reportiori.ge - ლევან ვასაძის ღია წერილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:06
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ლევან ვასაძის ღია წერილი
ავტორი:
27 მაისი, 2014. 15:04



ლევან ვასაძის ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მთავრობას, პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმრავლესობას და პრეზიდენტს ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ინიციაციის, კენჭისყრისა და დამტკიცების გამო

                              

ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისაჲ მის თავს-იდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.

მათე 6:24

 

ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.

კორ. 4:10

 

ბატონო პრემიერო, მთავრობის წევრებო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებო და ბატონო პრეზიდენტო!

 

ვთქვა, ძალიან ვწუხვარ-მეთქი, ამ წერილს რომ გწერთ, არ არის საკმარისი!

 

ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა ნაციონალურმა მოძრაობამაც კი ვერ გაუბედა ქართველ ხალხს, თქვენ აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულში მოახერხეთ მათთანვე შეხმატკბილებით.

 

ვნების კვირაში დიდ ოთხშაბათს დაიწყეთ, როდესაც იუდამ ქრისტე გასცა და ვარდობის თვეს დაამთავრეთ ეს შავი საქმე. და როდესაც სამშობლოს ვარდის სურნელი უნდა ასდიოდეს, თქვენ ნეხვის სურნელი აადინეთ საკუთარ სამყოფელს. ერთხმად მიიღეთ კანონი, რომელსაც ქართველი ერი ერთხმადვე უარყოფს და ამრიგად, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო ნაბიჯი გადადგით.

 

მიღებული კანონით თქვენ აუკრძალეთ ხალხს, გარყვნილებას გარყვნილება უწოდოს, არაკაცობას – არაკაცობა, ადამიანის ყველაზე სამარცხვინო ქცევა დაგმოს და დაემუქრეთ ხალხს ამისათვის ციხეში ჩაგდებით და მათი ქონებისა და საქმის ლიკვიდაციით.

 

თქვენ მიიტანეთ გაუგონარი იერიში საუკუნოვან საზოგადოებრივ წესზე, რომელშიც თავად იზრდებოდით, გააკეთეთ ეს რაღაც მოგონილი, ვითომ ევროპული ვაი-ღირებულებების დროშით, საცოდავი მორჩილებით შეასრულეთ ბრძანება უცხოეთიდან და არ გამოესარჩლეთ საკუთარი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ზნეობრივ ნორმებს.

 

ახლა კი კულუარულ საუბრებში აცხადებთ, რომ ეს ისე, ევროპის თვალის ასახვევად გააკეთეთ და რომ სინამდვილეში თქვენი გული თქვენს ხალხთან არის! თქვენ წახვალთ მაგ თქვენი ორი გულით, ეს კანონი კი დარჩება და უბედურებას დაატრიალებს ამ ქვეყანაში, თუ რამე არ ვიღონეთ ახლავე! თქვენი მოლოდინი, რომ ამ საფუძველზე აწი სიკეთეს ააშენებთ საქართველოში, განწირულია, რამეთუ: „ყოველმან რომელმან ისმინნეს სიტყუანი ესე ჩემნი და არა ყვნეს იგინი, ემსგავსოს იგი კაცსა ცოფსა, რომელმან აღაშენა სახლი თჳსი ქჳშასა ზედა. და გარდამოჴდა წჳიმაჲ, მოვიდეს მდინარენი, ქროდეს ქარნი და ეკუეთნეს სახლსა მას, და დაეცა. და იყო დაცემაჲ იგი მისი დიდ ფრიად“ (მათე 7:26-27).

 

თქვენ შეარცხვინეთ საქართველო მთელი 30-მილიონიანი კავკასიის წინაშე, სადაც მას ოდითგანვე ზნეობისა და ღირსების ლამპრად და ეტალონად აღიქვამდენ ჩვენი მოსაზღვრე ხალხები. და გააკეთეთ ეს არა ნამდვილი ევროპული ღირებულებების სანაცვლოდ, რომლებიც არის ქრისტიანული ღირებულებები, არამედ იმ ანტიჰუმანური, ოკულტისტური ძალების მონებით, რომლებიც რყვნიან და ღუპავენ ტრადიციულ ევროპას ბოლო წლებში და ანგრევენ იქ ოჯახსა და ღმერთის რწმენას. ამით თქვენ ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობას უდიდესი ზიანი მიაყენეთ მისთვის სასიცოცხლო რეგიონში, სადაც ტრადიციები და ოჯახური ზნეობა ზე-რელიგიური და ზე-ეროვნული ღირებულებაა, რომელიც ყველაფერზე დომინირებს.

