„ღია საზოგადოება-საქართველოსთან" და ექსპერტებთან თანამშრომლობით ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამაზე მუშაობა დაიწყო. შემუშავდა სასჯელაღსრულების სისტემაში ჰეპატიტი C-ს პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეროვნული პროგრამა, რომლის ინიცირებაც მიმდინარე წელს მოხდება.
ჯანდაცვის და სასჯელაღსრულების სამინისტროები აწარმოებენ მოლაპარაკებებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე, რათა მოხდეს მედიკამენტების ფასების მნიშვნელოვანი შემცირება და საქართველოში მცხოვრები ყველა პაციენტისთვის C ჰეპატიტის მკურნალობა ფინანსურად ხელმისაწვდომი გახდეს.
როგორც „გურია ნიუსთან" საუბარში ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო აცხადებს, რამდენიმე წლის წინ C ჰეპატიტით განსაკუთრებით მძიმედ დაავადებული პაციენტები შიდსთან ასოცირებული იყო, რასაც სახელმწიფო რამდენიმე წელია აფინანსებს. მეორე ნაბიჯი, მისი თქმით, იყო სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სწორედ ამ პროექტის განხორციელება.
„პროექტის მოდულირებით მივაღწევთ პრობლემების მნიშვნელოვან გადაჭრას. შეიძლება ამან მოგვცეს საშუალება, რომ მედიკამენტების ღირებულება გავანახევროთ. ჯგუფი მუშაობს C ჰეპატიტის პროექტზე და შემდეგი გაფართოება 2014 წლიდან გახდება შესაძლებელი. ჩვენ გვესმის, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ჩვენს მოქალაქეებსაც უნდა ესმოდეთ, რომ ბიუჯეტი განუსაზღვრელი არ არის", -განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში C ჰეპატიტით დაახლოებით 200 000 ადამიანია არის ინფიცირებული და ეს ის ავადმყოფობაა, რომელიც მალე ქვეყნის მოსახლეობას გაანახევრებს, - ამ განცხადებას „ალიასთან" საუბარში დავით აზმაიფარაშვილი აკეთებს.
„2000 დოლარი მარტო პრეპარატები ჯდება და ამას დაუმატეთ პერიოდული ანალიზების ფასი - 5000. ბევრი ავადმყოფი მკურნალობს და აქედან მხოლოდ 40 % ჯანმრთელდება",-აცხადებს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე.