reportiori.ge - სოსო ცისკარიშვილი: ნურც გუნდურად წასვლას ითაკილებენ...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 22:10
ინტერვიუ
სოსო ცისკარიშვილი: ნურც გუნდურად წასვლას ითაკილებენ...
26 მაისი, 2014. 14:05


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ,  მინისტრთა კაბინეტში გადაადგილებებს ელოდებიან. მთავრობაში ამაზე ღიად არავინ საუბრობს, თუმცა სახელისუფლებო კულუარებში მინისტრთა შორის, იმ რამდენიმე „სუსტ რგოლს" ასახელებენ, რომლებიც არჩვენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტს დაემშვიდობება.


დავით დარახველიძე,  თამარ სანიკიძე, სოზარ სუბარი, გურამ ოდიშარია, ირაკლი ალასანია... - ეს იმ მინისტრთა ჩამონათვალია, რომელთა შეცვლაზე ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ.


რას ფიქრობს ზემოთჩამოთვლილ და არამარტო ზემოთჩამოთვლილ მინისტრებზე  „დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის" ხელმძღვანელი?

„რეპორტიორი"  სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.



-         ბატონო სოსო, მინისტრთა კაბინეტიდან, რომელ მინისტრს შეაფასებდით ყველაზე წარმატებულ მინისტრად?

 

-         თუ წარმატებული მინისტების ჩამოთვლას დავიწყებთ, პირველ რიგში ირაკლი ალასანიას მივიჩნევ ასეთად. მოვუსმინოთ NATO-ს ხელმძღვანელებს, ევროკავშირის ლიდერებს,  იგივეს მოისმენთ მათგანაც, რასაც მე ვამბობ. ის ყველაზე  გამოცდილი სახელმწიფო მოხელეა  არსებულ მთავრობაში.  ამდენი ხანი სამსახურში, არც ერთ მის კოლეგას არ უვლია.


-         ირაკლი ალასანიას განცხადებას - საქართველოში NATO -ს თავდაცვითი საშუალებების განთავსებასთან დაკავშირებით,  არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა... მთავრობაში ის გააკრიტიკეს და მიიჩნიეს, რომ მისი განცხადება ნაჩქარევი იყო...


-         ეს მთავრობის პრობლემა უფროა, ვიდრე ალასანიასი.  NATO-ს სამიტზე, ქვეყნის მინისტრი, რომელსაც არ გააჩნია საჰაერო თავდაცვა - ამ თემაზე უნდა საუბრობდეს დღეში 5-ჯერ!  თუ ამაზე არ ისაუბრა, აბა რისთვის მიდის ამ სამიტზე?  უსამართლოდ მივიჩნევ მის კრიტიკას, მით უმეტეს ისეთი პირებისგან, რომელთაც არასოდეს,არანაირი შეხება თავდაცვასთან არ ჰქონიათ. მისი კრიტიკა  იყო „ქართული ოცნების" ლიდერების პოლიტიკური გზავნილი - აბა ჰე! ახლა თუ არ გაკიცხეთ ალასანია, ისე ვერ დაგიჯერებთ, რომ ერთგული „მეოცნებეები" ხართო...

 

-         ბატონო სოსო, პენიტენციალური სისტემა, ამჟამინდელი  მთავრობის სუსტ წერტილადაც დარჩა. როცა სისტემაში  რაიმე ფაქტზე ხმაური იწყება, პარალელურად სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრს, სოზარ სუბარს აკრიტიკებენ და სისტემაში მიმდინარე პროცესებს მინისტრის სისუსტეს მიაწერენ... მანვე  განაცხადა, რომ რამდენიმეჯერ დაწერა განცხადება წასვლის შესახებ...


-         სოზარ სუბარს, ომბუცმენობიდან მოყოლებული, ისეთი კარგი რეპუტაცია გააჩნდა, რომ მას ბევრად უფრო წარმატებულ მინისტრად მოვიაზრებდით. მაგრამ, როცა მას არავინ ეკითხება, ვინ უნდა იყოს, იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც რეალურად განაგებს ციხეებს, როცა ამ კადრს პროკურორის ან მისი მოადგილის კანდიდატურა იკავებს, რასაკვირველი, მაშინ ის დაწერს  განცხადებას.

 

-         ის ფაქტი, რომ მას არ ეკითხებიან  სად-ის ხელმძღვანელის კანდიდატურის თაობაზე, სწორედაც მის სისუსტეზე ხომ არ მეტყველებს?


-         ასე არ არის, ეს ფაქტი ხელისუფლების მიერ წარმოებულ პოლიტიკურ ხინჯზე მიგვითითებს.

 

-         ბატონო სოსო, თვლიან, რომ  დევნილთა და ლტოლვითა სამინისტრო  ერთ-ერთი ის  სუსტი რგოლია, რომელმაც ვერ შეძლო არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება...

