ევროპარლამენტის არჩევნებზე ევროპის ქვეყნებში სიმშვიდე, შეიძლება ითქვას, საზეიმო ვითარება სუფევდა. არ ყოფილა ცოცხები, მუშტი-კრივი და დედ-მამის სულის ტრიალი. საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ერთიც იყო, მეორეც და მესამეც. კიდევ უფრო მძიმე ვითარება გახლდათ უკრაინაში - იქ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებმა დაუნდობელი სისხლისღვრის ფონზე ჩაიარა.
ვითარება უკრაინაში წინასაარჩევნოდაც უკიდურესად დაძაბული იყო. უკვე „დამოუკიდებელ ყირიმის რესპუბლიკას" რომ თავი დავანებოთ, სამოქალაქო ომის გამო არჩევნების ჩატარება ვერ მოხერხდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ბევრ რაიონში. ვრცელდებოდა ინფორმაციები ათეულობით მოკლულისა და ასეულობით დაჭრილის შესახებ. ჯერჯერობით უცნობია, 35 მილიონი ამომრჩევლიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ფაქტობრივად რამდენმა მიიღო მონაწილეობა. წინასწარი მონაცემებით, პოროშჩენკომ ამომრჩეველთა ხმების 57 პროცენტი მიიღო, ტიმოშჩენკომ და ლიაშკომ, შესაბამისად - 12 და 8 პროცენტი. საინტერესოა, რომ პოროშჩენკოს თავისი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მიუღია - იგი სეპარატისტების წინააღმდეგ შეიარაღებული წინააღმდეგობის კამპანიას ხელმძღვანელობდა.
არჩევნებისას კალაშნიკოვის ავტომატიც საკმაოდ შთამბეჭდავი არგუმენტია.
ქართულ ნაციონალურ მოძრაობას უთუოდ სიამაყით აავსებს იმის გაგება, რომ 26 მაისს პოროშჩენკოსთან შესახვედრად კიევში თვით მიხეილ სააკაშვილი ჩაფრინდა. იმითაც შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ გავრცელებული ხმების მიხედვით, სააკაშვილი და ბენდუქიძე უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩევლები იქნებიან. მოკლედ, უკრაინას ბედი არ სწყალობს.
თუ ევროპარლამენტის არჩევნებზე საინტერესო ბევრი არაფერი მომხდარა, ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა ქართული წინასაარჩევნო კამპანია. მარტო თენგიზ გუნავას, ნაციონალური მოძრაობიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატის განცხადება რად ღირს - ნაცმოძრაობა სამეგრელოში აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან აქაურებს ჩვენი ნაკეთები საქმეები კარგად ახსოვთო!
ეტყობა, თენგიზ გუნავამ თვითონ არ იცის და ახლომახლო ვინმე ისეთი გულშემატკივარიც არ ჰყავს, სამეგრელოში ნაცმოძრაობის ნაკეთები საქმეების შესახებ რომ ჩუმად შეახსენოს და ისიც უთხრას, ახლა მხოლოდ იმ ადამიანების იმედი შეიძლება გქონდეთ, თქვენი მმართველობის პერიოდში ვისი სიბინძურეში ბოლომდე ჩათრევაც მოახერხეთო. ან ბატონ თენგიზს სამეგრელოც და დანარჩენი საქართველოც იდიოტებით დასახლებული ჰგონია.
გასულ კვირაში ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლომ მშვენიერი საჩუქარი უძღვნა ნაცმოძრაობას - უკანონოდ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რითაც ქუთაისის სასამართლომ თავის დროზე გიგი უგულავა თბილისის მერის თანამდებობიდან გადააყენა. ასე რომ, ბატონ „ნამერალს" აქვს თეორიული შანსი, არჩევნებამდე რამდენიმე საათით მაინც მშობლიურ კაბინეტში დაბრუნება მოასწროს.
იქნებ მეჩვენება, მაგრამ ბოლო წლების საქართველოში ნებისმიერი რანგის არჩევნებისას რატომღაც რომელიმე მომაკვდინებელი ინფექცია ვრცელდება. ამჯერად ეს გახლავთ მენინგიტის ვირუსი, რომელიც ყველაზე მეტად მცირეწლოვან ბავშვებს ემტერება. ჯანმრთელობისა და განათლების სამინისტროები, დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამსახურები მობილიზებულია. სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სწავლის პროცესი დროებით შეჩერებულია. ჭამის წინ და ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ ხელების დაბანის აუცილებლობაზე აგრესიული სააგიტაციო სამუშაო უკვე გაწეულია.
