რუსუდან შარაძე: „გია ფაჩულია, ვინც უშუალოდ ტყვია ესროლა მამაჩემს და მოკლა, დღემდე სამეგრელოს ძალოვან უწყებაში არც ისე დაბალ თანამდებობას ინარჩუნებს“
აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობიდან ზუსტად 7 წლის თავზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა ამ საქმეს ხელახლა გამოიძიებს. გასული კვირის ბოლოს საქმის წარმოება, უკვე მეორედ, მოკლულის შვილის, რუსუდან შარაძის მოთხოვნით განახლდა. ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, ის მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს პირადად შეხვდა, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ საქმეში ახალი გარემოებები არსებობს და საქმის ხელახალი გამოძიება მოწმე გურიკა ქადარიას ჩვენების საფუძველზე განახლდა. გაზეთი „პრემიერი“ რუსუდან შარაძეს ესაუბრა:
– ახალი ხელისუფლების დაპირების მიუხედავად, გურამ შარაძის მკვლელობის საქმე დღემდე დახურულად ითვლება და მისი მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გიორგი ბარათელი ისევ სასჯელს იხდის. რა სიახლეებმა მოგცა ოპტიმიზმის საფუძველი, რომ ამდენი წლის შემდეგ, სიმართლის დადგენის რეალური შანსი არსებობს?
– შევხვდი მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს, ვისაუბრეთ საქმის დეტალებზე და მივიღე პასუხი, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმეზე ხელახალი ძიებაა დაწყებული. ფაქტია, რომ პროკურატურა მუშაობს. ისინი საქმეს იცნობენ. ორივეს აშკარად შევატყვე საუბარში, მოწმეების სახელებიც ზეპირად იციან და გარემოებებშიც კარგად არიან გარკვეული. ოპტიმისტურად ახლა კი არა, მამაჩემის მკვლელობის პირველი დღიდან ვარ განწყობილი, რომ ეს მკვლელობა გამოძიებული იქნება. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ბუნებრივია, ჩემი იმედები უფრო გამყარდა. ბუნებით ისედაც ოპტიმისტი ვარ, მით უმეტეს, როდესაც ვხედავ, რომ მიხეილ სააკაშვილი ისე წავიდა ქვეყნიდან, საქართველოსკენ გამოხედვასაც ვერ ბედავს. არასდროს მქონია ილუზია, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმეს ერთ დღეში გამოიძიებდნენ და მკვლელებს გაასამართლებდნენ, იმის გამო, რომ გურამ შარაძის მკვლელობა სწორედ მიხეილ სააკაშვილმა შეუკვეთა. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს საქმე არ არის იოლი, მაგრამ რეალური ნამდვილად არის.
– რადგან პროკურატურამ დღემდე ვერც ერთი გახმაურებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ საქმეშიც არ დევს ისეთი სახის მტკიცებულებები, რომელიც საფუძვლად დაედება ხელახალ გამოძიებას?
– დღევანდელი კანონმდებლობით, რომელიც თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის დაწესებულია და რატომღაც დღესაც მოქმედებს, დახურული საქმის ძიებაში დაბრუნება ძალიან რთულია. აღმოჩენილი უნდა იყოს ახალი გარმეოებები.
ჩვენ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, პროკურატურაში შევიტანეთ არაერთი ახლად აღმოჩენილი გარემოება და ძირითადად მოწმეთა ჩვენებები. მოწმეები არიან ისინი, ვინც ფიზიკურად ნახეს მკვლელი; ასევე, მოწმე, რომელიც ციხეში იჯდა და საკუთარი თვალით აქვს ნანახი, როგორ აიძულებდა ოლეგ მელნიკოვი ერთ-ერთ მოწმე გიორგი გათენაძეს, რომ გიორგი ბარათელს აღიარებითი ჩვენება მიეცა, თითქოს გურამ შარაძის მკვლელობა გოგა ხაინდრავამ შეუკვეთა და გოგა ხაინდრავას კი, თავის მხრივ – სპეცსამსახურებმა.
