reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ახალციხეში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:39
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა ახალციხეში
ავტორი:
24 მაისი, 2014. 17:44


მივესალმები სამცხე-ჯავახეთს, საქართველოს უძველეს კუთხეს!

მე ბედნიერი ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვდგავარ აქ,  ამ ისტორიულ მიწაზე. ერთად ვდგავართ ქართველები და სომხები, და ჩვენ ერთად ვაშენებთ ისეთ ქვეყანას, სადაც ცხოვრება ყველასთვის საამაყო უნდა იყოს. აქ, სამცხე-ჯავახეთში საუკუნეებია, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. მაგრამ ეს განსხვავება ჩვენ ერთმანეთს კი არ გვაშორებს, პირიქით, ერთმანეთთან გვაახლოებს. ეს ჩვენი დიდი სიმდიდრეა. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ მეგობრობას!


ძვირფასო მეგობრებო!

სამცხე-ჯავახეთის მდებარეობა დღეს ჩვენს ქვეყანას სრულიად ახალ პერსპექტივებს უჩენს. ახლა აქ დიდი პროექტები ხორციელდება, საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები. ახლა ამ რეგიონიდან მსოფლიოში გასასვლელი უმოკლესი გზები იჭრება. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სარკინიგზო დერეფანი აქ გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი არის უდიდესი პროექტი. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის რკინიგზის 180 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა. ამ პროექტით სამცხე-ჯავახეთს განვითარების დიდი საშუალება ეძლევა. აქ უკვე დასაქმდა ასობით ადამიანი და როცა რკინიგზა გაიხსნება, რა თქმა უნდა,  კიდევ უფრო მეტი  სამუშაო ადგილი გაჩნდება.


მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის რკინიგზის პროექტი შეფერხებების გარეშე მიდინარეობს და ჩვენ მას დავამთავრებთ დაგეგმილ დროს. 


ჩვენ გვეძლევა ისტორიული შანსი, რომ რეგიონში გაცილებით გაიზარდოს საქართველოს როლი. ეს ძალიან დიდი ბიძგი იქნება  ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.


ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც აქ, თქვენ მშობლიურ კუთხეში გაივლის და თურქეთის გავლით ბევრ ქვეყანასთან დააკავშირებს უკვე მთელ რეგიონს. ასეთი პროექტების განხორციელება მოსახლეობას კეთილდღეობას მოუტანს, ქვეყანას კი  დიდ პერსპექტივებს გაუჩენს. 


მინდა გითხრათ ისიც, რომ შემოდგომაზე გაიხსნება კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტი. ეს იქნება თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი, ეფექტიანი დერეფანი. კარწახის საბაჟო ბევრად ახლოსაა თურქეთის დიდ ქალაქებთან. ეს იქნება კიდევ ერთი ძვირადღირებული პროექტი, რომლის განხორციელებით გაიზრდება ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი და განვითარდება ეკონომიკა.


მეგობრებო,

მე კარგად ვიცი, რა პრობლემები გაწუხებთ სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება - მივხედავთ გზებს, ხიდებს, მოვაგვარებთ წყლის პრობლემას, გავხსნით ამბულატორიებს.


ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ იზრუნებს საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე. დღეს ყველა ადამიანი დაზღვეულია და მათი მკურნალობის ხარჯებს  სახელმწიფო აფინანსებს. 

ჯანდაცვასთან ერთად სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს   განათლებაზე. განათლება სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება ყველასთვის. ჩვენ ცოდნის მიღების საშუალებას ვაძლევთ მომავალ თაობას.


დღეს თქვენ შორის არიან ისეთები, ვისთვისაც პრობლემად რჩება ქართული ენის - სახელმწიფო ენის არცოდნა. ჩვენ ვალდებული ვართ ხელი შეგიწყოთ, რომ  თქვენ შეძლოთ ქართულად ლაპარაკი, შეძლოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში სრულფასოვნად მონაწილეობა და სრულფასოვანი ინტეგრაცია.


ამასთან ერთად, ჩვენთვის ისიც ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი მშობლიური ენის განვითარებას, და გპირდებით, ყოველმხრივ დავიცავთ მას. 


მეგობრებო, 

თქვენ ძალიან კარგად იცით შრომის ფასი, და მე დარწმუნებული ვარ, დიდ წვლილს შეიტანთ იმ საქმეში, რასაც საქართველოს აღმშენებლობა ჰქვია.

თქვენს შრომისმოყვარეობაზე უკვე არაერთხელ თქმულა. ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა ახალციხელების, ახალქალაქელების, ადიგენელების, ასპინძელების, ბორჯომელების გარეშე წარმოუდგენელია. ყველამ კარგად იცის ამ მიწისა და თქვენი მარჯვენის ფასი.


ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, მივხედოთ სოფელს, რადგან ქვეყანის გაძლიერება სოფლის გაძლიერებით იწყება. ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს იაფი აგროკრედიტებით და უკვე ჩანს სასიკეთო ცვლილებები ამ მიმართულებით. მაგალითად,  სოფელ წნისში, იაფი აგროსესხის დახმარებით შესაძლებელი გახდა, რომ მეურნეობა, რომელიც აქ რამდენიმე წელია არსებობს, კიდევ უფრო მყარად დამდგარიყო ფეხზე. იაფი სესხის ფარგლებში ჩვენ გვექნება პირველი მსხვილფეხა საქონლის საჯიშე მეურნეობა საქართველოში, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. მე ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ იაფი აგროკრედიტებით თქვენ მართლაც კარგი შესაძლებლობები გიჩნდებათ. სოფელში ხალხი ამოისუნთქავს, თავისი შრომით თვითონაც  ნახავს სარგებელს და სხვასაც დაასაქმებს.