ქართულ მედიაში ძალიან გააქტიურდა მსჯელობა ბიზნესმენ ლევან ვასაძის ქართულ პოლიტიკაში შესაძლო გამოჩენის თაობაზე. ამ ხმებს თავად ბატონი ვასაძის პოლიტიკური განცხადებები უწყობს ხელს. შეძლებისდაგვარად გადავხედე მის ბოლოდროინდელ საჯარო გამოსვლებს (თუ ქართულ საინფორმაციო სააგენტოებს დაეჯერება) და მათი არსი ძალიან მოკლედ ასეთია: რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა; დამოუკიდებელი საერთაშორისო პოლიტიკის გატარება; მოქალაქეთა სოციალური პირობებისა და განათლების დონის ამაღლებაზე ზრუნვა; ეროვნული იდენტურობის შენარჩუნება; ევროკავშირისა და NATO-ს წევრობაზე ოცნებებისთვის თავის დანებება.
ვერაფერს ვიტყვით, მშვენიერი წინადადებებია.
და ერთი კიდევ მართლაც სასიხარულო ინფორმაცია: საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავჯდომარედ არჩეულია გრიგოლ (გიგი) გოგელია - ბრწყინვალე იურისტი, საერთოდ, ბრწყინვალე გონების უაღრესად წესიერი და განათლებული ადამიანი, უპარტიო, შესანიშნავი ოჯახის შვილი და შესანიშნავი ოჯახის მამა. მის მოადგილედ არჩეულია ასევე შესანიშნავი და უაღრესად კომპეტენტური ადამიანი, პროფესორი მარინა მუსხელიშვილი.
ჯონმა მოგვილოცა, ჯონმა!
26 მაისს დამოუკიდებლობის ჩუქების 23-ე წლისთავი ვიზეიმეთ. მთავრობამ პრეზიდენტ მარგველაშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ჯარისკაცებისგან ფიცის მიღების ნება დართო, თუმცა, ბოლომდე არც ახლა გაახარა და ჯარისთვის სიტყვით მიმართვის პატივი პრემიერ ღარიბაშვილს არგუნა.
საზეიმო ღონისძიებები სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების, სპორტული ღონისძიებების თანხლებით თბილისის გარდა საქართველოს ყველა დიდ ქალაქში გაიმართა. ამავე დროს, თბილისის რამდენიმე უბანში სხვა საზეიმო ღონისძიებებთან ერთად „ყვავილების დღესასწაულები"მოეწყო. მართლაც თვალწარმტაცი სანახაობა იყო!
რაც მთავარია, ასე მახლობელი ვაშინგტონიდან ვიცე პრეზიდენტმა ჯონ ქერიმ მოგვილოცა, თქვენ გენაცვალეთ, მააააგრა მიყვარხართ, ძმებო, ქართველებოო. რა თქმა უნდა, მოგვილოცა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამაც - თუ ჭკუით იქნებით, თქვენ რომ ბანაობთ, იმ აუზში წყალსაც ჩაგისხამთო.
სიყვარული და პატივისცემა გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც დაგვიდასტურა და შეგვახსენა, სანამ ევროკავშირთან ასოცირებულის სახელს დაირქმევდეთ, ცოტა ტვინი გაანძრიეთ და იფიქრეთ, ამას რა შეიძლება მოჰყვესო. ამ ამბავმა მე კი შემაფიქრიანა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებიდან ბატონმა ალექსი პეტრიაშვილმა ისეთი ტონით ისეთი შინაარსის პასუხი გასცა, გეგონებოდათ, პეტრიაშვილი ლავროვია და ლავროვი - ჩიორა თაქთაქიშვილიო. საწყალი ლავროვი ალბათ თავს ჩინეთთან ათწლიანი მოლაპარაკების დამთავრებით თუ ინუგეშებს - როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას შანხაიში პრეზიდენტ პუტინის მონაწილეობით ხელი მოეწერა 400 მილიარდი დოლარის ღირებულების საუკუნის შეთანხმებას რუსეთიდან ჩინეთისთვის გაზის მიწოდების თაობაზე. შეთანხმება 30 წელზეა გათვლილი. 1000 კბ.მ. რუსული გაზის ღირებულება და შეთანხმების სხვა დეტალები არ ხმაურდება.
შანხაის შეთანხმება ერთბაშად აუფასურებს დასავლეთის სანქციების თეორიას რუსეთისადმი. ეს რუსებმაც იციან. ამიტომაც სასწრაფოდ გაიყვანეს ჯარები უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებიდან (სამხედრო ჩარევის მუქარას აზრი აღარა აქვს!) და მოძმე სლავ ხალხს გაზის გადასახადი გაუორმაგეს.