 

არავის არ აქვს უფლება იმის ჩადენისა, რაც თქვენ ჩაიდინეთ. უკადრებელი აკადრეთ საქართველოს და არჩევანი აღარ დამიტოვეთ. მესმის, რომ ამ წერილით საკუთარ თავს ვავნებ, მაგრამ რა გაეწყობა. თქვენ ჩემზე გაწყერით, თქვენ კი სამშობლო გაგიწყრებათ ამ გაუგონარი საქციელისათვის.

 

მაგ ე. წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მიღებით თქვენ შეუერთდით იმ ე.წ. „განმანათლებლებს“, რომლებსაც აქვთ თავხედური პრეტენზია, ჩვენს უძველეს ერს ასწავლონ ქცევის ნორმები თავიდან. როდესაც თქვენ გზრდიდნენ თქვენი პატივცემული მშობლები, ნეტა ისინი თუ წარმოიდგენდნენ, რომ მათი შვილები საქართველოში მამათმავლური იდეოლოგიის საკანონმდებლო ინფილტრაციის დაწყების ინიციატორები გახდებოდნენ. და ნუღარ გვეტყვით, საქართველოში ადრეც იყო მიღებული ასეთი კანონებიო – ქართველ ხალხს მასეთი კანონებისათვის თანხმობა არასოდეს მიუცია და თუკი თქვენმა წინამორბედმა არაკაცმა ხელისუფლებმა ისინი ეშმაკურად შეაცურეს გატანჯული  ქართველი ხალხის ნების გარეშე, თქვენი მოვალეობა მათი აღმოჩენა და გაუქმება არის და არა მათი დამოწმება და უზნეობაზე უზნეობის დამატება. და როგორც თქვენ იშველიებთ ახლა იმ წინა კანონებს, ისე მოიშველიებენ ამ თქვენს უმსგავსო კანონს თქვენი პოლიტიკური შთამომავლები, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ეს კანონი კანონად დავტოვეთ.

 

იძულებული ვარ, მოგახსენოთ: ამ კანონის მიღებით თქვენ საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო საკანონმდებლო აქტის ავტორები გახდით, ისეთი რამ ჩაიდინეთ, რომ ართქმა საქართველოს ღალატს უდრის და რამდენიც გინდათ აწი იკატუნეთ თავი – ამას თქვენ მთელი ერი გეუბნებათ!

 

მე ერთხელ საჯაროთ ვთქვი თქვენს პოლიტიკურ მშობელზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილზე, რომ მას ორი ძეგლი ეკუთვნოდა: ერთი მიხეილ სააკაშვილის დესპოტური რეჟიმის მოშორებისათვის და მეორე – მისი საქვეყნო ქველმოქმედებისათვის. ამას ახლაც ვადასტურებ. მაგრამ ახლა თქვენ, ვინც მისი პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ დარჩით პოლიტიკაში, გეუბნებით: ყველას, ვინც მაგ საქმეში მონაწილეობდით, განურჩევლად თქვენი სტატუსისა, პირადი მიზეზებისა, ეკლესიისადმი დაბრკოლება იქნება ეს, შიში, ანგარება, თავის მოტყუება და სინდისის მიჩუმათება თუ ნებისმიერი პიროვნებისადმი სულელური მორიდება და მისი გაკერპება, განურჩევლად ზოგიერთ თქვენგანთან საჯარო ქებისა – ყველას გეკუთვნით ადგილი ერის სამარცხვინო ისტორიის გვერდზე. მაგრამ, ვაი რომ, თქვენ მაგავე გვერდზე მთელი ქვეყანა შეარცხვინეთ თქვენთან ერთად, რადგან ერთი კაცი არ მოინახა თქვენში, ვინც ამ ძალადობასა და მონობას წინ აღუდგებოდა!

