ამ რამდენიმე დღის წინათ ხელში ჩამივარდა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის ესსეების წიგნი, რომელიც შარშან დაუსტამბავს გამომცემლობა „სიესტას“. წიგნში შეტანილ ერთ-ერთ ესსეში ზურაბიშვილი აღწერს ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსისა და პოეტის ბობ დილანის სტუმრობას საბჭოთა თბილისში. იგი დამცინავი, ირონიული ტონით წერს, თუ როგორ უწევდა მასპინძლობას ცოცხალ ლეგენდა ბობ დილანს ქართველი პოეტი რეზო ამაშუკელი. დიახ, ზურაბიშვილი თავის ესსეში ამაშუკელს აშკარად აბუჩად იგდებს და მასზე შაყირობს. ამ თემასთან დაკავშირებით „ასავალ-დასავალი“ ესაუბრება დიდ ქართველ პოეტ რეზო ამაშუკელს.
– ბატონო რეზო, უკაცრავად პასუხია, მაგრამ დავით ზურაბიშვილი თავის ესსეში სტრიქონებს შორის დაგცინით. მკითხველისათვის უფრო ნათელი რომ იყოს, რაზეა ლაპარაკი, მე ამ ესსედან ნაწყვეტებს წავიკითხავ. აი, მაგალითად: „...ვიხილე სრულიად წარმოუდგენელი რამ. ბობ დილანი, ეს ცოცხალი ლეგენდა, ვითომც არაფერი, ისე ზის დიდ ოვალურ მაგიდასთან, ერთ მხარეს თავისი შვილი, ახალგაზრდა ჯეიკობი უზის, მეორე მხარეს კი რეზო ამაშუკელი“. როგორ ფიქრობთ, რა იყო წარმოუდგენელი დავით ზურაბიშვილისათვის – ის, რომ ბობ დილანი თბილისში ჩამოვიდა თუ ის, რომ თქვენ იჯექით მის გვერდით? საერთოდ, მოგვიყევით, როგორ ჩამოვიდა თბილისში ეს მართლაც ცოცხალი ლეგენდა და როგორ დახვდით თქვენ მას?
– სანამ კითხვაზე გიპასუხებდეთ, ამთავითვე ვაცხადებ: დავით ზურაბიშვილი ჩემთვის არის მატლი, ჩვენ სხვადასხვა წონით კატეგორიას განვეკუთვნებით და მე ნამდვილად არ დავკარგავდი დროს მისი ესსეების წასაკითხად და მით უმეტეს, მასზე პასუხის გასაცემად, მაგრამ, რადგან ეს კრეტინი ასე ურცხვად ცრუობს და მკითხველს ატყუებს, იძულებული ვარ, შევეპასუხო.
ახლა რაც შეეხება ბობ დილანის სტუმრობას... მე მაშინ მწერალთა კავშირის წევრი არც ვიყავი, ჟურნალ „მნათობში“ ვმუშაობდი. მწერალთა კავშირის მდივანი იმ დროს იყო ვალერი ასათიანი, ცოცხალია და შეგიძლიათ ჰკითხოთ, რა როგორ მოხდა.
მოსკოვიდან პირადად მე დამირეკა ევგენი ევტუშენკომ და მითხრა, ბობ დილანმა ზედაც არ შემოგვხედა, ვერსაიდან მივუდექითო. ახლაც მახსოვს ჟენიას სიტყვები – „ვსია ნადეჟდა ნა ტებია“, – სიტყვასიტყვით ასე მითხრა. იქნება როგორმე დახვდე თბილისში ბობ დილანს და გაათბოო.
აი, ასე გამოგზავნეს ბობ დილანი მოსკოვიდან თბილისში პირადად ჩემთან. პირდაპირ ვაცხადებ, რომ იგი იყო ჩემი პირადი სტუმარი. ერთი კაპიკი არ დაუხარჯავს ბობ დილანის მასპინძლობაში არც მთავრობას, არც მწერალთა კავშირს და არც არავის, მას მე ვუმასპინძლე და პატივი ვეცი ჩემი პირადი ხარჯებით.