ჩემი ინიციატივით, სულ რამდენიმე დღეში, 1 ივნისიდან იწყება სახელმწიფო პროგრამა - ,,აწარმოე საქართველოში". ეს გულისხმობს ყველა რეგიონში, შემდეგ კი ყველა რაიონსა და სოფელში ტრადიციული ადგილობრივი წარმოების აღდგენას და აღორძინებას.  ეს,  რა თქმა უნდა, გააჩენს სამუშაო ადგილებს და ხალხი დასაქმდება. ჩვენ გვექნება უმაღლესი ხარისხის ადგილობრივი პროდუქცია, რომელიც კონკურენციას გაუწევს უცხოურს და ყველასთვის საამაყო იქნება. ეს იყო ჩემი ოცნება და ბედნიერი ვარ, ეს რეალობა ხდება!


„ბორჯომის" უნიკალური წყალი არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის, არამედ მთელი საქართველოს სიმდიდრეა. „ბორჯომი" არის ჩვენი ერთ-ერთი სამარკო ნიშანი მთელ მსოფლიოში. სულ მალე საქართველოში გვექნება „ბორჯომის" განახლებული ქარხანა. ეს იმის შედეგია, რომ ჩვენ ვზრუნავთ ბიზნესისთვის სტაბილური გარემოს შექმნაზე. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის სამუშაო ადგილებს. 


სამუშაო ადგილებს მთავრობა პიდაპირ არ ქმნის. ჩვენ ქვეყნაში ვქმნით ისეთ პირობებს, რომ კერძო სექტორს მიეცეს განვითარების საშუალება. განვითარებული კერძო სექტორი, ბიზნესი არის მთავარი დამსაქმებელი ყველა ნორმალურ ქვეყანაში. 


ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი სრულად სახელისუფლებო წნეხისგან. მოვაწესრიგეთ კანონმდებლობა. ასევე დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც რეალურად კერძო სექტორისთვისაა მნიშვნელოვანი. 


მეგობრებო,

სულ მალე ჩვენ ხელს მოვაწერთ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს არის გზა ხალხის კეთილდღეობისკენ, ქვეყნის განვითარებისკენ. ეს სიკეთე შეეხება თითოეულ ადამიანს, თქვენ შეძლებთ ევროპის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, რაც ძალიან დიდი შეღავათი იქნება თქვენთვის. ჩვენი ბიზნესმენები თავისუფლად შეძლებენ ევროპის ბაზარზე გასვლასაც.


გარდა ამისა,  სულ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ბაზარზე კვლავ აღდგება ქართული პომიდვრის, კიტრის, კომბოსტოს, ბადრიჯნის, ხილის და კარტოფილის მიწოდება. ეს ჩვენი მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგია. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს მოსახლეობას ჰქონდეს რაც შეიძლება მეტი გზა იმისა, რომ მოახდინონ თავიანთი პროდუქტის რეალიზება და მიიღონ მეტი შემოსავალი.


მეგობრებო,

იცით, რომ კარგი სიახლე გვაქვს - 12 ქალაქს მიენიჭა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და, რა თქმა უნდა, მათ შორისაა ახალციხე. არჩევნების შემდეგ ქალაქის მმართველობა თქვენს ხელში გადმოდის. ახალციხელებს გეძლევათ დიდი შესაძლებლობები, იმისათვის, რომ თავად მოუაროთ თქვენს ქალაქს. სწორედ ახლა გეძლევათ საშუალება, აირჩიოთ სასურველი მერი. 


15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ პირველად გეძლევათ შესაძლებლობა, აირჩიოთ რაიონების გამგებლებიც. თქვენ საშუალება გეძლევათ, თვითონ განსაზღვროთ, რა სჭირდება თქვენს სოფელს, რაიონსა და ქალაქს. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აკონტროლოთ და მოსთხოვოთ პასუხი არჩეულ მერსა და გამგებლებს. სწორედ ასე ხდება ხალხის მონაწილეობა ქვეყნის მართვაში და განვითარებაში. ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად უნდა ვმართოთ  და ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე.


ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ იაქტიუროთ, მობრძანდეთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ ,,ქართული ოცნების" კანდიდატებს. 

კოალიცია ,,ქართულმა ოცნებამ" სამცხე-ჯავახეთში ძალიან კარგი კანდიდატები შეარჩია. ისინი პროფესიონალები არიან და, რაც მთავარია, ხალხში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი წარმომადგენლები დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებენ თვითმმართველობის არჩევნებში.

ახლა მინდა წარმოგიდგინოთ  ,,ქართული ოცნების" გამგებლების კანდიდატები: 

ახალციხის მერი - გიორგი კოპაძე;

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი - ზაზა მელიქიძე;

ბორჯომის  გამგებელი - დიმიტრი ყიფიანი; 

ადიგენის  გამგებელი - ზაქარია ენდელაძე;

ასპინძის  გამგებელი - ლევან ცაბაძე; 

ახალქალაქის  გამგებელი - ედუარდ აღასარიანი;

ნინოწმინდის  გამგებელი - გაგიკ კარსლიანი.

მოვუწოდებ ყველას, ხმა მიეცით ,,ქართული ოცნების"  კანდიდატებს!  შემოხაზეთ 41 !

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და თქვენთან ერთად ვუპატრონებთ ჩვენს ქვეყანას! 

ერთად ვიზრუნოთ ახალციხეზე, ერთად ვიზრუნოთ სამცხე-ჯავახეთზე, ერთად ვიზრუნოთ საქართველოზე!

ახლა მინდა სიტყვა გადავცე ახალციხის მერობის კანდიდატს ბატონ  გიორგი კოპაძეს. 


საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016