 

თანაგიგრძნობთ ამ უბედურ მდგომარეობაში და მოგიწოდებთ, სანამ ქვეყანაში უბედურება არ დატრიალებულა, სასწრაფოდ გააუქმოთ თქვენივე ხელით ეს კანონი ან გადააკეთოთ იგი ხალხის ნებისამებრ: ამოიღოთ იქიდან გარყვნილების ლეგიტიმაციის ყოველგვარი ხსენება, როგორც არ უნდა გიბრძანებდნენ ამას უცხოეთიდან და აკრძალოთ გარყვნილობის პროპაგანდა საქართველოში. გაფრთხილებთ: წინააღმდეგ შემთხვევაში გელოდებათ ხალხის მხარდაჭერის დაკარგვა და საკუთარ ხალხთან დაპირისპირება.

 

მე, როგორც მოქალაქეს, მეტი არაფერი შემიძლია: საკუთარი მსხვერპლისა და საფრთხის ფასად ვთქვა სიმართლე. მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც მოხელე. მაგრამ თქვენ, შეხვედით რა მაგ სარბიელზე, მოიქეცით როგორც პიროვნებები, როგორც დაგვპირდით. ნუ გეშინიათ საკუთათრი აზრის და ღირსების დაცვისა, ნუ იქცევით ბრძანების ერთხმად შემსრულებელ მორჩილ უმრავლესობად, ტოტალიტარული ფსიქოლოგიის უბადრუკ ნატეხებად. თუ ეს არ შეგიძლიათ და თუ ერთხმად, როგორც ტოტალიტარული სისტემის წარმომადგენლები იღებთ კანონს, მაშინ როგორმე იმდენი მაინც ქენით, რომ ასახოთ საკუთარი ხალხის პოზიცია ამ და ყველა სხვა საკითხზე, ნუ უღალატებთ და ნუ მოატყუებთ საკუთარ ხალხს. და ნუ დაგეუფლებათ გარდუვალობის პლებეური სინდრომი, ნუ დანებდებით მატყუარა მტერს, მას არაფერი შეუძლია, თუ ჩვენ ერთად დავდგებით.

 

ნუ ინუგეშებთ სინდისს იმის თქმით, სამაგიეროდ აწი კარგ საქმეებს გავაკეთებთო – ქვეყნის ზნეობის ღალატს ვერაფრით გადაწონით, ვერც ქართველების ცოტა მეტად გაძღომით და ვერც ვიზების გაუქმებით უცხოეთთან, რომც შეძლოთ ეს.

 

თუ ასეთი წერილის საფასურად ჩემი დაცინვა, მიამიტ რეტროგრადად და შავრაზმელად შერაცხვა ან ჩემი მოძულება არის აჭირო თქვენი ჯგუფისაგან, არ დავეძებ, დაე, ასე იყოს, ოღონდ ჩემი ქვეყნის ტრადიციასა და ზნეობას ნუ ავნებთ.

 

ღმერთმა გიშველოთ თქვენს დანარჩენ მოღვაწეობაში. ჩვენთვის ცნობილია, მაგ იდეოლოგიის ავტორთა ტაქტიკა, რომელსაც აწი გაგაცნობენ გარედან ნაწილ-ნაწილ: ახლა ეცდებიან, ეს კანონი რამდენიმე წელი არ აამუშაონ და მიაჩუმათონ, მერე თქვან, ხომ ხედავთ, არაფერი ხდებაო და ამით მისი მოწინააღმდეგეების დისკრედიტაცია მოახდინონ და ნელ-ნელა შეაჩვიონ ხალხი უზნეობას. ამ კანონის შემდეგ, გავა წლები და მოითხოვენ მამათმავალთა ქორწინების უფლებას, მერე შვილის აყვანისას და მერე სკოლებში შევა პოლიცია და მშობლებსა და მასწავლებლებს უბრძანებს, თქვენსა და ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს არ უთხრან საკუთარი სქესი და დაიცვან მათი ე.წ. „უფლება“ ამ სქესის თავად არჩევისა ზრდასრულ ასაკში. ასე მოხდა ყველგან, სადაც ეგ „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ მიაღებინეს, რადგან ეს კანონი პროგრამის ნაწილია, ასე იქნება საქართველოშიც, თუ არაფერს შევცვლით, რასაც არ უნდა გვპირდებოდნენ ამჟამად ამ პროგრამის ავტორების დაქირავებული პროპაგანდისტები. იმ დროისათვის თქვენი სახსენებელიც აღარ იქნება პოლიტიკაში და პასუხისმგებლობა აღარავის მოეკითხება, არც შემპირებელს და არც შეპირებულს. თუ დავაცალეთ, ყველაფერ ამას იზამენ განსაკუთრებით წამყვანი ქართული ტელეარხების მეშვეობით, რომლებიც მთლიანად არიან წალეკილი უზნეობის დიქტატურის მაფიოზურ აბლაბუდაში და ქვეყანას მეტ ზიანს აყენებენ ბოლო წლებში, ვიდრე თვით პოლიტიკოსებც კი. თქვენ კი, თუ ძალაუფლება შეგრჩათ ამ სისტემაში, მოგიწევთ, მთელი თქვენი დანარჩენი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რაღაც საქმეებით ეცადოთ, ოდნავ მაინც გააბათილოთ ეს მავნებლობა ქვეყნის წინაშე, რათა ნაწილობრივ მაინც ჩამოირეცხოთ ეს სირცხვილი. მოგიწევთ, ევედროთ ამ უზნეო ტელევიზიებს, რომ საქმეები დაგიფასონ და ხალხს აჩვენონ თქვენი სიკარგე. და ჩვენ, როგორც ყოველთვის, ყველანი დაგიყენებთ და დაგიდგებით გვერდში ნებისმიერ კარგ საქმეში, მაგრამ აწი, რაც არ უნდა აკეთოთ, ვერანაირი კარგი კანონი და კეთილი საქმე ვერ გადაწონის იმ ღალატს, რაც ჩაიდინეთ.

