reportiori.ge - მანჩო გიორგობიანი: თავისუფლება დავკარგე!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 21:50
ინტერვიუ
მანჩო გიორგობიანი: თავისუფლება დავკარგე!
ავტორი:
23 მაისი, 2014. 19:06



რატომ უწოდებს მატყუარას თინა ხიდაშელს, ვის ემუქრება სამაგიეროს გადახდით და ვის დაეხმარება ადგილობრივ არჩევნებში სკანდალური მანჩო გიორგობიანი

 

„ლა ტრუფეს“ სკანდალის გმირი და ნაციონალებს მერობის კანდიდატ ნიკა მელიასთან ორგზის დაპირისპირებული ქალი, 43 წლის მანჩო გიორგობიანია, რომლის, ზოგჯერ ხუმრობით, ზოგჯერ კი მუქარით ნათქვამი ფრაზები სრულიად თბილისმა აიტაცა. მართალია, ამბობს, სულაც არ ვარ ეპატაჟურიო, მაგრამ მელიას მისეულმა შეფასებებმა თავი ყველას უცებ დაამახსოვრა. ნიკა მელია „კაცააბრაზნად“ მონათლა, ბავშვობის მეგობარ გიგა ბოკერიას „ჩაბეტონებით“ დაემუქრა, საუბარში ხშირად რუსულ ეპითეტებს იყენებს და ამბობს, რომ ინგლისურ ბარბარიზმებზე მეტად რუსული მოსწონს. ესეც მისი უფლებაა ისევე, როგორც პოლიტიკური არჩევანი – მანჩო გიორგობიანი ზეპარტიული, რიგითი ამომრჩეველია, რომელსაც არც ბურჯანაძის, არც „გრეჩიხას“ და არც „ოცნების“ საარჩევნო შტაბთან არაფერი აკავშირებს და ადგილობრივ არჩევნებზე ხმას სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზას“ მისცემს. საინტერესო პროფესია და ბეგრაუნდი აქვს, კიდევ უფრო საინტერესო ოჯახი და სამეგობრო წრე ჰყავს. მოკლედ, ვინ არის მანძო გიორგობიანი და რა არის მისი პოლიტაქტიურობის მიზეზი – „ვერსია“ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად რესპონდენტს, მანჩო გიორგობიანს ბევრ საინტერესო თემაზე ესაუბრა.

 

– პროფესიით „ტელევიზიონშჩიკი“ ვარ, 2006-2007 წლებში „იმედის“ კომერციული სამსახურის უფროსი ვიყავი, ტელევიზიაში მუშაობა კი 1987 წლიდან დავიწყე.

 

– მამის გავლენით?

 

– მამაჩემი ერთ-ერთი პირველი და ძალიან ცნობილი სპორტული კომენტატორი და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი იყო კალათბურთში. ისე, დედაც და მამაც ტელევიზიაში მუშაობდნენ, მე რადიოში უშტატო კორესპონდენტი ვიყავი 14 წლიდან. ადრე „პიონერფილმშიც“ ვიყავი, 11 წლისა ფილმში გადამიღეს, ფილმებსაც ვიღებდი. 17 წლიდან მუშაობა დავიწყე, ხმის ოპერატორი ვიყავი, ვიდეომემონტაჟე, კორესპონდენტი, რედაქტორი, მერე ტელევიზიისთვის პირველი ინტერნეტგვერდი გავაკეთე, ზაზა შენგელიას თანაშემწეც გახლდით. გადაცემა „მატერია“ თავიდან ბოლომდე ჩემი აწყობილია.

 

– პარალელურად, საპროტესტო აქციებზეც დადიოდით. შესაძლოა, აქედან მოდის ინფორმაცია, რომ თქვენ და ლევან გაჩეჩილაძე კლასელები იყავით და 2009 წელს არჩევნებშიც ეხმარებოდით.

 

– აქციებზე დავდიოდი, მაგრამ, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე. ეს მოგონილი თემებია, უბრალოდ, ქალაქი ძალიან პატარაა. რაც თავი მახსოვს, ნინო მიქელაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს ვიცნობ, მათ მშობლებსაც ვიცნობდი, მერე კი არ გამიცნია, ცნობილები რომ გახდნენ. დიდიან-პატარიანად, ყველა ერთ წრეში ვტრიალებდით.

