სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის ინფორმაციით, გრძელვადიანი პაემნების ოთახებში ვიდეოჩანაწერებია აღმოჩენილი, რომელსაც პატიმრების დასაშანტაჟებლად იყენებდნენ.
"არის თემები, რომელზეც საუბარი არ მინდოდა, რადგან არ მინდოდა გამეახლებინა ტკივილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მაგრამ რადგანაც "ნაციონალური მოძრაობა" არ ჩერდება და მათთვის წესით ყველაზე მტკივნეული თემა რაც უნდა ყოფილიყო, იმაზეც კი ბედავს ლაპარაკს, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ზოგიერთ დაწესებულებაში, გრძელვადიანი პაემნების ოთახებში ვიდეოჩამწერები აღმოვაჩინეთ, სადაც ზოგიერთი პატიმრის მის მეუღლესთან ცხოვრების სცენები ჰქონდათ გადაღებული. ისინი ამას იყენებდნენ ამ პატიმრების და მათი ოჯახის წევრების შანტაჟისთვის", - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი მინაშვილმა გუშინ პრესკონფერენცია გამართა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, დღესდღეობით, ციხეები კრიმინალური ავტორიტეტებისა და ქურდების მიერ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციასთან შეთანხმებით იმართება.