 

ამიტომ, თქვენივე ოჯახებისა და შვილების მომავლისათვის მოგიწოდებთ – გააუქმეთ და გადააკეთეთ ეს კანონი ისე, როგორც ეს ეკადრება საქართველოს, მის ღირსებასა და წესიერებას. აჩვენეთ ქვეყანას გულწრფელი ქტრისტიანული სინანული და ის შეგინდობთ თქვენს შეცდომას. ნუ გაჯინიანდებით, ნუ გაავდებით, ნუ გაებრიქებით თქვენივე ქვეყნის წესებსა და ტრადიციებს, ნუ ასწავლით ჭკუას თქვენს ქვეყანას და ქრისტიანობას – თქვენს ეკლესიას, ნუ დაიყრუებთ თავს, ნუ ირწმუნებთ მხოლოდ ხილულს, ნუ დაამყარებთ თქვენს იმედს მხოლოდ ნივთიერზე, ნუ შეგეშინდებათ ნურაფრისა ღვთისა და საკუთარი ხალხის გარდა და ნებისმიერ განსაცდელში გამარჯვებულები გამოხვალთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გელოდებათ სირცხვილი და იმ თქვენს მოწინააღმდეგეებზე დამგვანება და ჩახუტება, რომლებსაც ასეთი გაშმაგებით და რიხით ებრძოდით და რომლებსაც ამ კანონის მიღებისას ჩაეხუტეთ ასეთი სამარცხვინო ერთსულოვნებით, როგორც ეს ვითომ დამოუკიდებელმა მმართველმა ჰეროდემ და დამპყრობლის წარმომადგენელმა პილატემ გააკეთეს ჭეშმარიტების ჯვარცმისას.

 

ამ დღეებში ჩვენმა ერმა პირველი მოციქულის ანდრიას დღე იზეიმა, რომელმაც პირველ საუკუნეში საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა და ქრისტიანულ ცივილიზაციას ჩაუყარა აქ საფუძველი. ქართველმა ხალხმა მაშინვე მიიღო ჭეშმარიტება, ხოლო მის მთავრებს კიდევ სამასი წელი დასჭირდათ, რათა ხალხის ნება გაეგოთ, სანამ წმინდა მირიანი და ნანა არ მოევლინებოდნენ საქართველოს, რათა წმინდა ნინოს სიტყვა დაეჯერებინათ. თქვენ არა გაქვთ ეგ სამასი წელი, ქვეყნის განსაცდელი ახლოს არის და მისი მოწევნა ჩვენს ქვეყანაზე თქვენი უპასუხისმგებლო ნაბიჯის შედეგი იქნება. გამოასწორეთ თქვენი შეცდომა, სანამ დრო გაქვთ!

 

ქრისტესთან ერთად საქართველოს აღდგომის იმედით,

ლევან ვასაძე

 

 

 

 

გაზეთი „კვირის ქრონიკა“

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016