 

– ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბში ყოფილხართ და თურმე, ამ არჩევნებში მას ეხმარებით. ესეც მოგონილია?

 

– ჯერ ერთი, პარტიული საერთოდ არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ. უბრალოდ, მინდოდა, ბურჯანაძე მეორე ადგილზე გასულიყო. ამ არჩევნებში ვეხმარები ნინუკა ბორჩხაძეს, რომელიც მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარად იყრის კენფს კახა კუკავას პარტიიდან. განათლებული, მებრძოლი, არაჩვეულებრივი ჟურნალისტი და მართალია ადამიანია. მისი მოსყიდვა ბევრჯერ უნდოდათ და არ გაიყიდა. ასევე, საკრებულოში აუცილებლად უნდა მოხვდეს ალეკო ელისაშვილი. ვიცი, რას სთავაზობდნენ ამ ადამიანებს და რაზე თქვეს უარი. ბევრი გაიყიდა, ბევრიც არა – ხომ იცით, რა წლებიც იყო...

 

– ახლა ყველაზე სკანდალურ თემაზე გადავიდეთ – მიმდინარე სასამართლო პროცესი გაქვთ ნიკა მელიას წინააღმდეგ „ლა ტრუფეში მომხდარი დაპირისპირების გამო. ახლა რა ეტაპზეა სასამართლო?

 

– ეს ისტორია უკვე ყველამ იცის. როგორც კი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებით სავსე კაფედან გავიდა, დიდი ღრიანცელი ატყდა და ჩვენს მაგიდასთან ნიკანორ მელია და ბესო გაზდელიანი, ისანი-სამგორის გამგებლის მოადგილე მოვიდნენ. პირველი, რაც ჩვენთან აგდებული ტონით საუბრის შემდეგ დავინახე, ნიკა მელიამ ჩვენს მაგიდასთან მჯდომ ბექა მაზიაშვილს დაარტყა. გაზდელიანი პროკურატურამ საერთოდ საქმიდან გამიქრო და ახლა ვიცანი, 9 აპრილს. როცა მელიამ ბექას დაარტყა, გაზდელიანი ყელში მწვდა და იმხელა მთხლიშა, გავრფინდი! გაუგებარია, რატომ მისცა პროკურატურამ ამ საქმეს 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილის კვალიფიკაცია, თითქოს, ჩხუბი მარტო მელიამ დაიწყო – ეს იყო ჯგუფური ხულიგნობა. არც ის მესმის – მიუხედავად იმისა, რომ თავს ვიცავდით, ხულიგნობის ბრალდება მხოლოდ ბექა მაზიაშვილს რატომ ეკუთვნის? მაშინ მეც მეკუთვნის, კანონი ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს! მოკლედ, ვფიქტრობ, გამოძიების პროცესში პროკურატურამ ნაციონალებს ხელი ყველანაირად შეუწყო. სასამართლოზეც იგივე ხდება. თავიდან ნეიტრალური მოსამართლე გვყავდა, ახლა დანიშნეს ცნობილი ზონდერმოსამართლე, რომელიც კიდევ ერთ შეთითხნილ საქმეში ფიგურირებს, სადაც მელია ცრუმოწმედ იკითხება. ნიკანორს წინასაარჩევნო პიარში შეუწყვეს ხელი და ეს საქმე გაიყინა. ისე, მელიას პასპორტით ნიკანორი ჰქვია, თუმცა მისი „კლიჩკა“ და უშიშროებაში მიღებული „პაზივნოი“ სულ არ მაინტერესებს. უშიშროებაც რომ არ გავიხსენოთ, ნაციონალების ზონდერიც არ იყო? თავად მყავს ნანახი 7 ნოემბრის კადრებში, სადაც ხალხს წიხლებს ურტყამდა. ზუსტად ასეთივე ზონდერი იყო გაზდელიანიც. საერთოდ, ცნობილი ფაქტია, რომ სააკაშვილი გამგებლებად გამოჩენილ ზონდერებს ნიშნავდა.

 

– თქვენი მეორე შეხვედრა 9 აპრილის მემორიალთან კიდევ უფრო გახმაურებული იყო. იქ რაღა მოხდა?

 

– სადაც რუსებზე მეტად გაგვწირეს 7 ნოემბერსა და 26 მაისს, ახლა მელიას იქ მოსვლა და პატივის მიგება სურს დაღუპული გმირების ხსოვნისთვის? ამის უფლება არ აქვს.

