თბილისის ფოტოფესტივალი 5 წლის იუბილეს განსხვავებული ფორმატით აღნიშნავს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, „Tbilisi Photo Festival"-თან დაკავშირებით, მწერალთა სახლში დღეს პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც გაუძღვებიან Tbilisi Photo Festival-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ნესტან ნიჟარაძე, Tbilisi Photo Festival-ის მთავარი კურატორი გურამ წიბახაშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნების სამმართველოს უფროსი ხათუნა კიკვაძე, ლიტველი ფოტოგრაფი რიმალდას ვიკსრაიტისი, ლიტვის ფოტოგრაფთა ასოციაციისა და კაუნასის ფოტოგალერიის დირექტორი გინტარას ჩესონისი.
სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისის ფოტოფესტივალი 5 წლის იუბილეს განსხვავებული ფორმატით აღნიშნავს და წელს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სოციალურ პროექტებს ანიჭებს. თბილისის ფოტო ფესტივალის სოციალური პროექტი „ნამდვილი სამყარო", რომელიც გამოფენასა და ვორქშოფებს აერთიანებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ამასთან, 29 მაისს, 19:00 საათზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება ბრიტანელი ფოტოგრაფის, „მაგნუმის" სააგენტოს წევრის და ამჟამინდელი პრეზიდენტის, თანამედროვე ფოტოგრაფიის ვარსკვლავის - მარტინ პარისა და ლიტველი ფოტოგრაფის - რიმალდას ვიკსრაიტისის ერთობლივი გამოფენა - „ნამდვილი სამყარო". გამოფენა 14 ივნისამდე გაგრძელდება.
ფოტოფესტივალის სოციალური პროექტის ეგიდით, 30, 31 მაისს და 1-ელ ივნისს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჩატარდება ფოტოვორქშოფები, სადაც ისინი ფოტოგრაფიის საფუძვლებს თეორიულად და პრაქტიკულად შეისწავლიან. ვორქშოფს ლიტველი ფოტოგრაფი რიმალდას ვიკსრაიტისი გაუძღვება. პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოები გახდება იმ მულტიმედიური პროექტისა და დოკუმენტური ფილმის ნაწილი, რომელიც ვორქშოფის მიმდინარეობის 3 დღეს აღბეჭდავს. ფილმს თბილისის ფოტოფესტივალისა და „რადიო თავისუფლების" პარტნიორობით გადაიღებენ.
ასევე კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვორქშოფის ფარგლებში თეორიული და პრაქტიკული სამუშაოების გარდა, დაგეგმილია მოგზაურობა აღმოსავლეთ საქართველოში, გასეირნება და გადაღება ძველ თბილისში, ვიზიტები გამოფენებსა და კინოგადაღებებზე. ასევე, ფოტოფესტივალის სოციალური პროექტის ეგიდით, ეტლით მოსარგებლეთათვის ლიტერატურის მუზეუმის ცენტრალურ შესასვლელთან იგეგმება პანდუსის დამონტაჟება.
"რიმალდას ვიკსრაიტისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ლიტველი ფოტოგრაფია, რომელიც 1971 წლიდან მუშაობს საავტორო ფოტოგრაფიაში. საერთაშორისო აღიარება 2008 წელს მოიპოვა, როდესაც მარტინ პარმა - ცნობილმა ბრიტანელმა ფოტოგრაფმა მისი ნამუშევრები აღმოაჩინა და ფოტოგრაფიის პრესტიჟულ ჯილდოზე წარადგინა. 2009 წელს თანამედროვე ფოტოგრაფიის წრეებში სრულიად უცნობი ლიტველი ფოტოგრაფი არლის ფესტივალის (საფრანგეთი) სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. დღეს რიმალდას ვიკსრაიტისი ლიტვური ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე თვითმყოფად ავტორად არის აღიარებული და მისი წარმატება შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების მოტივირების ბრწყინვალე მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ", _ განმარტავენ სამინისტროში.
მათივე განცხადებით, გამოფენა "ნამდვილი სამყარო" თანამედროვე ფოტოგრაფიის ვარსკვლავის, პრესტიჟული ფოტოსააგენტოს "Magnum Photo"-ს წევრისა და პრეზიდენტის მარტინ პარის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლიტველი ფოტოგრაფის რიმალდას ვიკსრაიტის ერთობლივი პროექტია. "გამოფენა აერთიანებს მარტინ პარის ფოტოებს, რომელიც მან უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა დასასვენებელ ადგილას გადაიღო (ეს მარტინ პარის ყველაზე ცნობილი ფოტოსერიაა) და რიმალდას ვიკსრაიტის ფოტოსერიას, რომელზეც მისი მშობლიური ლიტვური სოფლის რეალობაა აღბეჭდილი. სიურეალიზმის ნიშნების მქონე რეალობის "ხატის" შექმნა ლიტველი ფოტოგრაფის არტისტული ნოუ ჰაუა.
Tbilisi Photo Festival 2014-ის ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით გაიმართება