მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 23 მაისს, წმ. მოციქულის, სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინა.
წმიდა მოციქული სვიმონ მოშურნე-კანანელი 12 მოციქულთაგან ერთ-ერთი იყო. წმიდა მოციქული კანას გალილეაში ცხოვრობდა.
პირველი სასწაული, რომელიც იესომ აღასრულა, ეს იყო კანას გალილეას ქორწილში, როცა წყალი გადააქცია ღვინოდ. ამ ქორწილში კი ნეფე იყო სვიმონი, იოსებ დამწინდველის ძე პირველი ქორწინებიდან. სვიმონი იმდენად ღარიბი ყოფილა, რომ ზეიმის შუაში დაუმთავრდათ ღვინო, იესომ შეიტყო რა ამის შესახებ, ბრძანა, რომ მოეტანათ ცარიელი ქვაბები და შიგ ჩაესხათ წყალი, სასწაულის შემდგომ სუფრის თამადამ გასინჯა რა ღვინო, პატარა ისაყვედურა, რომ სანამ მეინახეები დათვრებიან, მანამდე უნდა მიერთმიათ მათთვის საუკეთესო ღვინო. სვიმონმა იხილა რა უფლის სასწაული, მიატოვა ცოლი და გაჰყვა ქრისტეს. მას შემდეგ დაერქვა მას კანანელი ანუ ზილოტი (მოშურნე), რომლითაც განასხვავებდნენ სიმონ-პეტრესგან. მოგვიანებით იმ ადგილას სადაც კანას გალილეაში აღსრულდა პირველი სასწაული წმიდა მოციქულთა სწორმა ელენამ ტაძარი ააგო.
წმ. სვიმონ კანანელმა ანდრია პირველწოდებულთან ერთად დასავლეთ საქართველოშიც იქადაგა, შემდეგ კი აფხაზეთში დარჩა წარმართთა მოსაქცევად.
წმ. სვიმონი წარმართებმა ქვებით ჩაქოლეს. დაკრძალულია ანაკოფიაში, სოხუმთან ახლოს. შემდეგ ახალი ათონის მთაზე, მის საფლავზე, მონასტერი აშენდა. შემორჩენილია მღვიმე, სადაც წმ. მოციქული მოღვაწეობდა.