პროკურატურაში ასევე დევს ირაკლი ოქრუაშვილის ახლობლის დაკითხვის ოქმი, რომელსაც დათა ახალაია თავისი ხელით აწამებდა და ემუქრებოდა, ისევე გაგასაღებ, როგორც გურამ შარაძე გავასაღეო; ასევე, ცოლ-ქმრის ჩვენება, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს მკვლელი, რომელიც ბარათელისგან რადიკალურად განსხვავდება ფიზიკურად და რაც ყველაზე მთავარია, მეგის ქარდავას მარჯვენა ხელის, ყოფილი პოლიციელის, გურიკა ქადარიას ჩვენება. ეს ადამიანი სამეგრელოდან არის. მამაჩემის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც ჯერ კიდევ მეგის ქარდავას დავქემდებარებული პირი იყო, დაიბარა გურიკა ქადარია და უთხრა, რომ სამეგრელოდან თბილისში ჩამოიყვანდა ორ სპეცრაზმელს: თემურ ჯგერენაიასა და გია ფაჩულიას, მათ დაუკავშირდებოდა ე.წ. „მასტერა“, რომელიც დეტალურ გეგმას გააცნობდა. სწორედ, მეგის ქარდავას დავალებით, ამ სამ კაცს უნდა მოეკლა გურამ შარაძე. გურიკა ქადარიამ უარი თქვა ამ გეგმის შესრულებაზე და ის რომ დღეს ცოცხალია, ბარათელის მსგავსად, ღმერთის წყალობაა. გურიკა ქადარია ასახელებს კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ჩართული არიან მკვლელობის საქმეში – დათა ახალაიათი დაწყებული და რიგითი პოლიციელებით დასრულებული, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ დასახელებულ პირებს შორის, უმეტესობა და მათ შორის თითქოს შემსრულებელი გია ფაჩულია, ვინც უშუალოდ ტყვია ესროლა მამაჩემს და მოკლა, დღემდე სამეგრელოს ძალოვან უწყებაში არც ისე დაბალ თანამდებობას ინარჩუნებს. მოგეხსენებათ, ბევრ უწყებაში დღესაც ყოფილი „ნაციონალები“ არიან.
– რა ახალი გარემოება გამოკვეთა გურიკა ქადარიას ჩვენებამ. მას შეუძლია, ხელი დაადოს მკვლელს?
– გურიკა ქადარიამ რომ უარი თქვა მამაჩემის მოსაკლავად ორი სპეცრაზმელის: გია ფაჩულიასა და თემურ ჯგერენაიას წამოყვანაზე, თვითონ გავიდა საქმიდან და მან 100 %-ით არ იცის, მკვლელობა ამ ორს შეასრულებინეთ თუ არა, მაგრამ იცის, რომ მეგის ქარდავა სწორედ მათ აკვლევინებდა გურამ შარაძეს.
თემურ ჯგერენაია დღეს უკვე გარდაცვლილია, რუსეთში საეჭვო ვითარებაში დაიღუპა 2010 წელს. ეს ხალხი არის ეჭვმიტანილი მკვლელობაში, ვისაც უშუალოდუნდა ესროლათ გურამ შარაძისთვის, თორემ იქ კიდევ არიან პირები, ვინც შემდეგ უკვე ქადარიაზე ახდენდნენ ზეწოლას.
გურამ შარაძის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილსა და მის ხროვას 5 ათასი ლარი უღირდა. სწორედ ეს თანხა გადაუხადეს გურიკა ქადარიას მამაჩემის მკვლელობისთვის. მან უარი მაშინვე კი ვერთქვა, გაითამაშა, რომ თითქოს ავად იყო, თბილისში წასვლა არ შეეძლო და ასე სცადა „თავის დაძვრენა“. ისინი მიხვდნენ, რა თქმა უნდა, რომ არ ემორჩილებოდათ, ამიტომ ჩააგდეს ციხეში, აწამეს და თენგიზ გუნავამ საკუთარი ხელით სცემა საკუთარ კაბინეტში.
ამ ქადარიამ ჯოჯოხეთი გაიარა და ვიდრე პირში სული მიდგას მისთვის ვილოცებ იმის გამო, რომ თავისით მივიდა პროკურატურაში და ჩვენება მისცა.
– ეს როდის მოხდა?
