თემაზე "ადრეული ქორწინების პრევენცია - გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის" ღონისძიების ორგანიზატორთა ცნობით, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, ისევე, როგორც მოლდოვას (19%) და თურქეთს (14%). არსებული სტატისტიკით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% დაქორწინდა 18 წლის შესრულებამდე. ადრეული ქორწინების საკითხი სახალხო დამცველის 2012 და 2013 წლების ანგარიშებში აისახა. გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით კი 2013 წელს ჩატარდა ადრეული ქორწინების შესახებ სიტუაციური ანალიზი, გამოიკვეთა პრობლემები და შემუშავდა რეკომენდაციები.
"საზოგადოებისა და მთავრობების მოვალეობაა, ხელი შეუწყონ მოზარდი გოგონების განვითარებას, მათ შორის, ადრეული ქორწინების პრევენციის გზით. მხოლოდ განათლებულ და ჯანმრთელ გოგონებს ექნებათ შესაძლებლობა სრულად განავითარონ თავიანთი პოტენციალი, იყოლიონ ჯანმრთელი შვილები, ჰქონდეთ ჰარმონიული ოჯახი და სასურველი პროფესია. განათლებული, ჯანმრთელი ქალი თავისი შესაძლებლობებით არის სასიკეთო ცვლილებების მომტანი ძალა ოჯახისათვის, თემისა და მომავალი თაობებისათვის", - აცხადებს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება დაიშვება 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება მშობლების ან მზრუნველის თანხმობით. ადრეული ქორწინებისას, 16 წლამდე ასაკში, ქორწინება არ რეგისტრირდება.
წყარო: ambebi.ge