 

– თქვენ გაქვთ უფლება, მემორიალთან მოსვლა დაუშალოთ?

 

– მაქვს! 9 აპრილისა და იმ პერიოდის ყველა აქციის მონაწილე ვარ ირაკლი კაკაბაძესთან, ლევან ვასაძესა და მთელ ჩვენს თაობასთან ერთად. იქ ვათენ-ვაღამებდით. მიმაჩნია, რომ ამ ქალაქსა და ქვეყანაში ბევრი რამის უფლება მაქვს, ბევრი ვიბრძოლე, ბევრი გავიღე საქტართველოსთვის. სხვათა შორის, მელიამ ორიოდ დღის წინ ისეთი სისულელე თქვა, მგონი, დაავიწყდა, კენჭს ნაციონალებიდან რომ იყრის და თავი „ოცნებიდან“ ჰგონია. ზუსტ ციტატას გეტყვით – „არ ვიცი, 9 წელი რატომ იყო ის ხალხი სათავეში, ვინც ამდენი ცუდი მოგვიტანა!“ თვითონ სად იყო ამ დროს?!

 

– მთელი პარტიის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაქვთ, თუ თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ნიკა მელია იმსახურებს?

 

– მთელი პოლიტიკური ძალის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს. მათ საქართველო გააუბედურეს და გააუპატიურეს. ამ პარტიას მხარს არასოდეს ვუჭერდი, მათ შორის არც 2003 წელს.

 

– რატომ, აკი, გიგა ბოკერია თქვენი მეგობარია და ერთად ისვენებდით?

 

– მერე რა? ჯერ ერთი, არ მომწონს რევოლუციურ ტალღაზე მოსული მთავრობა, მერე ქვეყნის დალაგება ძალიან რთულია და ახლა პირველად გამიჩნდა იმედი, რომ რაღაც მოწესრიგდება. ნაციონალებთან მეგობრობას რაც შეეხება – საერთოდ არც ერთს აღარ ვეუბნები გამარჯობას. არ მინდა ჩემი პირადი ურთიერთობები საზოგადოებამ შეაფასოს, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, როგორ მოვიქცე ჩემს ნაცნობებთან. ამ მეგობრებს შორის არიან ადამიანები, ვინც ძველი პოლიტიკური ძალის ქმედებებს, დარბევას ამართლებდა. ჩემთვის მიუღებელია, მერკანტილური გათვლით ადამიანობას უღალატო. რადგან ირინა ენუქიძე დაიღუპა, იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დედები აღარ ვართ და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ამბავი დავივიწყოთ. სამწუხაროდ, დღეს ამ გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგს ვერ ვხედავ, რაც ხალხშიც დიდ აგრესიას იწვევს. სამართლიანობის აღდგენის პროცესმა იმდენად დაიგვიანა, უკვე ნოშიკო ნამორაძესაც ვამართლებ. ადრე, კანონში იყო ასეთი ფრაზა, „პოტენციური დამნაშავე“ და ვფიქრობ, ყველა გამწარებული ადამიანი დღეს პოტენციური დამნაშავეა. როცა მკვლელები ასე თავისუფლად დაბოგინებენ და თანამდებობრივადაც წინ მიდიან, მაშინ აღარ მაქვს ამ ხელისუფლების იმედი და პირდაპირ ვამბობ – დიახ, მე მათ სამაგიეროს გადავუხდი.

 

– როგორ „ჩააბეტონებთ“?

 

– ისედაც ჩაბეტონებულები არ არიან?! სადღაც ხომ უნდა მივიდნენ, ქორწილი იქნება თუ პანაშვიდი. შეიძლება, სიტყვითა და ქცევით ხალხმა ეს არ გამოხატოს, მაგრამ თვალებში და სახის გამომეტყველებაზე ზიზღი რომ ეტყობათ, ამას ყველა ნაციონალი გრძნობს. ამიტომაც თაგვებივით დაძვრებიან.

 

– მოკლედ, ხმას რომ მელიას არ მისცემთ, გასაგებია. აბა, ვის დაუჭერთ მხარს, როგორც მერობის კანდიდატს?