– ზუსტად ერთი წელი გადის, როცა თავისი ფეხით გამოცხადდა სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში და მოითხოვა, დაეკითხათ. იქ დახვდა პროკურორი, რომელიც არის მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მარჯვენა ხელი და რომელმაც, რა თქმა უნდა, არ დაკითხა. ამის გამო თბილისში მომიწია „ბუნტის ატეხა“, შევაწუხე იუსტიციის მინისტრი, მაშინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი და ა.შ. ამის შემდეგ მოხდა ადგილზე ქადარიას დაკითხვა. მე დიდხანს არ ვასახელებდი მის გვარს, უბრალოდ, შარშან ზაფხულში ზოგადად ვთქვი და ახლა დამალვა აღარ შეიძლება.
– როგორც ვხვდები, გურიკა ქადარიას ჩვენება საფუძვლად შეიძლება ჩაეთვალა გამოძიებას, მაგრამ საინტერესოა, მტკიცებულებად გამოდგება თუ არა ის ვიდეოფირი, რომლის საფუძველზეც თავის დროზე გიორგი ბარათელი გაასამართლეს. როგორც მახსოვს, მასში კარგად ჩანდა, რომ მკვლელის გარეგნობა ამ ფირზე აღბეჭდილ პიროვნებას არ შეეფერებოდა?
– სწორედ გურიკა ქადარიას ჩვენების საფუძველზე დაიწყეს საქმის ხელახალი ძიება, მაგრამ ამის გარდა, ამ საქმეში უამრავი მოწმეა იგივე ძალოვან უწყებებში, ვისაც სინდისი ჰქონდა და ასეთ ბრძანებებს არ ემორჩილებოდნენ. რაც მთავარია, არიან მკვლელობის მოწმეები, რომლებიც მკვლელებს სახეებზე იცნობენ, მათი ნაწილი თავის დროზე გამოჩნდა. მე მათი ვინაობა დღემდე არ დამისახელებია და ახლა იმედი მაქვს, რომ ოფიციალურ ჩვენებას მისცემენ. ამ საქმეში პარადოქსულიც სწორედ ეგ არის, რომ მკვლელობა ფირზეა აღბეჭდილი, სადაც ბარათელი საერთოდ არ ფიგურირებს და ვინც სასიკვდილო გასროლას ახდენს, ბარათელზე ორი თავით მაღალია.
რადგან თავის დროზე, მიხეილ სააკაშვილის ვიღაც „ჯიბის ექსპერტმა“ დასკვნა დადო, რომ ფირი უვარგისია, შემდეგ ეს ჩაეკერა საქმეში და დაიხურა, ჩვენ მისი გამოყენების უფლება არ გვაქვს. არადა, იმის მიუხედავად, რომ „ალდაგის“ ფირი შეგნებულად არის გაფუჭებული, მაინც გარკვევით ჩანს, რომ იქ ბარათელი საერთოდ არ არის. სწორედ, ამის გამო დავდივართ და ვეძებთ ახალ-ახალ მოწმეებს.
საერთოდ, რაზეა ლაპარაკი, როცა ფირზე გადაღებული მკვლელობა არსებობს. ამიტომ მჯერა, რომ დღეს თუ არა, ხვალ მაინც, აუცილებლად გავიმარჯვებ. რაც მთავარია, მე ვგრძნობ პატივისცემას, მოწიწებასა და შებრალებას მამაჩემის მისამართით და 100 %-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე სახელმწიფო დონეზე და მისი მონდომებით გაიხსნება. ბოლოს და ბოლოს, მე გავხსენი, როგორ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში მსგავსი რამ მომიწევდა, მაგრამ პირადად გამოვკითხე მოწმეები, „ალდაგის“ ფირი მე გავარჩიე ყველა ტაიმკოდით და სრულად აღვადგინე, რა მოხდა 2007 წლის 20 მაისს და პროფესიონალები ამას ერთ დღეში ვერ იზამენ?
– შენი ოპტიმიზმი, ბუნებრივია, მაგრამ გურამ შარაძის მკვლელობა თავისი ხასიათით, ძალიან ჰგავს იგივე ზვიად გამსახურიას, ან პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეებს, რომლის დეტალებიც დროთა განმავლობაში მუდმივად ტრიალებს, მაგრამ სხვადასხვა მოტივების გამო, ვერ თუ არ ი ძიებენ. არ ფიქრობ, რომ, რაც მეტი დრო გადის მომხდარიდან, მით ნაკლები შანსი რჩება სიმართლის სრულად დასამტკიცებლად?
