„ექსპო ჯორჯიის" მე-11 პავილიონში 29 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XVI საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. საქართველოს საგამომცემლო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც 1997 წლიდან ტარდება.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, ფინანსური მხარდამჭერები კი, საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია.
ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ წლევანდელი ფესტივალი უცხოელი სტუმრების სიმრავლით გამოირჩევა. ფესტივალის ორგანიზატორების მოწვევით თბილისს ფესტივალის სპეციალური სტუმარი, ნორვეგიელი მწერალი ერლენდ ლუ ეწვევა.
გამომცემლობა „პალიტრა L", წიგნის ფესტივალზე ტრადიციულად, განსაკუთრებული აქციებით წარსდგება. პირველად თავის ისტორიაში გამომცემლობა ფესტივალის სტუმრებს წიგნების მრავალრიცხოვან ჩამონათვალზე 75%-მდე ფასდაკლებას შესთავაზებს. წიგნების სერიებს კი რომლებიც პრესასთან ერთად განსაკუთრებულ ფასად იყიდება, გამომცემლობა ფესტივალზე აქციის ფასად წარადგენს.
წიგნის თაროები 100 წიგნისთვის ფესტივალზე სპეციალურ საფესტივალო ფასად 99 ლარად გაიყიდება. ეს თაროები შექმნა გამომცემლობა „პალიტრა L"-მა სერიისთვის 50+1+49 - 100 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. მის შექნაში, შემდეგ კი არჩევაში მკითხველმა თავად მიიღო მონაწილეობა.
წიგნის თაროს პრეზენტაცია 29 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება. 1 ივნისს, 13.30 საათზე კი, ჟურნალ „საბავშვო კარუსელის" ღონისძიება ჩატარდება, რომელიც სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა და იქნება კიდევ ბევრი სიურპრიზი.