 

– მხარს არც ნარმანიას დავუჭერ. მისი კარგი მინისტრობა საერთოდ ვერ დავინახე. ერთადერთი, რაც ამ პერიოდიდან დამამახსოვრდა, ის იყო, მილიონი წლის ტრავერტინები რომ მოთხარა. ბოლო ბოლო, ხმას იმიტომაც არ მივცემ, რომ თბილისელი არ არის. მას თბილისელად არ მივიჩნევ.

 

– ამომრჩეველთა რაღაც ნაწილის აღშფოთება მეც მსმენია ამ თემაზე – თბილისის მერს ნარმანიასა და მელიას შორის რატომ უნდა ვირჩევდეთო.

 

– ეგ მეც არ მესმის, მაგრამ ნარმანია ამ არჩევნებს, ალბათ, მოიგებს. როცა ვამბობ თბილისელი არაა-მეთქი, ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ თბილისელობასაც დამსახურება უნდა. გიზო ნიშნიანიძე საჩხერელი იყო, რეზო ლაღიძე იყო სოფელ ობჩადან, მაგრამ მათზე დიდი თბილისელი დღეს რომელია? თბილისელი ვარო, ნარმანია რომ ამბობს, რა გააკეთა ამ ქალაქისთვის? მისი აშენებული ინფრასტრუქტურა ვერ ვნახე. მეორე მხრივ, თუ ასეთი კარგი მინისტრი იყო და კარგი საქმეები დაიწყო, ბოლომდე მიეყვანა და მერე გადმოენაცვლა თბილისის მერიაში. თუმცა, სანამ ნაციონალებს მერიიდან ბოლომდე არ დაგავირჩევთ, თბილისი სულ თავზე გვექნება დამხობილი! დიმიტრი ლორთქიფანიძე ცუდი კანდიდატურა არ არის, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა მურაზ მურვანიძე წარადგინა და ხმიას აუცილებლად მას მივცემ. კაცმა სტადიონის „მალიარობიდან“ საფრანგეთის პიკასოს პრემიამდე გზა განვლო, დიდი აღიარება ხვდა წილად, მაგრამ განდიდების მანია არ დაწყებია. ზოგადად, ის ტყუილები, რაც ყველა ტელეარხიდან მოდის, მართლა ძალიან მაღიზიანებს, მაგრამ ქვეყანაში დღეს მილიონი კარგი რამ კეთდება, რაზეც ყველა დუმს. კაციშვილმა არ იცის, რომ 240 ქარხანა შენდება, 60 გადამამუშავებელი ქარხანა სხვადასხვა რაიონზე გადანაწილდება და ა.შ.

 

– ეს მედიაზე მეტად „ოცნების“ პიარის პრობლემა არ არის?

 

– „ოცნებას“ პიარი საერთოდ არ ჰყავს – პრესსამსახურის წევრები „მკვდრები“ არიან. კონკრეტულად, ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ნიჭიერი ადამიანია, მომწონს მისი გამოსვლები საზღვარგარეთ, სწრაფად რეაგირებს მოვლენებზე. დიდი ხანია ვიცნობ გიორგი მარგველაშვილსაც – ძალიან კარგი პრეზიდენტია. ცხადია, ყველას ვერ მოეწონება და იმ ადამიანებისაც მესმის, ვინც მარგველაშვილს ზედმეტად პასიურ ადამიანად მიიჩნევს. პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ – მყავს კულტურული, ინტელიგენტი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას არ ამეტებს. ირაკლი ალასანიაც მომწონს, გაწონასწორებული და ზომიერია.

 

– ისე, ალასანიას მეუღლესთან, ნათია ფანჯიკიძესთან რა გაკავშირებთ?

 

– ნათიასთან ვმეგობრობ, არაჩვეულებრივი გოგო და ძალიან კარგი ადამიანია. მაიასაც კარგად ვიცნობ, ჩემი ბიძაშვილის უახლოესი მეგობარია. მთელ ოჯახს ვიცნობ, ნათია ყველაზე გვიან გავიცანი. სხვათა შორის, მინისტრებიდან ჩემი ფავორიტი დავით სერგეენკოა. მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვხედავ, ადამიანმა ბევრი იმუშავა და საყოველთაო დაზღვევის პროგრამა სწრაფად გააკეთა. ახლა ამ პროგრამის გაუმჯობესებაზე მუშაობს. პრინციპში, გაწონასწორებული და არაისტერიკული ხელისუფლება რომ გვყავს, მომწონს.

