არ არის სწორი, თითქოს 15 ივნისს საქართველოს მოსახლეობა ადგილობრივ თვითმმართველობას ირჩევს – გაცილებით ზუსტია, ვთქვათ: ამ დღეს ამ პოსტებზე მხოლოდ „მეოცნებეების“ კანდიდატებს ვამტკიცებთ!
აბა, თავად განსაჯეთ! –
როცა მაგიდაზე ერთ თეფშზე თურაშაულის ვაშლი და პანტა დევს, ხომ არავინ გეტყვით: აირჩიეთ, რომელი მოგწონთო!
რასაკვირველია, თქვენ თავად აიღებთ თურაშაულს და პანტა ვაშლს იქით მისწევთ, შემთხვევით ვინმემ რომ არ წაატანოს ხელი!..
ასევე! –
როცა კანდიდატების სიაში – როგორც თურაშაული და პანტა – ერთად არიან წარმოდგენილები ნაცები და მეოცნებეები, ვინმემ რომ გითხრათ, აირჩიეთო, დიდ შეურაცხყოფად ხომ მიიღებთ?!
აქ ასარჩევი რა უნდა იყოს?!
ხმას მეოცნებეს მისცემ და ნაცს ნაცში გაუშვებ!..
არჩევა და აწონ-დაწონა მაშინ გინდა კაცს, ერთმანეთისგან ორი სულელი კანდიდატი, ვთქვათ, ნაციონალი და ეროვნულ-დემოკრატი რომ გამოარჩიო!
რაც მე პირადად ყოვლად უიმედო საქმედ მიმაჩნია!
ხოლო, რაკი დარწმუნებული ვარ, რომ ამას მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოვახერხებ, ტვინი რატომ უნდა ვიჭყლიტო?! – ავდგები და ორივეს წავშლი!
მე თქვენ გეტყვით, ერთბაშად ამომრჩეველს არ დავწყვიტო გული!..
გონების დაბნელება საქართველოში!
ამას წინათ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებში გაერთიანებულ მაჟორიტარული წესით წარდგენილ კანდიდატთა რაოდენობას რომ ვეცნობოდი, კინაღამ თვალთ დამიბნელდა!
ამ მოვლენისთვის შეიძლებოდა სრულიად თავისუფლად გვეწოდებინა „მზის დაბნელება საქართველოში!“
მაგრამ ეს რაღაც მეტია!
ამიტომ უფრო ასეთი გამოთქმა მოუხდებოდა – „გონების დაბნელება საქართველოში!..“
ან ეს ამდენი ქალი და კაცი ასე ერთიანად რამ გადარია – უკლებლივ ყველა, სხვადასხვა დონეზე რომ იყრის კენჭს!
ერთი სიტყვით, ძალიან უჩვეულო მოვლენასთან გვაქვს საქმე!
ქვეყანაში შექმნილი წინასაარჩევნო სიტუაცია კი მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს:
ყველა მამაკაცსაც წამოყენებული აქვს! – რასაკვირველია, თავი!
ქალებიც პირდაპირ იყრიან! – რასაკვირველია, კენჭს!..
ახალი გამოთქმებიც გაჩნდა!
აქამდე ყური გვქონდა შეჩვეული და ნორმალურ მოვლენადაც მიგვაჩნდა:
„უნივერსიტეტში ვაბარებ...“
„სასოფლოში შემაქვს საბუთები...“
„სამედიცინოში მოსახვედრად ვცდი ბედს...“
ამ ფრაზებს ამიერიდან ასეთი გამოთქმებიც უნდა დაემატოს:
„ცსკოში“ შემაქვს საბუთები...“
„წელს თვითმმართველობის დაწესებულებაში ვცდი ბედს!...“
ან პირდაპირ! –
„წელს პარლამენტში ვაბარებ!..“
გამოსავალი შეიძლება აქაც მოიძებნოს!
თუ გახსოვთ, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის პერიოდში იმჟამინდელმა ხელისუფლებამ მჯდომარე და სხვა უკიდურესი აქციების მოწყობის შიშით ყველა დადებითქულიანი აბიტურიენტი შესაბამის უმაღლეს სასწავლებელში დამატებით ჩარიცხა!
რაკი ახლა უმაღლესში მოწყობისა და პარლამენტსა თუ ადგილობრივ თვითმმართველობაში მოხვედრის საკონკურსო პირობები ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ უახლოეს ხანში მსგავსი გამოცდილება პარლამენტსა და თვითმმართველობის დაწესებულების გარეშე დარჩენილმა კანდიდატებმაც გამოიყენონ!
ასე რომ, ძვირფასო კანდიდატებო! თუ პირველ ჯერზე სურვილი ვერ აისრულეთ, გულს ნუ გაიტეხთ! –
ჯერ დამატებითი სიების გამოქვეყნებას დაელოდეთ, მერე კი მჯდომარე ან სხვა უკიდურესი საპროტესტო აქციების გამოყენებით, შეიძლება, იმასაც მიაღწიოთ, რომ ყველა დადებითქულიანი კანდიდატი დამატებით ჩაირიცხოთ პარლამენტისა თუ თვითმმართველობის წევრად!..
არა მგონია, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში ისეთი რთული საკონკურსო პირობები იყოს, რომ დეპუტატობის კანდიდატი ან სოფელ თოხლიაურის, ან კიდევ სოფელ ჩაქვინჯის საკრებულოში ვერ მოხვდეს!
მეც, რასაკვირველია, ეს ორი სოფელი იმისთვის დავაწყვილე, ერთმანეთი განსაკუთრებით რომ სჭირდებათ – თოხლიაურში ნაქეიფარ დეპუტატს საჭირო საქმის მოსალევად, ანუ მუცლის შესამსუბუქებლად ჩაქვინჯში შევლა მაინც სჭირდება!..
სამწუხაროდ, გაჭედილში არჩეულ დეპუტატს საქეიფო დრო ნაკლებად ექნება – ის სადეპუტატო დროის გასვლამდე ყოველთვის გაჭედილში იქნება!..
ცხადია, გაჭედილში ნაცებიც იქნებიან, თუკი უცხოელმა პარტნიორებმა არჩევნებში გასასვლელად – უკაცრავად, კუჭში გასასვლელად საფაღარათო აბები არ შესთავაზეს!..
გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“