საზეიმო დღეებში ცოტა უცნაური და მოულოდნელი ცნობა მივიღეთ ინგუშეთიდან - მდინარე ასას ხეობაში აღმოჩენილ გამოქვაბულში, შესაძლოა, თქვენი სახელოვანი მეფე თამარი განისვენებდესო. ამ ცნობას ქართველ მეცნიერებში მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანება არ გამოუწვევია. მათი მტკიცებით, ისტორიულად დადასტურებულია, რომ თამარი გელათში დაკრძალეს და მოგვიანებით წმინდა მიწაზე, იერუსალიმში გადაასვენეს.
დარიალის ტრაგედია
დარიალის ხეობაში გრძელდებოდა გზის გაწმენდისა და უგზოუკვლოდ დაკარგულთა ძებნის ოპერაციები. ექვსი დაკარგულიდან ორის გვამი ნაპოვნია. სამწუხაროდ, როგორც ჩანს ვითარება იმაზე რთულია, ჩვენ რომ წარმოგვიდგენია.
ამას მოწმობს ჩამოწოლილი მეწყერის მიზეზების შესახებ გასულ კვირაში რუსულ გაზეთ „ტრუდში" გამოქვეყნებული კოსმოსიდან დედამიწის დისტანციური ზონდირების ლაბორატორიის ხელმძღვანელის, პროფესორ ლევ დესინოვის ძალიან საინტერესო ინტერვიუ. ავტორიტეტული რუსი მეცნიერი დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს:
„ჩემს ხელთ არსებული მასალები საფუძველს მაძლევს დავასკვნა, რომ კატასტროფის მიზეზი გახდა თანდათანობით გააქტიურებული ყაზბეგის ვულკანი. კოსმოსიდან გადაღებულ ყაზბეგის მთის სურათზე, დაახლოებით 4 ათას 600 მეტრის სიმაღლეზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე ჩანს მთის ქანების კოლოსალური ნაპრალი, რომელიც მდინარე თერგისკენაა მიმართული. მთის ამ ფერდობის ზედაპირს ათას გრადუსამდე გავარვარებული მაგმა აწვება".
ლევ დენისოვის თქმით, მარადიული ყინულით დაფარული მთის ქანების გაცხელების გამო ნაპრალი თანდათან გაფართოვდა და მიწის უზარმაზარი მასა ჩამოიქცა. გაჩნდა ტრაპეციის ფორმის ხვრელი, რომლის ფსკერის ფართობი დაახლოებით 200 კვ.მ-ია, სიმაღლე - 400 და ზემო დიამეტრი - 100 მეტრი. მოწყვეტილი მთის ქანები ციცაბო კალთაზე დაეშვა და ჯერ ერთ-ერთ მყინვარს დაეჯახა, მერე ეს ქვა-ღორღიანი უზარმაზარი მასა კანიონით დაბლა დაეშვა, გზად დამატებით ყინულის მასები მიიტაცა და ბოლოს დევდორაკის მყინვარს დაენარცხა. რაც შემდეგ მოხდა, ეს უკვე დარიალის ხეობაში ვნახეთ.
„სიტუაციას მუდმივად ვაკონტროლებთ, ვთანამშრომლობთ ქართველ კოლეგებთან, თუმცა პოტენციური საფრთხე რჩება", - ამბობს რუსი მეცნიერი.
როგორც ლევ დენისოვი აცხადებს, „ამჟამად საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან კავკასიის მთავარი ქედის მეცნიერებისთვის საინტერესო ნაწილის ფოტოგრაფირება ვერ ხერხდება. ვსარგებლობთ რუსეთის სხვა თანამგზავრებით გადაღებული სურათებით, რომლებსაც დედამიწის ოპერატიული მონიტორინგის რუსეთის სამეცნიერო ცენტრს ვაწვდით.
ახალი სავარაუდო კატასტროფის გათვალისწინებით, აშშ-ის ეროვნულ კოსმოსურ სააგენტოსთან („ნასა") მიღწეულია შეთანხმება გადაღება მოხდეს ამერიკული თანამგზავრებიდანაც".
იმედია, ღმერთი არ გაგვწირავს.
გასულ კვირაში გრძელდებოდა კამათი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმომწერის დასადგენად. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, დოკუმენტზე ხელი პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს - ასე მოითხოვს კონსტიტუცია. პრემიერის განცხადებით, ხელს მოაწერს პრემიერი, რადგან... მოლაპარაკებებს უძღვებოდა საქართველოს მთავრობა. როგორც ჩანს, ასოცირების შეთანხმებაზე ხელმომწერის თემა უახლოეს მომავალში გადაიქცევა აშკარა განხეთქილების საბაბად პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მთავრობას შორის.
ესეც კიდევ ერთი ნანატრი საჩუქარი ნაცმოძრაობას!
მიხეილ დარახველიძე