 

-         ვისაც მისი თანამდებობა შეშურდება, ჯანსაღი ფსიქიკა არ უნდა ჰქონდეს! მასზე უფრო ტრაგიკული ვითარებით მოცული გარემო არავის აქვს. დარახველიძეს აქვს თავისი საქმე, მაგრამ მის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის საჯარო.  ზოგადად, მინისტრი წარმატებულია მაშინ, როცა  თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. თუ მას თითოეული ნაბიჯის გადასადგმელად  სხვადასხვა ინსტანციის გავლა სჭირდება, მაშინ  ეს მინისტრის წარმატებაზე დადებითად ვერ აისახება.

 

 

-         კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ, გურამ ოდიშარიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია  მრავალჯერ გავრცელდა. სახელისუფლებო კულუარებში საუბრობენ, რომ  მისი ბედი გადაწყვეტილია და  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აღსრულდება....


-         ყოველთვის, ქართველებს,  მინისტრებად ისეთი ადამიანები წარმოგვედგინა, რომელთაც ყველაზე მაგრად შეეძლოთ მაგიდაზე მუშტის დარტყმა. ასეთი მინისტრი არ არის ოდიშარია და ვერც იქნება. ის არის უაღრესად კულტურული და ინტელიგენტი ადამიანი, მაგრამ პოეტი, მწერალი გარკვეულ სირთულეებს განიცდის, როცა მინისტრი ხდება. როგორც ჩანს, ვერ გაუწია შემთავაზებლებს შესაბამისი წინააღმდეგობა, მოლოდინი სულ სხვა იყო.


-         განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, თამარ სანიკიძესაც სუსტ მინისტრად მოიაზრებენ.  53-ე სკოლის სკანდალი,  სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნა, სადაც  სამინისტროს  მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზეა საუბარი, განათლების სამინისტროს   ინიციატივა, რომელიც სკოლებში ჰიპნოზის დანერგვას გულისხმობს, მანდატურის სამსახურის ბაზაზე  ფსიქოლოგიური ცენტრის შექმნა, სადაც ფსიქოლოგების მუშაობის პროცესი ვიდეო და აუდიოჩაწერას უნდა დაექვემდებაროს - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც სანიკიძეს აკრიტიკებენ...

 

-         სანიკიძე,  ერთადერთი მინისტრია, რომელიც მარგველაშვილის კადრად მოიაზრება. ვერ ვიტყვი, რომ სისტემაში რაიმე სახის რევოლუციურ ცვლილებებს აქვს საქმე, თუმცა საკმაოდ პრინციპული და გამტანი კადრი ჩანს.  მას, სხვებთან შედარებით ეტყობა, რომ  გააჩნია დამოუკიდებლობის ხარისხი. ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოახერხა, მისთვის მინისტრის მოადგილის საკუთარი კადრი მოეხვია თავს. 


სამინისტროს ბოლო წლების  პრობლემაა, რომ ვერ გაამართლა  თავისი მეორე სახელი - მეცნიერება. მეცნიერებას ვერ მოკიდა ხელი და ვერ გაუძღვა სანიკიძის რამოდენიმე წინამორბედი  მინისტრი.  მეცნიერება სამწუხრაროდ „მიიჯირყვნა".  სანიკიძემ ვერ ააღორძინა ეს დარგი.  მეცნიერება -  საქმეში ჩაუხედავს, ფუფუნებად ეჩვენება, ეს დამღუპველია.


-         ხუთეულში არ მოიაზრებენ, თუმცა ხშირად ხდება კრიტიკის საგანი იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი...


-         წულუკიანი,  ევროპაში მაღალი ავტორიტეტის მქონე იურისტია. ის, თავის საქმიანობაში უნიკალური ნიშნებით გამოირჩევა, მას სჭირდება სივრცე, სადაც  თავის შესაძლებლობებს გამოავლენს. წულუკიანს ახასიათებს  პრინციპულობა, მაგრამ მთავარია ამ პრინციპულობას ყავლი არ გაუვიდეს. ის ტელევიზიების ხშირი სტუმარი  იყო, ახლა ეს ვითარება შეცვლილია. არ გამოვრიცხავ, ეს პასიურობა გარკვეული იმედგაცრუების შედეგი იყოს. მგონია, რომ მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მოლოდინი  გაუცრუვდა.


-         შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ასაკი,  მინისტრის კრიტიკის საგანი გახდა...


-         არასერიოზული  გადაწყვეტილება იყო  ჭიკაიძის გამინისტრება!  მის ყველა ნაბიჯზე პასუხი უნდა აგოს ადამიანმა, რომელმაც ის დანიშნა. ვფიქრობ, რომ რაიმე დიდი წარმატების მომტანი ამ ახალგაზრდა კაცის სამომავლო კარიერისთვის, დღევანდელი თანამდებობა არ არის.  თუნდაც იმიტომ, რომ ის არა  მხოლოდ შს მინისტრია, არამედ ყოფილი „კაგებეს" თავმჯდომარეცაა (ფუნქციურად ეს ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი).


