ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე ტვ 3-ის შემეცნებით გადაცემაში „ბეღურების გადაფრენა" საქართველოში არსებულ განათლების მიღების მეთოდებს აკრიტიკებს:
მარიკა ლორთქიფანიძე: „ სკოლაში ისტორია სათანადოდ არ ისწავლება. დიდი ხნის წინ, როცა სასკოლო სახელმძღვანელოების განხილვა მოეწყო, მკაცრი კრიტიკით გამოვედი. ჩემი სათქმელი ვთქვი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. სახელმძღვანელოების მიმართ სხვაგვარი დამოკიდებულება უნდა იყოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კომუნისტური დროის ცენზურა მომენატრა- თუ ვინმემ განიცადა ამ ცენზურის სირთულე, სწორედ ისტორიკოსები იყვნენ. მაგრამ არ შეიძლება კაცმა წიგნი გამოუშვას, რომელსაც არც რედაქტორი, არც რეცენზისტი ჰყავს და საერთოდ არავინ განიხილავს. ხანდახან ისეთი საშინელება წერია, ცუდად ვხდები. მერე მოდის ვიღაც და ამბობს, ისტორიკოსები ხმას რატომ არ იღებთო. რაზე ამოვიღოთ ხმა? რამდენ რამეზე? არავითარი კრიტიკული დამოკიდებულება არ არსებობს არც წყაროებისადმი, არც ლიტერატურისადმი... ასე თუ გაგრძელდა, ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. თუნდაც, ახლა ბევრს საუბრობენ სამი ავტორის სახელმძღვანელოს აღდგენაზე: სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის და მიხეილ ჯავახიშვილის. მათ პატივისცემას ვერავინ მასწავლის, მაგრამ თითქმის საუკუნე გავიდა, ახალი საბუთები და ფაქტები გაჩნდა, რაც ბევრ საკითხს სხვანაირად გვახედებს. იმ წიგნებს თავისი დროისთვის როლი ჰქონდათ, რომელიც შეასრულეს. მაგრამ საუკუნენახევარი დიდი დროა, ბევრი რამ შეიცვალა და ეს უნდა ვაღიაროთ."
ისტორიკოსი ტვ3-ის შემეცნებით გადაცემა „ბეღურების გადაფრენაში" სტუმრად მთავარი თემის, დამოუკიდებლობის დღის ისტორიული ასპექტების და განათლების თანამედროვე სისტემის ხარვეზების განსახილველად იყო მიწვეული.