– სახელმწიფოს ნების შემთხვევაში, დარმწუნებული ვარ, რომ ზვიად გამსახურდიას მკვლელობაც იქნება გამოძიებული. რომ არ მოგატყუოთ, იმედი ბოლომდე ჩემი ლაშას მკვლელობის საქმეზეც კი არ დამიკარგავს. თან, როცა უამრავი მოწმე და მტკიცებულება არსებობს. ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას, უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, მათ შეიძლება მარიფათი აკლია. იმ რამდენიმე ადამიანს პატივს ვცემ და ვენდობი, რომლებიც გადაწყვეტილებას იღებენ, თორემ ამ ხელისუფლებაში ნახევარზე მეტი რომ ყოფილია, მათი იმედი არც არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს. მიხეილ სააკაშვილი მკვლელი და ყველაფერზე წამსვლელია და მთელი მსოფლიო მაფია მას იცავდა.
სრულიად შევდივარ ახალი ხელისუფლების მდგომარეობაში, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთი ძვირი სიტყვაც არ დამცდენია, რადგან მადლობელი ვარ იმ ხალხის, ვინც მამაჩემის მკვლელი ბანდა ხელისუფლებიდან ისე გაყარა, რომ უკან მოუხედავად გაიქცნენ. უბრალოდ, ბოლო დროს იმიტომ ვქენი ის, რაც ვქენი,რომ ყურადღება არავინ მომაქცია. ხელისუფლებას და მით უმეტეს, პროკურატურას იქით დავეხმარები მოწმეების მოძებნაში. დარწმუნებული ვარ, გამოძიებამ ყველაფერი იცის უკვე, მაგრამ აქ საუბარია სახელმწიფო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.
მე ის ვიცი, რომ ეს ხელისუფლება ქუჩაში გასულს არ დაგვხვრეტს და მგონია, რომ არც ქართველი ხალხია გულგრილი ჩემი ტრაგედიის მიმართ. თავს ვერავისზე დავდებ და ვერავის ნაცვლად ვერ ვილაპარაკებ, მე შემიძლია და უფლება მაქვს, მხოლოდ ჩემს თავზე ვისაუბრო, მოვკვდები და ამ საქმეს თავს არ დავანებებ. საიდან და როგორც არ უნდა მოხდეს, არ შევეშვები. სენტიმენტალურად ნუ გამიგებთ, მაგრამ სიკვდილიანობა მართლა დამთავრდა და მჯერა, რომ ყველაფერი კარგი ახლა იწყება. ჩვენ, ხალხმა, უნდა მოვითხოვოთ, ვიაქტიუროთ და უცილებლად მოგვეცემა. რომ გამოვიდეს მილიონი ქართველი ქუჩაში და მოითხოვოს გურამ შარაძის, თუ სხვა დახვრეტილი, გაუბედურებული ბიჭების გამო სამართლიანობის აღდგენა, აუცილებლად გავიმარჯვებთ. როგორ ფიქრობთ, ბომბებს გადმოყრან და დახოცავენ ამდენ ადამიანს? თუ ხალხი არ მოითხოვს, შესაძლოა, სამართლიანობა არც აღადგინონ.
– მართლმსაჯლებასა და სამართლიანობის აღდგენას შორის, როგორც ამბობენ, დიდი განსხვავებაა და ხელისუფლებაც და საზოგადოებაც ამ ორ კატეგორიას, ნებით თუ უნებლიეთ, ერთმანეთში ურევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მართლმსაჯულება უნდა აღსრულდეს და სამართლიანობა სოცილური პრობლემების გადაწყვეტით უნდა აღდგეს. არ ფიქრობთ, რომ ჩვენ ახლაც იგივე პრობლემაზე ვსაუბრობთ?
– გასაგებია, მაგრამ 21-ე საუკუნეში ვართ და საქართველოს ამდენხნიან ისტორიაში გამახსენეთ თუნდაც ერთი ფაქტი, როცა ქართველები სოციალური პრობლემების გამო აჯანყებულან. ქართველი ყოველთვის ჯანყდებოდა და იბრძოდა დამპყრობლის წინააღმდეგ, ვინც ცეცხლითა და მახვილით მოდიოდა. დღეს დამპყრობელი ცეცხლითა და მახვილით იშვიათად მოდის, რადგან სულ სხვა საშუალებებია მტრისთვის უფრო მეტად მომგებიანი. ისეთი ტექნოლოგიები არსებობს, რომ მისი მოსვლა ერმა შეიძლება ვერც გაიგოს.