ბობ დილანს თბილისში ახლდნენ რობერტ ბლაი და ჯემს რიგანი, ასევე ახლდა თავისი საყვარელი, თავისი შვილი და დაცვა, სულ მთლიანობაში 8-9 კაცი იყვნენ, როგორც მახსოვს!
ბობ დილანი არის კაცი, რომელიც მხოლოდ 12 წუთით გაჩერდა ამერიკის პრეზიდენტის მიერ მის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე და თბილისში ჩემთან ერთად ქეიფობდა!
მეტსაც გეტყვით, ბობ დილანს ოდესაში თავისი ბებიის საფლავის მონახულება სურდა და მოსკოვიდან არ გაუშვეს...
– ამის შესახებ ზურაბიშვილიც წერს თავის ესსეში: „ბობ დილანს განზრახული ჰქონდა შვილთან ერთად თავისი წინაპრების მშობლიურ ქალაქ ოდესაში ჩასვლა და რახან საბჭოთა კავშირში პოეტების დელეგაციაც მიდიოდა, იმათ გამოჰყოლია. ასე მოხვდა თბილისში“.
– მაგ კრეტინ ზურაბიშვილს გადაეცით, რომ პირადად მე გავუშვი ბობ დილანი ოდესაში. დიახ, არ ვკითხე არც ცეკას, არც „კაგებეს“, არავის, ავუღე ბილეთი და გავუშვი. მეორე დღეს ისევ თბილისში დაბრუნდა და ხელებს მიკოცნიდა, ისეთი გახარებული იყო!
კიდევ ვიმეორებ, ჩემი პირადი სტუმარი იყო ბობ დილანი და ჩამოვთვალო ახლა, კიდევ რამდენი სტუმარი მყოლია ისეთი, ზურაბიშვილს რომ არც დაესიზმრება?!
– ზურაბიშვილი წერს, რეზო ამაშუკელმა ბობ დილანი კოლმეურნეობის მოედანზე, ტურტლიან სახინკლეში წაიყვანაო. აი, ციტატაც ესსედან: „...რეზო ამაშუკელი ექაჩება სადღაც ბნელ სარდაფში. გაგიჟდა თურმე, გადაადგა ფეხი, ადგილიდან არ იძვრის და არსად წამოვალო, ყვირის, მაგრამ ვინ ჰკითხავს დილანს? სულ კინწისკვრის ჩააგდეს სახინკლეში“.
– ისევ უსინდისოდ ტყუის ეს მატლი ზურაბიშვილი... ბობ დილანმა განმიცხადა, არ მინდა ფეშენებელური რესტორნები და ძვირადღირებული სერვისები, არ მაინტერესებს ასეთი რამ, სადმე უბრალო ადგილას წამიყვანეო. „ზაბეგალოვკას“ რომ ეძახიან რუსები, ასეთ ადგილას უნდოდა შესვლა, ამიტომ წავიყვანე კოლმეურნეობის მოედანზე სახინკლეში. მშვენივრად მიირთვა ხინკალი, ძალიან მოეწონა და კარგადაც ვიქეიფეთ.
ეგ ზურაბიშვილი რომ წერს, ზაზა ალექსიძე დაჰყვებოდა ამ დელეგაციას და მისგან ვიცი ეგ ამბებიო, მე არ ვიცი, ვინ არის ზაზა ალექსიძე. მახსოვს, რომ ვიღაც ახალგაზრდა, წესიერი კაცი გვახლდა, თუ არ ვცდები, თარჯიმანი იყო და თუ ის არის ზაზა ალექსიძე, მაშინ გამომეხმაუროს, დამელაპარაკოს, თვალებში ჩამხედოს და ისე თქვას, ვინ ამბობს მართალს – მე თუ ზურაბიშვილი?