 

– პარლამენტზეც იგივე შეფასებები გაქვთ?

 

– დეპუტატების დიდი ნაწილით უკმაყოფილო ვარ. ძალიან შეიცვალნენ ყოფილი ოპოზიციონერები. უცბად, თავიანთი დაპირებები დაავიწყდათ. დროს ათას სისულელეზე ხარჯავენ, როცა ქვეყანაში ამდენი რეალური პრობლემაა. თუნდაც ყველაზე მთავარი – სამართლიანობის აღდგენა. ადამიანურად ისიც მესმის, რომ ყველაფერი ერთდროულად ვერ მოესწრება. წინ მივდივართ – შიში და ტერორი აღარ არის, რაღაცები ნელ-ნელა წესრიგდება. თუმცა ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემა მინდა. არ მომწონს, ქართულ პოლიტიკაში დღეს მხოლოდ „ოცნება“ და მეორე ოპოზიციურ ძალადშერაცხული ნაციონალები რომ არიან, ამიტომ მინდა, პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიებიც შევიდნენ. მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის, ნინო ბურჯანაძის, კახა კუკავას პარტიები. ახალი, გაუსვრელი სახეები უნდა წამოვიდნენ პოლიტიკაში, პარლამენტშიც ეს ახალი სახეები შევიდნენ და მეტი არჩევანის საშუალებაც გვექნება.

 

– მაშინ რატომ ვერ ან არ გვთავაზობენ პარტიები ამ ახალ სახეებს?

 

– აი, იმ თემასთან მივედით, რაზეც პარლამენტს სასტიკად ვაკრიტიკებ. არ მომწონს, საინ.იციატივო ჯგუფებს ადგილობრივ არჩევნებში კანდიდატის წამოყენების უფლება რომ წაართვეს. ალბათ, ახალი ლიდერების წარმოჩენა არ სურთ. ნაციონალებსა და რესპუბლიკურ პარტიასაც ერთ ძალად მოვიაზრებ – საერთო ინიციატივები აქვთ და საკუთარი თავის გადასარჩენად ყველაფერზე მიდიან. ქალაქის არჩეული მერი სერიოზული ფიგურაა და ეს პოსტი ასე არ უნდა გაეპოლიტიკურებინათ. ვერც ერთ ქვეყანას ვერ დამისახელებს თინა ხიდაშელი, სადაც ხალხს საკუთარი კანდიდატის წამოყენების უფლება აქვს ჩამორთმეული, ამიტომ თამამად ვიტყვი – თინა ხიდაშელი არის მატყუარა. არ ვიცი, ეს რესპუბლიკებისთვის, ნაციონალებისთვის,  ოცნებისთვის თუ ძველი პარტიების დასამაგრებლად გააკეთა, მაგრამ ფაქტია, მათ ეს სჭირდებოდათ.

 

– მერე გამპროტესტებელი არის ვინმე?

 

– 25 წელია ქუჩაში ვდგავარ და, რაც არ მომწონს, ყველაფერს ვაპროტესტებ. ასეა ჩემი ყველა მეგობარი, მეზობელი, დედაჩემის თაობა, მისი ამხანაგები, 70 წელს გადაცილებული ქალები. ისინი დღემდე არც ერთ აქციას არ ტოვებენ, ბიძინა ივანიშვილის აქციებსაც შეუერთდნენ. ახლა ყველანი გამოფიტულები ვართ. თუ დაგვჭირდება, ძალას ისევ მოვიკრებთ, მაგრამ ჯერჯერობით, ვფიქრობ, ახალ ხელისუფლებას მინიმუმ, 4 წელი, ერთი ვადის ბოლო მიყვანა უნდა ვაცალოთ.

 

– მანჩო, ასეთი სამეგობრო წრე გყავთ, ამდენი ინფორმაცია გაქვთ, არც პოპულარობას უჩივით – პოლიტიკაში მოსვლა არ გინდათ?

 

– არანაირი სურვილი არ მაქვს, ამ ეტაპზე.

 

– შეიძლება, სხვა ეტაპიც დადგეს?