მას მოადგილედ ჰყავს ადამიანი, რომელმაც შექმნა შესანიშნავი ნაშრომი  „დაცული პოლიციელი - დაცული მოქალაქე", ბატონი იზორია, რომელიც  შს სამინისტროს  მოიხსენიებდა, როგორც „მონსტრს".  დღეს,  ეს ადამიანი ფერშეცვლილი და ოცნებაგამკრთალებულია და თვლის, რომ ამ საკადრო პირობებში არ არის აუცილებელი ამ „მონსტრის" რეორგანიზაცია. ეს „მონსტრი" კი  ამ გამოუცდელ ადამიანს ჩააბარეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დათვური სამსახური, ადამიანისთვის, რომელსაც შეეძლო უფრო მეტი სარგებელი მოეტანა ქვეყნისთვის, თუ შესაბამის თანამდებობაზე აღმოჩნდებოდა და საკუთარი კარიერული გზის საფუძველზე მოხვდებოდა იქ, სადაც ახლაა.


-         ბატონო სოსო, თუ ასაკზე და გამოცდილებაზეა საუბარი, მაშინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც ვერ ავუვლით გვერდს...


-         პრემიერ-მინისტრი ჩემი სუსტი წერტილია.... ვგულშემატკივრობ მას, როგორც ახალგაზრდა, წესიერ, პატიოსან ადამიანს. მას არ დაესიზმრებოდა თავი,  პრეზიდენტის, ან პრემიერ-მინისტრის სავარძელში. ის თავმდაბალი, გულისხმიერი და სამართლიანი ადამიანი იყო, სანამ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. მისი პერიოდული ბუნდოვანი განცხადებები, რომ ვიღაცებით არ არის კმაყოფილი და ვიღაცები უფრო ადრე წავლენ ვიდრე სხვები, მგონია რომ მისი აზროვნების გამოხატულება არ არის.


-         ბატონო სოსო, პოლიტიკოსსა და მის საქმიანობაში დამოუკიდებლობის ხარისხზე საუბრობდით...  რამდენად  ხედავთ საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვლის საქმიანობაში დამოუკიდებლობის ხარისხს?


-         ბიძინა ივანიშვილმა თავის შეცდომად აღიარა, რომ საზოგადოებას  გიორგი მარგველაშვილი შესთავაზა საქართველოს პრეზიდენტად, თუმცა ის არგუმენტები, რაც მან დაასახელა, ერთი-ორად ზრდის მარგველაშვილის, როგორც პოლიტიკოსის რეიტინგს.


მარგველაშვილმა  თანამდებობაზე მოსვლის  დღიდან  ამ დრომდე პერიოდი ივანიშვილის დარწმუნებას მოანდომა, რომ  - დიახ! გიორგი მარგველაშვილია პრეზიდენტი!  მას ეს დრო დასჭირდა საკუთარი თავის დასარწმუნებლადაც, რომ მას ძალუძს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.  მას აღმასრულებელ ხელისუფლებას  მკაფიოდ უპირისპირებენ.  მისი მოქალაქეობრივი ვაჟკაცობა და შინაგანი კულტურის გამოხატულებაა, როცა  არ ყვება ასეთ საკითხებს, ინტრიგებს..  დღევანდელ საკადრო სისტემას თუ თვალს გადავავლებთ, ჩვენ საუკეთესო პრეზიდენტი გვყავს!


-         რამდენად გუნდურად მუშაობს ამჟამინდელი მთავრობა?


-         ზოგადად  ამჟამინდელი მთავრობით კმაყოფილების ძირითადი მიზეზი  და მიზანიც, მათი  გუნდურობაა.  ნუ შევუშლით ხელს ამ გუნდს, მაგრამ თუ მიხვდებიან, რომ უჭირთ ქვეყნის მართვა, ნურც გუნდურად წასვლას ითაკილებენ.



P.S.  ახლო წარსულიდან გვახსოვს, როცა პირველ წლებში ახალმოსულ ყოფილ ხელისუფლებაზე გავიძახოდით - „ვაცალოთ ბატონო, ვაცალოთო..."  შემდეგ კი, როცა ხალხს მოთმინების ფიალა აევსო, თავად  ხელისუფლება გვეუბნებოდა „გვაცალეთ ბატონებო, გვაცალეთო..."

ამ ყველაფრის შედეგიც გვახსოვს...

წელიწადნახევარი ის დრო იყო, როცა საზოგადოებამ მთავრობას მუშაობა - აცალა. საზოგადოებაში პროტესტის გრძნობა პიკს აღწევს.   ამიტომაც, მთავრობის მთავარი სატკივარი  და საზრუნავი ახლა ის უნდა გახდეს, ამ გუნდით სურთ  არესებული რეალობის შეცვლა, თუ  გუნდს ისე გადაახალისებენ, რომ საზოგადოების ელემენტარულ და სანუკვარ ოცნებას, სამართლიანობის დამკვიდრების მოთხოვნის დაკმაყოფილებას მაინც შეძლებენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016