თუ ბობ დილანს საქეიფოდ ძალით მივათრევდი, როგორც ეს კრეტინი ზურაბიშვილი წერს, მაშინ ის როგორ იყო, რესტორან „ქალაქურში“ უშველებელი სუფრა რომ გავუშალე და ნუგზარ ერგემლიძე რომ მობრძანდა იქ თავისი გიტარით. სულ ძალით დააწერინა ავტოგრაფი ბობ დილანს თავის გიტარაზე. აგერ არის ნუგზარ ერგემლიძე და ჰკითხონ!
პირდაპირ ვამბობ, მაშინდელ მწერალთა კავშირში არავინ მახსოვს, ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ფულის დახარჯვა რომ ჰყვარებოდა. ერთი იყო ჭაბუა ამირეჯიბი და მეორე – გიორგი ციციშვილი. ყველა სტუმარს მე ვმასპინძლობდი და ამიტომ ბობ დილანის მასპინძლობაც მე მთხოვეს.
ალენ გინზბერგი რომ ჩამოვიდა აქ და სუფრა გავუშალე, მერე იმ გაშლილ სუფრასთან მოვიდნენ ჩვენი ქართველი მწერლები და იტყლარჭებოდნენ იქა, პირის გაღება და დალაპარაკება არ შეეძლო არც ერთს.
– ზურაბიშვილი ასე ამთავრებს თავის ესსეს: „როდესაც ჩემს შვილებს ვუყვებოდი, თუ როგორ ვნახე ბობ დილანი მწერალთა კავშირში და როგორ მიათრევდა მას რეზო ამაშუკელი სახინკლეში, უცებ გავაცნობიერე, რომ ეს ამბავი უკვე ჩვენი ისტორიის ნაწილია“.
– ე.ი. ისტორიაში მოხვედრა უნდა ზურაბიშვილს... მთაწმინდაზე რესტორანში სუფრა რომ გავშალეთ, რობერტ ბლაიმ დაიჩოქა და მიწას აკოცა.
ბობ დილანმა საკუთარი დისკი მაჩუქა და წამიწერა – „გიგანტს – რეზ ამაშუკელს“. გაჭირვებას რა ვუთხრა, ცოტა ხნის წინ ვეძებდი იმ დისკს, ვიფიქრე, გავყიდი-მეთქი, ნამდვილად დიდ ფულად გაიყიდებოდა, მაგრამ ვერსად ვიპოვე, როგორც ჩანს, ვიღაცას ვაჩუქე, არც მახსოვს!
– როგორ ფიქრობთ, რაში დასჭირდა ზურაბიშვილს ასეთი ცინიკური ტონით ესსეს დაწერა?
– ამ კრეტინს უნდა, მე დამამციროს და თვითონ ისტორიაში მოხვდეს ბობ დილანთან ერთად, მაგრამ ეგ ისტორიაში მოხვდება მხოლოდ ხიდაშელთან და უსუფაშვილთან ერთად!
დიახ, ზურაბიშვილი მთელი თავისი რესპუბლიკური პარტიით შუაზე რომ გაიხეს, ჩემთან და ბობ დილანთან ერთად ვერასოდეს მოხვდება! წავიდეს ახლა და წეროს, რაც უნდა!
როგორც ვიცი, ეს ზურაბიშვილი საბურთალოზე იყრის კენჭს და საკრებულოში უნდა მოხვედრა. მე მოვუწოდებ ყველას, არ მისცეთ ხმა ამ გარყვნილ მატყუარას! ასეთი ჭიაყელების ადგილი საკრებულოში კი არა, სანაგვეზეა!
და კიდევ, ვაფრთხილებ დავით ზურაბიშვილს და პირდაპირ ასე დაწერეთ – სადმე თუ გადამეყრება, მეორე ფეხსაც მოვამტვრევ! მიფრთხილდეს! მე არავისთვის არაფერი მიპატიებია და არც მაგას ვაპატიებ!
ესაუბრა ჯაბა ხუბუა
გაზეთი „ასავალ-დასავალი“