საქართველოს პარლამენტის, გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გია ცაგარეიშვილი „რეპორტიორთან“ საუბრისას, „ხუდონჰესთან“ დაკავშირებულ, ყოფილი ხელისუფლების მიერ განუხორციელებელ გეგმაზე საუბრობს.
მისი თქმით, აღნიშნული გეგმა საზოგადოების უმეტესობისთვის დღემდე უცნობი იყო...
- მე გეტყვით - რა გეგმა ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას „ხუდონჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ბევრმა არ იცის, პირველი ჟურნალისტი ხართ, ვისაც ამას ვეუბნები - ხაიშელი სვანების ავტომატის ლულის ქვეშ აყრა და მათი - ლაზიკაში, ჭაობზე აშენებულ კორპუსებში ჩასახლება უნდოდათ. ასე აპირებდა სააკაშვილის ხელისუფლება სვანებისთვის ეგზეკუციის მოწყობას.
-ბატონო გია, უტყუარი ინფორმაციაა?
-100%-იანი ინფორმაცია მაქვს, დადასტურებული. მაგრამ საჯაროდ ვერ ვიტყვი - საიდან. გადაწყვეტილი ამბავი იყო.
-რომელ წლებზეა საუბარი?
-2009-2010 წლების გეგმაა. იმ პერიოდის, როცა „ხუდონჰესის“ ინვესტორის მოძიება დაიწყო.
-როგორ გგონიათ, ამ გეგმას, „ავტომატის ლულის ქვეშ მოსახლეობის აყრას“ - განახორციელებდა ყოფილი მთავრობა?
-ვერ მოასწრეს ამ გეგმის განხორციელება. ივანიშვილმა მოუსწრო. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ გააკეთებდნენ! ხალხისთვის განკუთვნილ ინვესტორის მიერ გამოყოფილ კომპენსაციას ჯიბეში ჩაიდებდნენ და ხალხს გამოყრიდნენ.
-რა მოჰყვებოდა ამას შედეგად, როგორ წარმოგიდგენიათ?
-ამას მოჰყვებოდა სამოქალაქო დაპირისპირება, ასე იოლად არ შეეგუებოდნენ სვანები.
-რა ხდება ამ ეტაპზე „ხუდონჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, რა დროისთვის უნდა ველოდოთ მშენებლობის გაგრძელებას?
- სანამ ნებართვა არ არის გაცემული, „ხუდონჰესის“ მშენებლობა არ განახლდება. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, ინვესტორს და ენერგეტიკის სამინისტროს, შენიშვნების 106 პუნქტიანი დოკუმენტი მიაწოდა. არ ვიცი, რა სტადიაზეა ამ შენიშვნების გამოსწორება, როგორც მეუბნებიან, ძალიან ბევრი რამ, ამ 106 შენიშვნიდან გაზიარებულია ენერგეტიკის სამინიტროსა და ინვესტორის მიერ.
-რამდენად გამოსწორებადია ნუსხაში ასახული შენიშვნები?
-ეს არის შენიშვნების ურთულესი დოკუმენტი, საუბრია ეკონომიკურ მომგებიანობაზე, სოციალურ საკითხზე – რომელიც წინა პლანზე წამოვიდა და უკან დარჩა ეკონომიკური მხარე. წინა პლანზეა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების საკითხები. მათი ასე, ერთი ხელის მოსმით გამოსახლება არ შეიძლება. მოსახლეობის აყრა - არ არის მარტივი საქმე.
-ეს 106 პუნქტიანი შენიშვნების ნუსხა, ხომ არ არის სახელმწიფოს მიერ მომზადებული ხელოვნური ბარიერი - ჰესის მშენებლობის გასაგრძელებლად?
-ინვესტორისგან ოპტიმისტური ინფორმაცია მაქვს, როგორც ამბობენ, ისინი ყველა შენიშვნას გამოასწორებენ. ამ დროისთვის, ჩვენ არ გვინახავს დოკუმენტი, რომელიც ინვესტორმა უნდა წარმოადგინოს. მას მიეცა ერთწლიანი ვადა, უკვე გასულია 5 თვე. წლის ბოლომდე უნდა დაასრულონ.
P.S. გარემოს დამცველთა შეფასებით „ხუდონჰესის“ პროექტი უხეშად შეწყვეტილი მშენებლობაა, რომლის არსებული სახით დატოვებაც საფრთხეს შეიცავს. მათივე თქმით, პროექტის კონსერვაციასაც ათობით მილიონი ლარი სჭირდება.
ასე, რომ თუ ჩვენ ჰესის მშენებლობის საკითხი შეწყვეტას დაექვემდებარება, ხელისუფლებას ახალი საზრუნავი გაუჩნდება - რა უყოს არსებულ ტერიტორიას? როგორც ჩანს, მოსახლეობის პრობელმა, ისევ პრობლემად დარჩება.