დავანებოთ 30-საუკუნოვან ისტორიას თავი და რაც ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, იყოს თუნდაც ბოლო 10 წლის განმავლობაში, გამახსენეთ ერთი შემთხვევა, როდესაც ქართველი ქუჩაში იმისთვის გამოვიდა, რომ შია და სწყურია. მე ვგულისხმობ მასობრივ გამოსვლებს და ეს ძალიან ბევრი რამის მაჩვენებელია. იქნებ, სუბიექტური ვარ, მაგრამ მე ასე მგონია, რომ სამართლიანობის აღდგენა პირდაპირ არის დაკავშირებული ამ დახვრეტილ და გაუბედურებული ოჯახების საქმეების გამოძიებასთან.
ამას ითხოვდნენ მიტინგებზეც და თუნდაც „ქართული ოცნების“ აქციებზე 2012 წელს. გაუბედურებული ხალხი, ვისაც ყოველდღიური ლუკმისთვის უწევს ბრძოლა, ამას ხმამაღლა არ ამბობს. ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია ასეთი რამ.
– გურამ შარაძის მკვლელობის შეკვეთაში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებ. რატომ უნდა ყოფილიყო მის ინტერესებში გურამ შარაძის ფიზიკური ლიკვიდაცია, ან იკვეთება თუ არა მისი ბრალეულობა იმ გარემოებებში, რომელსაც პირადად იცნო? ის მოკლეს მაშინ, როდესაც პოლიტიკიდან, ფაქტობრივად, წასული იყო...
– ამ კითხვას მახსოვს, 7 წლის წინათ მისვამდნენ და ჩემი პასუხი დღესაც იგივეა – მამაჩემი პოლიტიკიდან არ წასულა. მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ჯიბის ჟურნალისტებმა, დღეს რომ მთელი ხმით გაჰკივიან, ტრიბუნას ჩამოაცილეს გურამ შარაძე, თორემ ისევ იქ იყო, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა. მითია საუბარი იმაზე, რომ ის პოლიტიკიდან როდისმე წასული იყო. მე ვკითხულობ, რატომ მოკლეს 70 წლის მოხუცი, ილია ჭავჭავაძე და რისი ეშინოდათ სოციალ-დემოკრატებს? ილია ბოლო წლებში სახლიდან გარეთ არ გადიოდა და მისი სიკვდილის შემდეგ სამედიცინო ექსპერტიზამ როგორც აჩვენა, მას ისეთ მდგომარეობაში ჰქონდა გული, არც ისე დიდი დღე ჰქონდა დარჩენილი. მომიტევეთ ასეთი შედარება, მაგრამ ეს ხომ ცნობილი ფაქტია? რა უნდა ვთქვა, იმის გარდა, რომ ნამდვილად არსებობს კონკრეტული მიზეზები, რის გამოც შეიძლებოდა ეს მკვლელობა ჩადენილიყო, ზუსტად იმ დროს, იმ დღეს და იმ მომენტში.
– მაინც?
– მხოლოდ ორი და ღრმა ესვების მქონე საკითხიც კმარა – ეროვნული განძი და ე.წ. მაჰმადიანი მესხები.
ჰაერიდან მოტანილს არაფერს ვამბობ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა მოიპოვა 200-გვერდიანი ოფიციალური დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რა სიმდიდრეა გასული საქართველოდან და როგორ იმატა მამაჩემის მკვლელობის შემდეგ გატანილი განძის რაოდენობამ.
მამაჩემის მკვლელობიდან ერთ თვეში პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი ე.წ. მაჰმადიანი მესხების ჩამოსახლებასთან დაკავშირებით. გურამ შარაძე რომ ცოცხალი ყოფილიყო, შეაკვდებოდა ხელისუფლებას მხოლოდ ამის გამო.
– როდესაც მკვლელობის მოტივაციაზე საუბრობდნენ, მე მახსოვს ერთ-ერთი ვერსია, რომელმაც რამდენჯერმე გაიჟღერა და დროთა განმავლობაში მიჩუმათდა – ლევილის ქართული მიწების გასხვისების თემა. რა შეგიძლია ამ საკითხზე უფრო კონკრეტულად თქვა?
