მირონით დაესველებინა. შეძრწუნებულმა ნექტარიოსმა ძვირფასი აღმოჩენა მართლმადიდებლურ ტაძარში წააბრძანა და მამა ანატოლის გადასცა. მოძღვარმა პარაკლისი გადაიხადა, რომლის დროსაც კიდევ უფრო გაძლიერდა მირონდენა. მამა ანტონმა იქ მყოფთ უთხრა: „ეს მირონმდინარე ღვთისმშობლის ხატი შეცვლის ჩვენს ცხოვრებას!" ნექტარიოსმა და მისმა ოჯახის წევრებმა, რომელთაც შიში და კრძალვა მორეოდათ, გადაწყვიტეს, ეს ხატი ეკლესიისათვის მიენდოთ და იგი სან-ფრანცისკოს საეპისკოპოსო ტაძარში მთავარეპისკოპოსს დაუტოვეს. 6 თვის შემდეგ მისგან შემდეგი შინაარსის შეტყობინება მიიღეს: „წმინდა სინოდის განჩინებით, ხატი მათთან უნდა დაბრუნებულიყო, ნექტარიოსი მისი მცველი უნდა გამხდარიყო და ხატს მთელი მსოფლიო უნდა მოევლო".
ასეც მოხდა: ხატმა მოიარა უამრავი ქვეყანა, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკა, რუმინეთი, საბერძნეთი, რუსეთი.. ათონზეც ბრძანდებოდა. . . ახლა კი, 6 მაისს, საქართველოშიც ინება ჩამობრძანება. დიახ, ინება, რადგან სასწაულმოქმედი ხატი თვითონ წყვეტს, როდის სად უნდა მივიდეს. მაგალითად, ერთხელ სრულიად გამართული მანქანა ვერაფრით დაძრეს ადგილიდან. აქ სადმე, ალბათ, სამლოცველოა და იქ უნდა მისვლაო, მიხვდა ხატის თანმხლები. გაიკითხეს და აღმოჩნდა, რომ მართლაც, რამდენიმე კილომეტრში დედათა მონასტერი იყო. ხატით იქაურობა მოილოცეს, უკან დაბრუნდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და დაუბრკოლებლად გააგრძელეს გზა. საქართველოშიც ასეა: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თვითონ წყვეტს, სად უნდა წავიდეს. ამიტომაც ზუსტი განრიგის შედგენა ჭირს. უკვე ბრძანდებოდა ქაშუეთში, სვეტიცხოველში, ალავერდში, ბოდბეში, მახათას მთაზე. მიუხედავად იმისა, რომ მირონდენა ზოგჯერ წყდება ხოლმე (ასე ხდება, მაგალითად, ვნების შვიდეულში, მაგრამ აღდგომის ღამის დადგომისთანავე კვლავ იფარება სურნელოვანი წვეთებით), ქაშუეთში ყოფნისას მას გამუდმებით სდიოდა მირონი და იმდენი, რომ, კივოტიდან კი არა, კივოტზე შემოკრული მატერიიდანაც კი ჟონავდა. ხოლო სამებაში მიბრძანების შემდეგ, პატრიარქის მიახლებისთანავე, იმდენად იმატა, რომ საფარველი მთლიანად დაუსველდა.
ხატის მცველის დაკვირვებით, ასე ხატი მაშინ იქცევა, როდესაც მას განსაკუთრებული სულიერებისა და სიწმინდის მქონე ადამიანი მიეახლება. ჰავაისად წოდებული ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მონრეალის მირონმდინარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის ფოტოპირია, რომელიც მისი მცველის, იოსებ მუნიოს კორტესის, სასტიკი რიტუალური მკვლელობის შემდეგ, უკვალოდ გაქრა. ისიც სწორედ ასე, თავის მცველთან ერთად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში და განსაცდელში მყოფთ ნუგეშად ევლინებოდა. მის შესახებ დაწვრილებით ჩვენს მომდევნო ბლოგში ვისაუბრებთ. ჰავაის ღვთისმშობლის ხატმა აუამრავი სასწაული აღასრულა: ბრმებს თვალისჩინი დაუბრუნა, მრავალი სნეული განკურნა, მათ შორის, სიმსივნით დაავადებულნიც. . . მაგრამ ნექტარიოსის თქმით, ყველაზე დიდი სასწაული ისაა, რომ მასთან მიახლოებისას ადამიანში სულიერი ფერისცვალება ხდება და მას უჩნდება სურვილი, უფრო ახლოს მივიდეს ღმერთთან.ხატი საქართველოში 23 მაისამდე დარჩება. 6 მაისიდან მოყოლებული, იგი ტაძრიდან ტაძარში დაბრძანდება და მომლოცველებს აძლიერებს. ეკლესიის მსახურები ცდილობენ, რაც, შეიძლება, მეტმა ადამიანმა შეძლოს ხატთან მიახლება.