რას გააკეთებდით თუ ერთ დღეს სამსახურის გარეშე დარჩებოდით? უფრო მეტიც, როგორ ფიქრობთ- კარიერა მხოლოდ და მხოლოდ გენერალური დირექტორის პოსტიდან უნდა იწყებოდეს? მიგაჩნიათ რომ არსებობს სამსახურები, სადაც მუშაობა „ტეხავს"? გავეცნოთ, რას ფიქრობენ ქართველი ცნობილი ადამიანები ამასთან დაკავშირებით:
ზურა ხიზანიშვილი
- ჩემს ოჯახს რაც გამოადგება და დასჭირდება, ყველაფერზე წამსვლელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ. თუ მტვირთავად მომიწევდა მუშაობა, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა. არასდროს არ მეთაკილებოდა არანაირი საქმის კეთება და თუ ჩემს ოჯახს დასჭირდება, ყველაფერს გავაკეთებ მომავალშიც. ყველა შრომა დასაფასებელია და არცერთი პროფესია სათაკილოდ არ მიმაჩნია.
ნინა წკრიალაშვილი
- თუ ერთ დღეს ყველაფერს დავკარგავ, ზუსტად ვიცი არანაირი საქმის გაკეთება არ იქნება ჩემთვის სათაკილო. ყველაზე კარგად კერვა მეხერხება და ალბათ, კერვას დავიწყებ, კარგ რაღაცებს შევკერავ. ასევე შემიძლია ძიძად ვიმუშაო.
გუფი (გურამ მაკალათია)
- თუ ყველაფერს დავკარგავ და არანაირი შემოსავალი არ მექნება, ზუსტად ვიცი, გავალ და ქუჩაში დავუკრავ. ამას ახლაც დიდი სიამოვნებით გავაკეთებ, მაგრამ ამის დრო არ მაქვს. მინდა ქუჩის მუსიკა არსებობდეს ამ ქვეყანაში.
ზუკა ხუციშვილი
- ყველაფერს თუ დავკარგავ, მაქსიმუმს გავაკეთებ ცხოვრების თავიდან დასაწყებად. ამის მაგალითი ჩემთვის არის მამაჩემი, რომელიც რთულ 90-იან წლებში ოჯახისთვის ყველაფერს აკეთებდა. ბავშვობიდან ვუყურებდი, როგორ შეძლო მან ჩვენი ოჯახის გასაჭირიდან დახსნა. ზოგიერთი პროფესია საქართველოში რატომ არის სამარცხვინო, ვერ ვხვდები. ეს მენტალიტეტი გამოსასწორებელია. თუ გამიჭირდება, ავტოსამრეცხაოშიც ვიმუშავებ, სასტუმროშიც და მიმტანიც ვიქნები.
კოტიკო თოლორაია
- რომ ვთქვა, რამე განსაკუთრებულ სამსახურს და შემოსავალს დავკარგავთქო, მოგატყუებთ. 13 წლიდან ვმუშაობ, შრომა მაგრად მიყვარს და არაფრის კეთება არ არის ჩემთვის სამარცხვინო. არც ბარმენობა მეთაკილება, არც მიმტანობა და არაფერი. ზუსტად ვიცი, ზონდერი არ ვიქნები, ვერ ვიქნები ხალხის მწამებელი, ფულის გამო ვერ ვურტყამ და გავამწარებ ადამიანებს. სხვას ყველაფერს გავაკეთებ.
როგორც ცნობილია, საქართველოში სამუშაოს მიმართ სნობური დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს სათავეს. ალბათ დროა, ქართველებმაც გავიაზროთ, რომ შრომა სათაკილო არ არის და საქმის ნოლიდან დაწყება-ეს ბუნებრივი პროცესია.
წყარო: ამბები.გე