– ჩრდილში იმიტომ მოექცა, რომ შემდეგ უკვე სხვა რეალურმა დეტალებმა წამოიწია წინა პლანზე. არც დღეს არის ეს ვერსია გაბათილებული. ჩემგან გავრცელდა ეს ვერსია და ლევილის თემა ჰაერიდან არ მომიტანია.
ამდენი წელია, არ დამისახელებია, ვინ მითხრა და ახლა პირველად ვამბობ. თავად არ უთხოვია, მაგრამ მე დავმალე მისი ვინაობა, რადგან არ მინდოდა, რაიმე პრობლემა შეჰქმნოდა. ეს გახლავთ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნათია გოგსაძე, რომელმაც მკვლელობის დღეებში მითხრა, რომ არსებობდა კულუარული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ხელისუფლება ლევილის გაყიდვას აპირებდა. მალევე, უკვე სულ სხვა წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ გამოქვეყნებული იყო ინტერვიუ, სადაც ლტოლვილთა და განსახლების მაშინდელი მინისტრი გია ხევიაშვილი ლევილში ინვესტიციების ჩადებაზე საუბრობდა. ამათ ენაზე ინვესტიცია რასაც ნიშნავდა, ყველამ კარგად ვიცით.
იმ მომენტში ეს ორი ვერსია ერთმანეთს ავსებდა და მე ეს ხმამაღლა ვთქვი. მე ნათია გოგსაძის ადამიანობა სიცოცხლეში არ დამავიწყდება და სულ მადლიერი ვიქნები. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ ლევილის გაყიდვის შესაძლებლობის გახმაურების შემდეგ, ვეღარ გაბედეს ამის გაკეთება, მაგრამ საქართველოს მუზეუმები დაცარიელებულია და ეს ძალიან სერიოზული თემაა. დღეს ეროვნულ-კულტურული მემკვიდრეობა, ფაქტობრივად, მუზეუმებში აღარ არსებობს. ეს ჭორაობა არ არის და დოკუმენტურად არის აღწერილი, რომ გატანილია ყველაფერი, პრეისტორიული სამკაულებით დაწყებული და მეოცე საუკუნის გენიოსი მხატვრების ტილოებით დასრულებული. ჩამონათვალს რომ დახედავ, თვალში პირდაპირ მოგხვდება, როგორ იმატა განძის გადინებამ 2007 წლის 20 მაისის შემდეგ. წლების განმავლობაში, პირადად მხვდებოდნენ და სულ მეუბნებოდნენ ამის შესახებ მუზეუმის თანამშრომლები, რომლებიც ხმამაღლა ვერ ბედავდნენ თქმას. ამ 200-გვერდიან დოკუმენტში არც ერთი სიტყვა არ წერია, უკან რა დაბრუნდა.
– როგორც ვიცი, პროკურატურაში არსებული საქმის დეტალების გარკვევის მიზნით შვეიცარიიდან ჩამოხვედი. როგორია შენი უახლესი სამომავლო გეგმები?
– დღეს არავითარი საფუძველი არ მაქვს, რომ ეჭვი შევიტანო ირაკლი ღარიბაშვილში, ან მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილში, ან მის მოადგილე ირაკლი შოთაძეში, მაგრამ არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა იქნება. საქმეს იცნობენ, რომ არ იცნობდნენ, ისე ვერ ვისაუბრებდით შეხვედრაზე, როგორც ვისაუბრეთ. მოწმეები სახელებითა და გვარებით იციან, ასევე ისიც – ვინ რას ამბობს. კეთილისმსურველები კი მარიგებენ ჭკუას, რომ არ გამიხარდეს და არ დავიჯერო, თითქოს დროის გაყვანა სურთ, მაგრამ უნდობლობის საფუძველი არ მაქვს. თუ დავინახავ, რომ ეს მართლა დროის გაყვანის გარდა არაფერს ემსახურება, მერე, ალბათ, სხვანაირად მოვიქცევი. თუ ზურგს უკან მიღალატებენ, ალბათ, იოლად ვერც ეს ხელისუფლება გამოვა.
ხათუნა ხატიაშვილი
გაზეთი „პრემიერი“