 

– არა, არ მინდა. რა მინდა პოლიტიკაში?! ჩემზე ბევრად ჭკვიანი ადამიანები არიან ამ ქვეყანაში. ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ, 2 წიგნი რომ მაქვს წაკითხული, იმას ხომ არ ნიშნავს, ყველაფრის უფლება მაქვს? არ ვფიქრობ, რომ ქალაქის მერობის ან დეპუტატობის პრეტენზია უნდა მქტონდეს. ეს ქვეყანა სავსეა ჭკვიანი ადამიანებით. ყველა ხმაურიანი ვერ იქნება, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, შესაფერისი კანდიდატურები გადასარევად მოიძებნება. საერთოდ, მოწესრიგებული ამომრჩეველი ვარ, არჩევნებზე სულ დავდივარ, პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე ვარ, ჩემი ცხოვრების ასეთი წესიც მომწონს. მიმაჩნია, რომ პატრიოტი ვარ. 90-იანებში, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა, ამერიკაში ცხოვრება შემეძლო, საქართველოს მოქალაქეობა უნდა დამეთმო, მაგრამ ეს არ გავაკეთე.

 

– ახლა სად მუშაობთ, რით ხართ დაკავებული?

 

– სიმართლე გითხრათ, ახლა რაღაც ბიზნესთემებით ვარ დაკავებული.

 

– მედიაში დაბრუნება არ გინდათ?

 

ძალიან მიყვარს პირველი არხი. ეს არის ადგილი, სადაც დედაჩემმა და მამაჩემმა ერთმანეთი გაიცნეს, სადაც გავიზარდე. არხის დღევანდელ მდგომარეობას წინა წლებისას ვერც შევადარებ, მაგრამ გასაკეთებელი და გამოსასწორებელი დღესაც ბევრია. ახლა სამეურნეო საბჭო უნდა ჩამოყალიბდეს, ახალი პროექტები და გადაცემები დაიგეგმოს, ვითარება დალაგდეს და მერე ვნახოთ. ეს ის ადგილია, სადაც სიამოვნებით წამვიდოდი.

 

– ის აჟიოტაჟი, რაც თქვენს ირგვლივაა, მოგწონთ?

 

– ეკრანზე ჩემი ინიციატივით არ გამოვვარდნილვარ, ნიკა მელიამ და ნაციონალებმა დაიწყეს ჩვენი ლანძღვა ტელევიზიით. ცნობადობა, მით უმეტეს გადამეტებული, არ ვარგა. იცით, საზოგადოების მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გიჩნდება, ქუჩაში პატარა ბავშვები რომ გცნობენ, ისე უნდა მოიქცე, სამაგალითო იყო!

 

– თქვენი აზრით, სამაგალითო ხართ?

 

– ახლა უფრო ვცდილობ... სულ დაძაბული ვარ, საერთოდ ხმაურიანი ადამიანი ვარ, მიყვარს სიტყვით გამოსვლა, აქტიურობა და, როცა ამდენი უცნობი ადამიანი მაკვირდება, ვგრძნობ, სილაღე დავკარგე. ათასი თვალი მიყურებს თეატრში, კაფეში, ქუჩაში, დისკოთეკაზე, სად როგორ მოვიქცევი, რას ვიტყვი. მოკლედ, დაძაბული ვარ. სულ ვფიქრობ, რამე ისეთი არ გავაკეთო, საზოგადოება ამით შეურაცხყოფილი დარჩეს. აბანოთუბანში, ერთ-ერთ კაფეში ვიჯექი, ჩემთან ბავშვი მოვიდა და ხელი ჩამომართვა – გიცნობთ და მიყვარხართო. ძალიან დავიძაბე, რადგან გვერდზე მაგიდიდან ბავშვი მიყურებდა. რაში უნდა მჭირდებოდეს ასეთი პოპულარობა?!

 

– მერე თქვენ ეს არ მოგწონთ?

– არა!

– მაშინ უნდა გაჩუმდეთ, რომ დაგივიწყონ.

 

– ვერ გავჩუმდები. უბრალოდ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ გადაირია ჩემზე სრულიად მასმედია. პოლიტიკოსობა არ მინდა, არც თანამდებობა მინდა, არც მთავრობას „ვეტენები“, რომ თავი დავამახსოვრო, გასათხოვარი არ ვარ, მსახიობი და მომღერალი არ ვარ, აბა, რაში უნდა მჭირდებოდეს მუდმივად უცნობი ადამიანების ყურადღების ცენტრში ყოფნა? ეს ძალიან  მაღელვებს, რადგან თავისუფლება დავკარგე!

ნინო კომახიძე

 

გაზეთი „ვერსია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016