ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი 1937 წლის 21 მაისს დაიბადა თბილისში, "ფიქრის გორაზე", ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და ცნობილი რეჟისორის, მიხეილ ჭიაურელის ოჯახში.
დედა - ვერიკო ანჯაფარიძე, ინგლისის ხელოვნების აკადემიამ XX საუკუნის ათ საუკეთესო მსახიობს შორის დაასახელა.
მამა _ საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი და სტალინის საყვარელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი მრავალი ტალანტით დაჯილდოვებული ადამიანი იყო _ მხატვარი, სკულპტორი, პოლიგლოტი, უკრავდა თითქმის ყველა ინსტრუმენტზე.
მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ხელოვანი ადამიანები. სახლს "ფიქრის გორაზე" თავს აფარებდნენ დიდი სამამულო ომის დროს ემიგრირებული რუსი მსახიობები და რეჟისორები, რომლებიც გათენებამდე საუბრობდნენ ხელოვნებასა და კულტურაზე, კითხულობდნენ ლექსებს, მღეროდნენ, ქეიფობდნენ.
ცნობილი ქართველი მსახიობის _ ნატო ვაჩნაძის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მისი ახლო მეგობარი ვერიკო ანჯაფარიძე ნატოს შვილებზე შეძლებისდაგვარად ზრუნავდა. ასე დაახლოვდნენ სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია, რომელიც მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სწავლის გაგრძელება სოფიკომაც ამავე ინსტიტიუტში გადაწყვიტა. სამსახიობო ფაკულტეტი მან წარჩინებით დაამთავრა. სტანისლავსკის სკოლას იგი ბიბიკოვმა და პიჟოვამ აზიარეს. 1955 წელს სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია დაქორწინდნენ. 1958 წელს მათ შეეძინათ პირველი ვაჟი ნიკოლოზი, 1963 წელს კი, თბილისში დაბრუნების შემდეგ - ალექსანდრე.
პირველი კინოროლი სოფიკო ჭიაურელმა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს, 1956 წელს ითამაშა რეზო ჩხეიძის ფილმში "ჩვენი ეზო". ფილმმა მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ოქროს მედალი მიიღო. მას მოჰყვა ფილმები, რომლებმაც მსახიობს საყოველთაო აღიარება და საერთო სახალხო სიყვარული მოუპოვეს: მრეცხავი ვარდო გ. შენგელაიას ფილმიდან "ვერის უბნის მელოდიები", თამრო _ ლ. ღოღობერიძის "ინტერვიუ პირად საკითხებზე", ფუფალა _ თ. აბულაძის "ნატვრის ხე", ტასია _ მ. ჭიაურელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ", მზექალა _ შ. მანაგაძის "ხევსურული ბალადა", სოფიკო _ გ. დანელიას "არ იდარდო", ალისა პოსტიკი _ ა. სურიკოვას "ეძიეთ ქალი", ვარდო _ ს. ფარაჯანოვის "სურამის ციხე" და სხვ.
სერგო ფარაჯანოვი სოფოკოს თავის მუზად თვლიდა და ისეთ თილისმას უწოდებდა, რომელიც თვალისმომჭრელ ათასფერ სხივებს აფრქვევს. ფარაჯანოვი სოფიკოს გარეშე ფილმს არ იღებდა, სოფიკოც მუდამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით იყო განწყობილი დიდი ხელოვანის მიმართ.
სომხურ კინოხელოვნებაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის ქართველ მსახიობს 1979 წელს სომხეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. სოფიკოსათვის არ არსებობდა მცირე და დიდი როლები - იგი ერთნაირი ინტერესითა და მონდომებით თამაშობდა როგორც მთავარ, ისე ეპიზოდურ როლებს. ასევე ერთნაირი წარმატებითა და პროფესიონალიზმით ასახიერებდა ახალგაზდა და მოხუც პერსონაჟებს.
კინემატოგრაფში ნაყოფიერი მოღვაწეობის წყალობით სოფიკო ჭიაურელმა თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა. მისი პროფესიული ნამუშევრები სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე არაერთი ჯილდოთი აღინიშნა. მათ შორის ბევრია პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
სოფიკო ჭიაურელის სამსახიობო კარიერა, მხოლოდ კონომოღვაწეობით არ შემოიფარგლებოდა - 1964-68 წლებში იგი თბილისის შ. რუსთაველის სახ. აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. წლების მანძილზე კი მარჯანიშვილის სახ. აკადემიურ თეატრში მოღვაწეობდა.
სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა 2008 წლის 2 მარტს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.